Accessibility links

logo-print

მძიმე დანაშაულობათა სტატისტიკა და კრიმინოგენური ვითარება საქართველოში


წინამორბედისაგან განსხვავებით, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ პირველი დღეებიდანვე რეალურად გამოუცხადა დაუნდობელი ბრძოლა კრიმინალურ სამყაროს.

თუ ოფიციალურ პირთა განცხადებებს დავუჯერებთ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საპყრობილეში აღმოჩნდა თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი დამნაშავე. ციხეები გადაჭედილია სხვადასხვა ყაჩაღური დაჯგუფებების წევრებითა და კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეებით. მაგრამ საკითხავია, გაუმჯობესდა თუ არა, ამ რადიკალური ღონისძიებების შედეგად, კრიმინოგენური ვითარება საქართველოში და განსაკუთრებით მის დედაქალაქში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის ერთი მეოთხედი ცხოვრობს. ჩემ მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა მოკვლევამ ცხადყო, რომ ოფიციალური მონაცემები და მოსახლეობის განწყობა აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

მეორე კვირაა საქართველოს დედაქალაქის საკრებულოში ამაოდ ელიან შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის მიმართაც დეპუტატებს ბევრი შეკითხვა დაუგროვდათ. საკრებულოს მცირერიცხოვან ოპოზიციას აინტერესებს, თუ როგორ მიმდინარეობს რეფორმები პოლიციის სტრუქტურებში და რამდენად ეფექტურად წარმოებს ბრძოლა დედაქალაქში კრიმინოგენური ვითარების გასაუმჯობესებლად. საკრებულოს წევრის “რესპუბლიკური პარტიიდან” პაატა ზაქარეიშვილის ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელსაც ქალაქის დეპუტატის ოფიციალური არხებით მიღებულს უწოდებს, წინა წელთან შედარებით, ყველა მიმართულებით თავს იჩენს ვითარების გაუარესების ტენდენცია:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “2003 წელს, 9 თვის მონაცემებით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული იყო 1289, აქედან გახსნილი იყო 920, ანუ 72 პროცენტი, რაც საკმაოდ მაღალ პროცენტად ითვლება. ხოლო 2004 წლის 9 თვის მონაცემებით, 2905 განსაკუთრებით მძიმე დანაშაული დაფიქსირდა და ეს მარტო დედაქალაქში. აქედან მხოლოდ 935 საქმე გაიხსნა. “

ნიშანდობლივია, რომ შარშან შევარდნაძის ეპოქასთან ერთად დასრულდა ხმაურიანი საჯარო თავყრილობები, რომელიც წელიწადში ორჯერ დანაშაულთან ბრძოლის შედეგების შეჯამებასა და ხმამაღალ განცხადებებს ეძღვნებოდა. ახლა დანაშაულის სტატისტიკას თავად შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული ანალიტიკური განყოფილება აწარმოებს. ამ განყოფილების უფროსი ნოდარ ბიძინაშვილი ადასტურებს, რომ საერთო დანაშაულის რაოდენობამ იმატა, მაგრამ, ამავე დროს, ირწმუნება, რომ, თუ პოლიციის რიგების შემცირებას გავითვალისწინებთ, სტატისტიკა მაინც დამაიმედებელია:

[ნოდარ ბიძინაშვილის ხმა] “საერთო დანაშაულის ზრდა არის, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ უნდა შედარდეს ორი საკითხი: ბოლო სამი თვის, ანუ როცა მოხდა რეორგანიზაცია-შემცირება, და ექვის თვის შედეგები. რომ შევადაროთ 9 თვის და ექვსი თვის შედეგები, გარკვეული უკეთესობა, შემცირებისა და რეორგანიზაციის მიუხედავად, არის.”

საქართველოში კრიმინოგენური ვითარების გარკვეულ გაუმჯობესებაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი თეა თუთბერიძე, თუმცა მისთვის მიუღებელია ის ფორმები, რითაც დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოებს:

[თეა თუთბერიძის ხმა] “იმის ხარჯზე, რომ ეს კრიმინოგენური მდგომარეობა შემცირებულიყო, ბევრი ადამიანი, ვინც დაკავებულია, სამწუხაროდ, არ არის დაკავებული იმ კონკრეტული დანაშაულობებისთვის, რომელსაც ისინი სჩადიოდნენ.”(სტილი დაცულია)

მაგრამ რას ფიქრობენ კრიმინოგენური ვითარების შესახებ თავად თბილისის მოქალაქეები? ქალაქის ცენტრში ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, რომ ამ პრობლემის მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულებაც განსხვავებულია: ერთნი ფიქრობენ, რომ კრიმინალურ სამყაროს ახლა უფრო მეტი შიში აქვს და ბოლო ერთი წლის განმავლობაში უფრო უსაფრთხო გახდა ცხოვრება:

[მოქალაქეთა ხმა] “ახლა უფრო ეშინიათ, სიგლახის გაკეთების უფრო ეშინიათ.” “ყველაფერზე ვგრძნობთ, რომ არის წესრიგი... ღამით ვერ გახვიდოდი, ახლა კიდევ ეს პატრულები რომ არის, მუშაობენ და კარგი ისაა.” (სტილი დაცულია)

მეორენი კი ფიქრობენ, რომ, ხმაურიან დაპატიმრებათა მიუხედავად, ვითარება უცვლელია:

[მოქალაქეთა ხმა] “ჩემი აზრით, ყველაფერი ისევ ისეა. არა, მაგ მხრივ, ეხლა კი იჭერენ ბევრ ხალხს, მაგრამ, პირადად ჩემი აზრით, ყველაფერი ისევ ისეა.” “რეალური სტატისტიკური მონაცემები არა მაქვს, რასაკვირველია.”

დაბოლოს, ერთი საყურადღებო დეტალი: კრიმინოგენური ვითარების შესახებ აზრის გამოკითხვას რესპუბლიკის მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან, ვაწარმოებდი. და არც ერთ ჩემს რესპონდენტს, საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნათა მიუხედავად, მოედნის მეორე მხარეზე გადასვლის დროს მიწისქვეშა გადასასვლელით არ უსარგებლია.
XS
SM
MD
LG