Accessibility links

logo-print

თბილისობა - ისევ საპატიო თბილისელები


დავით პაიჭაძე, თბილისი 22 ოქტომბრიდან საქართველოს დედაქალაქში იწყება თბილისობა, რომელიც, წლევანდელი პროგრამით, გარდამავალი პერიოდის დღესასწაულს წარმოადგენს.

ერთი მხრივ, ორგანიზატორებმა უარი თქვეს თბილისობის ძველ პრინციპზე - “პური და სანახაობა”; პური, ანუ საჯარო ღრეობები, გამორიცხეს, სამაგიეროდ, სანახაობის ხვედრითი წილი გაზარდეს. მეორე მხრივ, დღესასწაულის სანახაობრივი ასპექტი ითავსებს როგორც ძველ, კომუნისტების დროინდელ, ისე სრულიად ახალ კომპონენტებს. “ძველ”, ანუ კომუნისტების პერიოდში საფუძველჩაყრილ, ღონისძიებებს განეკუთვნება საპატიო თბილისელების დასახელება; ახალი კი, უწინარესად, მაინც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხელოვნების ფესტივალია, რომელიც თბილისის ქუჩებშიც და დარბაზებშიც გაიმართება.

საპატიო თბილისელების დასახელება თბილისობის დღესასწაულის იმთავითვე განუყრელი ნაწილი იყო. იმთავითვეს ვამბობთ, თორემ პირველად ეს სულ 25 წლის წინათ მოხდა - სწორედ მაშინ, 1979 წელს, ჩატარდა პირველი თბილისობა. საპატიო თბილისელობის პატივი მაშინ 4 პიროვნებას მიაგეს. ესენი იყვნენ: მხატვარი ლადო გუდიაშვილი, სოციალისტური შრომის გმირი, მჭედელი კონსტანტინე ილურიძე, რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი სუსანა ჩიქოვანი და აკადემიკოსი აკაკი შანიძე. ასეთი თანაფარდობა - ერთი ქალი და ერთიც მუშათა კლასის წარმომადგენელი კომუნისტურმა ხელისუფლებამ მომდევნო, 1980 წლის, თბილისობაზეც შეინარჩუნა. იმხანად საპატიო თბილისელის წოდება ებოძათ: სახალხო არტისტ ვერიკო ანჯაფარიძეს, პოეტ-აკადემიკოს ირაკლი აბაშიძეს, აკადემიკოს ნიკო კეცხოველსა და მე-14 ტრესტის მშენებელთა ბრიგადის ხელმძღვანელს, სოციალისტური შრომის გმირს ვალერიან ჭელიძეს. ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე ირაკლი აბაშიძემ გაზეთ “კომუნისტში” გამოაქვეყნა ლექსების ციკლი, სადაც ასეთ სტრიქონებსაც ამოიკითხავდით, დაკავშირებულ კომუნისტური აღმშენებლობის მე-11 ხუთწლედთან: “დასრულდა შენი ათი ხუთწლედი, შენი სიცოცხლის ხუთი ათწლედი”. დღევანდელი გადასახედიდან კარგად შეფარულ ირონიად მოსჩანს…

წელს საპატიო თბილისელთა კანდიდატურების დასახელება შეეძლო ყველას - ფორმალურ და არაფორმალურ ჯგუფებს, პიროვნებებს, ორგანიზაციებს… მერიის მრჩეველთა საბჭოს 22 კანდიდატზე მოუწევს მსჯელობა. ესენი გახლავან: გერმანელი ქველმოქმედი კარლ კოხი, რომის ოლიმპიადის ჩემპიონი რობერტ შავლაყაძე, მოჭიდავე რამაზ ნოზაძე, გიორგი სხირტლაძე, ჟურნალისტი მანანა ლომაძე, კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი, იაკობ ქიტესოვი, ერთადერთი მეარღნე თბილისში, შვიდკაცას დამფუძნებელი და წევრი ვანიკო მაჭავარიანი, ეფრაიმ გური, რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი, ონკოლოგი გია ჭკუასელი, კომპოზიტორი შალვა დავითაშვილი, სამეფო უბნის თეატრის ხელმძღვანელი მერაბ თავაძე, გულამ საჰიბ ღაირაითი, ავღანეთის წარმომადგენელი საქართველოში, მწერალი ჯემალ აჯიაშვილი, თენგიზ კახიძე, არქიტექტორი ვახტანგ დავითაია, მემოდელე აბრამ ბაზელი, ბიზნესმენი გოგი თოფაძე, ნანტის მერი ჟან მარკ ერო, აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე, დიზაინერი ლელი ხვედელიძე.

თბილისის მერის სამდივნოს უფროსი ნინო გაბრიაძე საპატიო თბილისელის წოდების შესახებ ამბობს, რომ “ეს არის მხოლოდ მორალური ჯილდო”. არავითარ პრივილეგიას ეს წოდება არ გულისხმობს. საპატიო თბილისელებს 24 ოქტომბერს სასტუმრო კოპალაში, ფორაქიშვილების ისტორიულ დარბაზში, დაასახელებენ.
XS
SM
MD
LG