Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ემიგრანტები საქართველოში ფულს სწრაფი გზავნილების სისტემით გზავნიან


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი თანხების ხარჯზე საქართველოში ბევრი ოჯახი ცხოვრობს. გადარიცხვების უდიდესი ნაწილი, როგორც წესი,

ე.წ. სწრაფი გზავნილების სისტემებზე მოდის. რა სისტემებს იყენებენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები და რა ოდენობის თანხები ირიცხება?

მძიმე სოციალური ფონის გამო ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოდან, სხვადასხვა მონაცემებით, მილიონზე მეტი ადამიანი წავიდა. ემიგრირების ძირითადი მოტივაცია ამ ადამიანებისათვის სოციალური სიდუხჭირე და შესაბამისი ანაზღაურების მქონე სამუშაო ადგილების არარსებობაა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ემიგრაციის უდიდესი ნაწილი, როგორც წესი, თავისი პროფესიის მიხედვით ვერ ახერხებს მუშაობას და მათი სოლიდური ნაწილი ამა თუ იმ ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობს, მათ მიერ გამომუშავებული თანხები საქართველოში ანალოგიურ სამუშაო ანაზღაურებას რამდენადმე აღემატება. საქართველოში დარჩენილი ოჯახების არცთუ მცირე ნაწილი სწორედ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ოჯახის წევრების ხარჯზე ცხოვრობს. ქართველი ემიგრანტები ფულს სხვადასხვა ხერხით გზავნიან ოჯახებში, თუმცა ამ გადმორიცხვების დიდი წილი ისევ ე.წ. სწრაფი, ანუ ელექტრონული, ანგარიშსწორების სისტემებზე მოდის. თუმცა, ამ მეთოდით გამოგზავნილი თანხების გარდა, არის ჩვეულებრივი საბანკო გადარიცხვები და ტრანსფერტები, უბრალოდ, ნაღდი ფულის სახით. შესაბამისად, იმ თანხის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა, რომელიც საქართველოში ირიცხება, გაძნელებულია, თუმცა ფაქტია, რომ იგი ოფიციალურად დაფიქსირებულ თანხებზე გაცილებით მეტია.

ოფიციალური მონაცემებით, ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების მეშვეობით 2004 წლის პირველ სექტემბრამდე უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში სულ 155 მლნ. აშშ დოლარზე მეტი ჩაირიცხა, ხოლო ჩვენი ქვეყნიდან უცხო სახელმწიფოებში 20 მლნ. დოლარი გადაირიცხა.
საქართველოში სწრაფი ფულადი გზავნილების ბაზარზე ყველაზე პოპულარულად კვლავინდებურად „უესტერნ იუნიონი“ რჩება.
2004 წლის რვა თვეში აღნიშნული სისტემის მეშვეობით უცხოეთიდან 61 მლნ. აშშ დოლარი ჩაირიცხა, ხოლო ჩვენი ქვეყნიდან უცხო სახელმწიფოებში „უესტერნ იუნიონით“ 11 მლნ. დოლარი გადაირიცხა. ამ სისტემის პოპულარობა მისი სწრაფი და საიმედო სერვისით აიხსნება. ამასთან, „უესტერნ იუნიონი“ ყველაზე ძველი სისტემაა და იგი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე სწრაფი გზავნილების სისტემის პოპულარობას მათი სიმარტივით, დროის დაზოგვით და წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორებით ხსნის:

[გიორგი ცუცქირიძის ხმა] „ვინ იღებს ამ სწრაფ გზავნილებს საქართველოში? ეს, ძირითადად, არის გაჭირვებული, დაბალშემოსავლიანი ფენა, რომლისთვისაც ისეთი ტერმინები, როგორიცაა საბანკო ანგარიში, საბანკო ურთიერთობები, ცოტა რთულია გასაგებად. მათი კონტაქტი საბანკო დაწესებულებებთან შემოიფარგლება ერთჯერადი ქმედებებით, მაგალითად, ამ თანხის თვეში ერთხელ აღებით.“

„უესტერნ იუნიონს“ პოპულარობით არ ჩამოუვარდება შედარებით ახალი სისტემა „ანელიკი“, რომლის მეშვეობითაც წელს საქართველოში უცხოეთიდან 49 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხა გადმოირიცხა.

სწრაფი გზავნილების სისტემებიდან ასევე ფართოდ გამოიყენება “მანი გრამი” და “კავკაზუს ექსპრესი”. თუმცა, თუ საქართველოდან ბოლო წლებში ემიგრირებული მოსახლეობის ოდენობით ვიმსჯელებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ, ოფიციალურ საბანკო გადარიცხვებთან შედარებით, უცხოეთიდან საქართველოში ნაღდი ფულის შემოტანის მეთოდი ჯერ კიდევ პოპულარულია.
XS
SM
MD
LG