Accessibility links

logo-print

არასამთავრობო ორგანიზაცია რუსეთის ხელისუფლებას არმიის სრული დემორალიზაციის საფრთხეზე მიუთითებს


ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოტჩი" აცხადებს,

რომ ახალწვეულთა ჩაგვრისა და შეურაცხყოფის "ტრადიციას", იგივე "დედოვშჩინას" რუსეთის ჯარში ყოველწლიურად ათასობით ახალწვეულის სიცოცხლე ეწირება. "ჰიუმან რაიტს უოტჩის" ახალი ანგარიში ემყარება საგულდაგულო კვლევასა და საუბრებს ახლანდელ და ყოფილ ჯარისკაცებთან. არასამთავრობო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ რუსეთის ჯარი სრული დემორალიზაციისა და დეგრადაციის საფრთხის წინაშე დგას.

სიტყვა "დედოვშჩინა" ბარბარიზმად შევიდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნის ენაში. ეს არაჯანსაღი ტრადიცია ამ ქვეყნების სამხედრო სისტემაში, სამწუხაროდ, კვლავ რჩება. ახალწვეულებს უფრო სტაჟიანი სამხედრო მოსამსახურეების, ე.წ. "დედების" მხრიდან სავალდებულო შეურაცხყოფის პერიოდის გავლა დღესაც უხდებათ. ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ "დედოვშჩინას" ჯარისკაცთა სიცოცხლე ადრეც ეწირებოდა, მაგრამ ახლა რუსეთის არმიაში ამ მიზეზით სიკვდილიანობის შემთხვევები გაიზარდა. დღეს რუსეთის არმიაში არსებულ ვითარებაზე გესაუბრებით, რადგან სწორედ ამ საკითხს ეძღვნება არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოტჩის" ანგარიში. ახალწვეულთა შეურაცხყოფა და დაშინება რუსეთში მხოლოდ საწყისი ეტაპის, ე.წ. მისასალმებელი ცერემონია აღარ არის, ეს უკვე სისტემის ნაწილი გახდა. "ჰიუმან რაიტს უოტჩის" წარმომადგენელი მოსკოვში დიდერიკ ლომანი ამბობს:

[ლომანის ხმა]
"წვევამდელი ორ წელიწადს მსახურობს. პირველ წელიწადს ისინი დაშინების მსხვერპლნი არიან, მეორე წელიწადს კი ისინი თავად შეურაცხყოფენ სხვებს. ძალადობის ასეთი ციკლის მამოძრავებელი ძალა შურისძიების სურვილია. ერთადერთი, რის გამოც წვევამდელებს პირველი წლის მანძილზე შეუძლიათ სხვებისგან შეურაცხყოფის ატანა არის პერსპექტივა იმისა, რომ ამის საკომპენსაციოდ, მომდევნო წელიწადს ისინი წვევამდელთა ახალ ნაკადზე იმავე სახის ძალადობსა განახორციელებენ".

რუსეთის არმიაში ყოველ წელიწადს 800 ათას ახალგაზრდას იწვევენ. პირველი 12 თვის მანძილზე, როგორც "ჰიუმან რაიტს უოტჩის" ანგარიშშიც არის აღწერილი, ისინი ფაქტობრივად მონებად ყავთ: სძალავენ ფულს, პირად ნივთებს, საჭმელს, ავალებენ ამა თუ იმ საქმის გაკეთებას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. დაუმორჩილებლობა ცემითა და დამცირებით ისჯება. რუსეთის სამხედრო სისტემაში არსებული ვითარება: იმავე სურსათითა და აუცილებელი ნივთებით ცუდი მომარაგებაც "დედოვშჩინის" სისტემას კიდეც "ახალისებს". ამასვე ემსახურება დისციპლინის შესუსტებაც არმიაში. შეძლებული მშობლები ყველა ღონეს მიმართავენ, რომ შვილები ჯარში სამსახურისგან იხსნან, ამიტომ რუსეთის არმიაში უღარიბესი ახალგაზრდები მსახურობენ. ბევრ მათგანს ჯარში წასვლამდეც აქვს ჩადენილი ესა თუ ის დანაშაული. ამ პრობლემის არსებობას რუსეთის თავდაცვის სამინისტროც აღიარებს. გასულ წელს გაწვეულთა 40 პროცენტს საშუალოსკოლადამთავრებულები შეადგენდნენ. მათ ნახევარს ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა. 2002 წლის წვევამდელებს თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა "ნარკომანიით, ფსიქოლოგიური პრობლემებით შეპყრობილი, ცუდად გამოკვებილი საბრალოთა ნაკადი" უწოდა.

ტატიანა ზნაჩკოვა 1989 წელს დაარსებული "ჯარისკაცთა დედების კომიტეტის" მოსკოვის ოფისს ხელმძღვანელობს. ამ ორგანიზაციის მიზანი სამხედროთა დახმარებაა. კომიტეტი იურიდიულ დახმარებას უწევს იმათაც, ვინს უსასტიკესი პირობების გამო დეზერტირად იქცა. ზნაჩკოვამ "რადიო თავისუფლებას" უთხრა:

[ზნაჩკოვას ხმა]
"ხანდახან გვიწევს საუბარი ოფიცერთან, რომლის ნაწილშიც "დედოვშჩინის" არსებობის მიზეზი არმიაში უმართავი ჯარისკაცების მისვლაა. ასეთი ოფიცრის მიმართ სიბრალულის გრძობაც კი გიჩნდება. ის ამბობს, რომ არ გააჩნია ასეთ ჯარისკაცებზე ზემოქმედების ბერკეტები. ისინი ჯარში კი არ უნდა გაიწვიონ, ციხეში უნდა ჩასვან. ის ფაქტობრივად დამნაშავეა."

"ჯარისკაცთა დედების კომიტეტის" მონაცემებით რუსეთის არმიაში არსებული ვითარების გამო ყოველ წელიწადს 4000 წვევამდელი იღუპება. ამ სტატისტიკას არ ეთანხმება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და აცხადებს, რომ წელს შევიწროებისა და დაშინების გამო რუსეთის ჯარში 25 ჯარისკაცი მოკლეს, 60-მა კი თავი მოიკლა.

რუსეთის არმიის სიღატაკეზე მიუთითებს ინციდენტი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა: გაიყინა ერთი ჯარისკაცი, 50 კი ფილტვების ანთების დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ სამხედროებმა ერთი დღე არქტიკულ ზონაში, მაგადანის რაიონში შესაბამისი თბილი ტანსაცმლის გარეშე გაატარეს. ამის გამო პრეზიდენტმა პუტინმა გამოძიების ჩატარებაც კი ბრძანა. თუმცა, სწორედ ამაში ხედავს პრობლემას "ჰიუმან რაიტს უოტჩიც". დიდერიკ ლომანი ამბობს, რომ ცალკეული გამოძიებული საქმეების მიღმა რჩება ბევრი გამოუაშკარავებელი შემთხვევა:

[ლომანის ხმა]
"რუსეთის მთავრობის პოლიტიკის პრობლემა არის ის, რომ წლების მანძილზე ჯარში ძალადობის პრობლემას ის ცალკეული, არასისტემური ღონისძიებებით უპირისპირდებოდა. საჭიროა უფრო სტრუქტურული მიდგომა. პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობამ სისტემური ნაბიჯები უნდა გადადგას. არის ბევრი მსგავსი შემთხვევაც – შეიძლება ნაკლებად თვალშისაცემი, ვიდრე მაგადანის შემთხვევა იყო, მაგრამ ისინი არსებობს და პუტინი მათზე არაფერს ამბობს, სდუმან სხვებიც".

"ჰიუმან რაიტს უოტჩი" რუსეთის ხელისუფლებას სამხედრო მოსამსახურეთა ომბუდსმენის პოსტის შემოღებას ურჩევს. რუსეთში მოღვაწე უფლებადამცავებს კი მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ წვევამდელებს შრომა-გასწორების კოლონიების პატიმართა მსგავსად ეპყრობა, ძლიერი არმიის ყოლის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.
XS
SM
MD
LG