Accessibility links

logo-print

აქვს თუ არა საქართველოს მთავრობას სახელფასო პოლიტიკა


საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში ხელფასების მოცულობასთან დაკავშირებით პარადოქსული ვითარებაა შექმნილი. და თუ, სახელდობრ, როგორი,

ამას თვალნათლივ ასახავს თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელის თეა თუთბერიძის სიტყვები:

[თეა თუთბერიძის ხმა] ”პროკურატურაში ლიფტიორს უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე უშიშროების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსს.”

ამ პარადოქსს 20 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთი უჩვეულო გადაწყვეტილება შეემატა: სააკაშვილმა თბილისის აეროპორტში მომუშავე მესაზღვრეებს ხელფასები თითქმის 10-ჯერ გაუზარდა.

არაორდინარული, მოულოდნელი და ეფექტური გადაწყვეტილებების მოყვარულმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 20 ოქტომბერს კიდევ ერთი ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და თბილისის აეროპორტში მომუშავე მესაზღვრეებს ხელფასების 500 ლარამდე გაზრდას დაჰპირდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ხელფასი აქვთ 79 ლარი ხელზე. 79 ლარი როცა გაქვს, ეს ხომ საჭმელზეც არ გეყოფა. ამიტომ მე ვთქვი, რომ ხელფასები გაიზრდება იქ, მინიმუმ, საპატრულო პოლიციის დონეზე - 400 ლარი და ზემოთ - და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა, როცა ამას უყურებს მასწავლებელი, ისმება კითხვა: რატომ ეზრდება მარტო აეროპორტის მუშაკს?...”

ეს კითხვა არამარტო მასწავლებელს, არამედ სხვა მესაზღვრესაც გაუჩნდება, რადგან პრეზიდენტის მოწყალება მხოლოდ აეროპორტში მომუშავე მესაზღვრეებს შეეხო და არა მათზე გაცილებით მძიმე პირობებში მყოფ ლარსისა თუ შატილის სასაზღვრო პუნქტების თანამშრომლებს.

საქართველოს ხელისუფლების სახელფასო პოლიტიკა რომ სპონტანურ გადაწყვეტილებებს ეყრდნობა, ეს საქართველოს 2005 წლის ბიუჯეტის კანონპროექტიდანაც კარგად ჩანს. ამ პროექტის შესწავლის დროს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ თენგიზ შერგელაშვილმა, აი, რა აღმოაჩინა:

[თენგიზ შერგელაშვილის ხმა] ”ქვემო ქართლის რაჭის რწმუნებულს აქვს რაღაც ფუნქციები მიცემული. ვისაც ფუნქციები აქვს მიცემული, იმას არ უწერია, მინიმალური ხელფასი 115 ლარი იყოსო. ვისაც 115 უწერია, იმას ფუნქციები არ უწერია. სამცხე-ჯავახეთს არც ის უწერია, არც ეს...”

საქართველოს მთავრობას რომ სახელფასო პოლიტიკა არ გააჩნია, ამას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ცნობილი ეკონომისტი ლადო პაპავაც აღიარებს. თუმცა ამაში დამნაშავედ მიიჩნევს არა ერთიან გუნდს, მინისტრთა კაბინეტს, არამედ ერთ კონკრეტულ პიროვნებას - ეკონომიკის მინისტრ კახა ბენდუქიძეს:

[ლადო პაპავას ხმა] ”არა მარტო სახელფასო პოლიტიკა, არამედ ეკონომიკური პოლიტიკაც ჩამოყალიბებული არ არის, რადგანაც ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ მიმართულებით მუშაობაზე უარი განაცხადა. სწორედ ამიტომ პრეზიდენტს უხდება, სადაც ნახავს მნიშვნელოვან ფრაგმენტს ჩვენი საზოგადოებრივი მოწყობისა, იქ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.”

აი, ამ მიზეზით ახსნა ლადო პაპავამ პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილება აეროპორტში მომუშავე მესაზღვრეთა ხელფასების გაზრდის შესახებ.
XS
SM
MD
LG