Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიზისის ანატომია სოხუმსა და თბილისში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი აფხაზეთში შექმნილი სახელისუფლებო კრიზისის მოგვარების შესაძლებლობა ჯერჯერობით კვლავ ბუნდოვანია. იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთის უზენაესი

სასამართლო, ბოლოს და ბოლოს, შეუდგა 3 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვას, საეჭვოა, თუნდაც სასამართლოს გადაწყვეტილებამ პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრას შეუწყოს ხელი. „აფხაზეთში ტოტალური უნდობლობის ატმოსფეროა,“ - აცხადებს სერგეი ბაღაფშის მხარდამჭერი შტაბის წევრი ნათელა აკაბა. მინდა გესაუბროთ სახელისუფლებო კრიზისის ანატომიაზე.

საპროტესტო აქციების ფონზე, აფხაზეთის უმაღლესი სასამართლო განიხილავს პრეზიდენტობის კანდიდატის რაულ ხაჯიმბას სარჩელს, რომლითაც ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების გაუქმებას ითხოვს. უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ხაჯიმბას ადვოკატის თემურ გორამუზიას შუამდგომლობა მოსამართლე გიორგი აკაბას აცილების თაობაზე: მოსარჩლე მხარის განცხადებით, მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს, რადგან მისი და ნათელა აკაბა სერგეი ბაღაფშის მხარდამჭერი შტაბის წევრია. თავად ნათელა აკაბას განცხადებით, დღეს ხაჯიმბას მომხრეებს არავის ნდობა არა აქვთ - არც უზენაესი სასამართლოსი და არც პარლამენტის. დღეს აფხაზეთში შექმნილ ატმოსფეროს იგი „ტოტალურ უნდობლობად“ აფასებს.
ტოტალური უნდობლობის ატმოსფეროში ძალზე ძნელი იქნება ისეთი გადაწყვეტილების გამოტანა, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს დააკმაყოფილებდა. ამ ფონზე საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება 20 ოქტომბრის გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის“ ცნობა, რომლის თანახმადაც, რამდენიმე დღის წინ სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მედვედევი სერგეი ბაღაფშს და რაულ ხაჯიმბას შეხვდა. ამავე გაზეთის ცნობით, კრემლი მზად არის მხარი დაუჭიროს სერგეი ბაღაფშს, თუ იგი პრემიერ-მინისტრის პოსტს არა ალექსანდრე ანქვაბს, არამედ მოქმედ პრემიერს ხაშბას შესთავაზებს.
ხაშბა, ანქვაბის ნაცვლად - არის კი ეს კრიზისის მოწესრიგების გზა? ალბათ, არა, რადგან, საყოველთაო აღიარებით, ბაღაფშის გამარჯვება მეტწილად იმ ფაქტორმა განსაზღვრა, რომ მას მხარს ალექსანდრე ანქვაბი უჭერდა, რომელსაც, წინასაარჩევნო დაპირებებით, ბაღაფშის გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის პოსტი უნდა დაეკავებინა.
მოხსნის თუ არა საქართველოს ხელისუფლებაში შექმნილ კრიზისს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას შეთავაზება, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ სატელევიზიო დებატები მოეწყოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია ის, რომ მმართველ პარტიაში არსებული კრიზისის წარმომჩენი კატალიზატორის როლი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტმა შეასრულა. 20 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე ზურაბ ჟვანია სწორედ ამ საკითხის გარკვევას ცდილობდა - პარლამენტის მხრიდან ბიუჯეტის პროექტის დაწუნება კრიზისის შედეგია თუ შიდა ინტრიგების გამოძახილი:
[ ზურაბ ჟვანიას ხმა] „ თუ ლაპარაკია რაღაც ინტრიგებზე - მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ მე არ ვაპირებ ამგვარ ინტრიგებში მონაწილეობას. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ პარლამენტში საკმარისზე მეტია ის დეპუტატი, რომლისთვისაც სახიფათოა ჩვენი რეფორმების გაგრძელება, ეს უნდა დაფიქსირდეს. უნდა ვთქვათ, რომ სერიოზული კრიზისია და უნდა შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ თითოეულმა ჩვენგანმა, პრეზიდენტმა და თავად პარლამენტმა.“
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის რომან გოცირიძის აზრით, საბიუჯეტო დებატები მთავრობასა და პარლამენტს შორის სრულიად ნორმალური პროცესია:
[რომან გოცირიძის ხმა ] „ მე არა მგონია, რომ პარლამენტი უნდა იყოს კანცელარიის კანონშემოქმედი კანცელარია. პარლამენტს აქვს თავისი ფუნქცია. რაც შეეხება დებატებს, რაც დღეს პარლამენტსა და მთავრობას შორის არის, ეს ძალიან ჯანსაღი პროცესია, ვინაიდან პარლამენტი ასრულებს თავის ფუნქციას და მთავრობაც, მე მგონი, კარგად იცავს თავს. თუმცა უკეთესი იქნებოდა, თავდაცვის პოზაში არ ჩამდგარიყო. ამისთვის კი აჯობებდა უკეთესი ბიუჯეტის მომზადება.“
დებატებს საკუთარი პარტიის რიგებში სახელმწიფო ბიუჯეტის ავკარგიანობის თაობაზე ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტიც, რომლის ვარაუდითაც, აზრთა გაზიარების შედეგად, პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს აუცილებლად დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG