Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 562-ე გამოშვება.

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ "მეათე სტუდიას". ჩვენი რადიოჟურნალის დღევანდელ, 562-ე გამოშვებაში ძირითადად ხელოვნების სხვადასხვა დარგზე ვისაუბრებთ. თუმცა, არც პოლიტიკას დავივიწყებთ: რადიოჟურნალის პირველი სიუჟეტი შეერთებული შტატების მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება; ამის შემდეგ ვეცდებით გავარკვიოთ, ვინ არის ილია ჭავჭავაძე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის?; დავინტერესდებით, როგორი თბილისი ენატრება კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილს, რომელიც 21 ოქტომბერს საპატიო თბილისელად დაასახელეს; გიამბობთ ჯაზის ლეგენდაზე, პიანისტ არტ ტეიტუმზე; "მეათე სტუდიის" სტუმარი კი დღეს კიდევ ერთი პიანისტია - ამერიკაში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი მუსიკოსი ლექსო თორაძე. რადიოჟურნალს პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

მოსაზრებები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

დავით კაკაბაძე:
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2 ნოემბერს გაიმართება, დიდ ინტერესს იწვევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. რა გავლენას მოახდენს ამერიკელი ხალხის არჩევანი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ურთიერთობებზე საქართველოსათან? რა განაპირობებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს? ამ საკითხების გარშემო ჩვენი თბილისელი კოლეგა გიორგი კაკაბაძე ესაუბრა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტს ალექსანდრე რონდელსა და საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარეს აკაკი ასათიანს.

გიორგი კაკაბაძე:
როგორც ერთი, ისე მეორე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა არსებითად არ შეიცვლება და კვლავინდებურად პოზიტიური იქნება. ამასთან, ალექსანდრე რონდელის აზრით, [ალექსანდრე რონდელის ხმა] "უფრო პროქართული იქნება შეერთებული შტატები. მართალია, ის ისედაც არის ასეთი, მგრამ კიდევ უფრო მეტად პროქართული გახდება, განურჩევლად იმისა, ვინც არ უნდა იყოს არჩეული. არჩევნების შემდეგ შეერთებული შტატები, ალბათ, შეეცდება რუსეთს მიუთითოს იმაზე, რომ მეტისმეტად შორს წავიდა კავკასიაში თავისი დესტრუქციული და არაპერსპექტიული ნაბიჯებითა და პოლიტიკით."

აკაკი ასათიანი კი ამბობს, რომ ჯორჯ ბუშის გამარჯვების შემთხვევაში რესპუბლიკელთა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ უფრო კრიტიკული გახდება, რადგან, როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, სწორედ რესპუბლიკელთა დროს და მათი შემწეობით მოხდა საქართველოში ცვლილებები: [აკაკი ასათიანის ხმა] “მე არ მიმაჩნია, რომ ეს ცუდი იყო, მაგრამ ეს ფაქტია და არც დაუმალავთ. სახელმწიფო მდივანმა პაუელმა თქვა, ჩვენი რევოლუციის შემდეგ, რომ ასე წარმატებით განვახორციელეთ საქართველოში, რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც, და რატომღაც აფრიკის ქვეყნები ჩამოთვლა და თქვა, იქაც ვეცდებითო. და ამიტომ რესპუბლიკელები, რა თქმა უნდა ეცდებიან, რაც მათ მიეწერებათ, ის საქმე წარმატებული იყოს. და ჯერჯერობით წარმატების პირი არ უჩანს ამ საქმეს საქართველოში.

რაც შეეხება დემოკრატებს, ცხადია, გამწვავდება დემოკრატიის, თვითმმართველობის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ნორმების ნამდვილი დაცვის საკითხები. და ამ შემთხვევაშიც დიდი პრობლემები შეექმნება ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას”. (სტილი დაცულია)

ამ ცოტა ხნის წინ ალექსანდრე რონდელი დაბრუნდა აშშ-დან, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდა ფონდის ვიცე-პრეზიდენტი თემურ იაკობაშვილი. ქართველმა სპეციალისტებმა წაიკითხეს ლექციები ჯორჯტაუნის, ჰერითიჯ ფაუნდეიშენისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში საქართველოსა და რუსეთის გართულებული ურთიერთობის თემაზე.

რაც შეეხება წინასაარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებულ ამერიკულ შთაბეჭდილებებსა და პრეზიდენტობის კანდიდატის ჯონ კერის ერთ-ერთ კოზირს, რომელიც ერაყში ომს უკავშირდება, ბატონი ალექსანდრეს თქმით, [ალექსანდრე რონდელის ხმა] “ამერიკა, რა თქმა უნდა, არ ელოდა, ბუში არ ელოდა, რომ ასე გაგრძელდებოდა ეს, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ხასიათი რომ მიეცემოდა ამ დაპირისპირებას და შეერთებული შტატების მოსახლეობის ამ უკმაყოფილებაზე თამაშობს ახლა კერი ძალიან ოსტატურად. მაგრამ, ამავე დროს, ბუში საბრძოლველად უფრო განწყობილი ჩანს და როდესაც, ვთქვათ, საუბარია იმაზე, რომ შეერთებული შტატები ჩაბმულია ტერორიზმის წინააღმდეგ ომში, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ბუში გადაწყვეტილების მიმღებად, საქმისა და ქმედების კაცად აღიქმება.
კერი კი უფრო ლამაზად ლაპარაკობს ამის თაობაზე. ამიტომ ბუშს შეიძლება გარკვეული უპირატესობა ჰქონდეს ამ საკითხებში.”

აკაკი ასათიანიც ამბობს, რომ ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ როგორც ერაყთან, ისე 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკა არადამაჯერებლად გამოიყურება, რასაც ამერიკაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ადასტურებს.
ამასთან, პოლიტიკოსი აღნიშნავს: [აკაკი ასათიანის ხმა] “მოგეხსენებათ, არჩევნების ძალიან სპეციფიკური სისტემაა ამერიკაში. ეს სისტემა უშვებს იმასაც კი, რომ ერთ-ერთმა კანდიდატმა შეიძლება ამომრჩეველთა მეტი ხმები მოიპოვოს, მაგრამ რაკი ხმოსნები აძლევენ მათ ხმას, ეს არის ისეთი რამ, რაც ძალიან აძნელებს გამარჯვებულის გამოცნობას.

დღესდღეობით ყველა აცხადებს, რომ კანდიდატები თანაბრად მიდიან, ბუში სულ რაღაც 2-3%-ით უსწრებს, რაც სრულიად უმნიშვნელო უპირატესობაზე მიანიშნებს. თუმცა ამ ეტაპზე მაინც არ არის გამორიცხული, რომ მოსახლეობამ ამჯობინოს ბუში სწორედ უშიშროების თვალსაზრისით. - ამერიკის მოსახლეობას ეს პრობლემა აწუხებს, მას ეს პრობლემა არასოდეს აწუხებდა ასე მწვავედ.”

დაბოლოს, დავინტერესდი, რომელი კანდიდატის მიმართ აქვთ მეტი სიმპათია ჩვენს რესპონდენტებს. ალექსანდრე რონდელმა მიპასუხა:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] “კერი უფრო სიმპათიური კაცი მოჩანს, თითქოს, მაგრამ ჩემი სიმპათიები გამომდინარეობს საქართველოს ინტერესებიდან.

ამერიკელები აირჩევენ პრეზიდენტს და ჩემი სიმპათიები უფრო გამოიკვეთება.”

აკაკი ასათიანმა კი თქვა: [ასათიანის ხმა] “ამ საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში და ეკონომიკის გამოც, ალბათ, ბუში. დანარჩენში კი, ვთქვათ, ზოგად კულტურულ ატმოსფეროში, ზოგადი პროგრესის თვალსაზრისით, კერი, ალბათ, ყველაზე მისაღები იქნებოდა.”

დავით კაკაბაძე:
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებზე და, იმაზე, რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს მომავალი კენჭისყრის შედეგი, საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებდნენ საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი და პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი. მათ გიორგი კაკაბაძე ესაუბრებოდა.

[მუსიკა]

ვინ არის ილია ჭავჭავაძე დღევანდელი ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის?

დავით კაკაბაძე:
საქართველოს ისტორიიდან ალბათ არც ერთ ფიგურას არ გამოუწვევია გასული წლების მანძილზე იმდენი კამათი, რამდენიც ილია ჭავჭავაძეს. ახალი თაობის ქართველი ინტელექტუალებისთვის ილია ღირებული აღმოჩნდა, უწინარესად, როგორც ევროპული ლიბერალიზმის აღმსარებელი საქართველოში. ამ ფონზე გამოითქვა აზრი, რომ ილია ჭავჭავაძე სუსტი პოეტია, რამაც შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენელთა გაცეცხლება გამოიწვია. ვინც ახალგაზრდა ინტელექტუალებს აქილიკებდა და თავს რისხვას ატეხდა, დღეს პოლიტიკურ და საზოგადო ასპარეზზე ვეღარ აქტიურობს. ვინ არის ილია დღევანდელი ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის? ამის გარკვევას დავით პაიჭაძე ერთი მუზეუმის მაგალითზე შეეცადა. ეს გახლავთ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, რომელიც თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.

დავით პაიჭაძე:
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი იშვიათად მოვლილი შენობაა თბილისის იმ უბანში, სადაც მდებარეობს. ჯავახიშვილის 7 ნომერში ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა და გამოსცემდა გაზეთ ივერიას 12 წლის მანძილზე. სახლი კი მის დას, ელისაბედ საგინაშვილს, ეკუთვნოდა. გასული წლის, ანუ ხელისუფლების გამოცვლის, შემდეგ მუზეუმს ახალი ექსპოზიციები შეემატა. მათი შინაარსი ეხმიანება სწორედ ახალი თაობის ქართველ ინტელექტუალთა შეხედულებებს ილიაზე. მუზეუმის დირექტორი მზია ნადირაძე გვეუბნება:

“ილია ძალიან დაინტერესებული იყო ევროპის პოლიტიკით, ეკონომიკით, კულტურით, მოსწონდა ევროპა და იქ მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებს უკავშირებდა საქართველოს. ჯერჯერობით შემოვიფარგლეთ ილიას ევროპეიზმით ლიტერატურაში და სპეციალური გამოფენა მივუძღვენით. ილია იყო პირველი მწერალი, ვინც ევროპეიზმის ცნება შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში.”

მზია ნადირაძეს ვთხოვე, აღეწერა პრინციპი, რომლითაც შეიქმნა ეს ექსპოზიცია:

“მონოგრაფიულად გავაკეთეთ: ილია და რუსული კულტურა, ილია და ფრანგული კულტურა, ილია და გერმანული, ინგლისური კულტურაა წარმოდგენილი ამ გამოფენაზე.”

გარდა ამ ექსპოზიციისა, მუზეუმში ნახავთ ევროპელ ქართველოლოგთა საქართველოსადმი მიმართების ამსახველ მასალებს, ცალკე დარბაზი ეთმობა ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულებას აჭარისა და აჭარის ქართველობისადმი.

მუზეუმი ლიტერატურულ-მემორიალურია. ფოტოები, ხელნაწერთა ასლები, ციტატები, ნივთები - ამ ყველაფერს მუზეუმში კვალიფიციურ კომენტარს აახლებენ. მუზეუმში შესვლა უფასოა. იქაური ექსპოზიციები ნამდვილად შემატებს ადამიანს ცოდნას არა მხოლოდ ილია ჭავჭავაძეზე, არამედ მთლიანად მე-19 საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. მე დავინტერესდი, ხშირად მიჰყავთ თუ არა იქ, მაგალითად, სკოლის მოსწავლეები.

[მზია ნადირაძის ხმა] “არა. ჩვენ რომ გვესიამოვნება, იმ ზომით არა. ეს ხდება შემთხვევიდან შემთხვევამდე.”

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი განთავსებულია შენობაში, სადაც, გარდა იმისა, რომ რედაქცია და სტამბა მუშაობდა, არაფორმალური გარემოც იყო სხვადასხვა შეხვედრათა მოსაწყობად. აქ იმართებოდა ცნობილი ხუთშაბათობები, რომელთა შესახებ ერთი ციტატა გვაუწყებს. მას მუზეუმის თანამშრომელი ნელი ბუმბეიშვილი კითხულობს:

“ამ სახლში ხუთშაბათობით იმართებოდა ხოლმე საღამო. რედაქციის თანამშრომლები საღამოებზე ხშირად კითხულობდნენ პოეტებისა და ლიტერატორების ნაწარმოებებს, სტატიებს. იყო მსჯელობა ქართული საკითხების შესახებ. ყოველი საღამო მთავრდებოდა უბრალო ვახშმით, რომლისთვისაც ღვინო მუდამ საგურამოს მამულიდან მოჰქონდათ. ილიას საღამოები დემოკრატიული საღამოები იყო. - ექვთიმე თაყაიშვილი.”

არც ისე დიდი ხანია, დღევანდელ თბილისშიც მოიკიდა ფეხი ლიტერატურაზე მსჯელობამ მსუბუქი სუფრის თანხლებით. ასე ხდება ლიტერატურულ კაფეში, წიგნის მაღაზია პარნასის გვერდით მდებარე კაფე პარნასში, წიგნის სახლში. გასაკვირია, ასეთ შეკრებათა მოყვარულებს როგორ გამორჩათ ილიას მემორიალური მუზეუმი, სადაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ადგილზე, ერთად აღებულზე, გაცილებით მეტი ფართობია ნებისმიერი, რომ იტყვიან, ღონისძიების მოსაწყობად. აქ შეიძლება ახალი წიგნის წარდგენაც, განხილვაც, ნაირგვარი საღამოსა თუ დისკუსიების გამართვა. თუ ლიტერატურულმა ან სამოქალაქო ჯგუფებმა მუზეუმს მიაშურეს, ეს მხოლოდ წაადგება ამ დაწესებულებას. მით უმეტეს, შენობიდან სარგებლის მიღებას, როგორც გაირკვა, დიდი ხნის ტრადიცია აქვს: ილიას სიცოცხლეში აქ იყო რენტგენის კაბინეტიც, პედიატრის მისაღებიც და ვინმე მიხეილ მაჭავარიანის სადურგლო სახელოსნოც.

[მზია ნადირაძის ხმა] “ასე რომ, თუ საჭიროება იქნება, კომერციული თვალსაზრისითაც გამოვიყენოთ შენობა, მისი ისტორია და წარსული ამის საშუალებას მოგვცემს.”

რატომ არ გამოუშვეს ლექსო თორაძე პრაღაში 22 წლის წინათ? ინტერვიუ აშშ-ში მოღვაწე ქართველ პიანისტთან

დავით კაკაბაძე:
დავით პაიჭაძე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმზე გიამბობდათ. მე კი შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ ყოველკვირეულ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას". რადიო "თავისუფლების" პრაღის სტუდიიდან მას დავით კაკაბაძე უძღვება. და ბარემ ახლავე გეტყვით, რომ რადიოჟურნალის დარჩენილ სამ სიუჟეტს ერთი თემა აერთიანებს - მუსიკა. ჯერ წარმოგიდგენთ "მეათე სტუდიის" სტუმარს - პიანისტ ლექსო თორაძეს, რომელმაც ამ რამდენიმე დღის წინათ ჩეხეთის ფილარმონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ბრწყინვალედ შეასრულა პროკოფიევის პირველი საფორტეპიანო კონცერტი (თქვენ ახლა სწორედ ამ კონცერტის ნაწყვეტს უსმენთ). საინტერესოა, რომ ლექსო თორაძე პრაღაში პირველად 22 წლის წინათ უნდა ჩამოსულიყო. თუ რატომ ვერ ჩამოვიდა, უმჯობესია, მისგანვე მოისმინოთ.

[იხ. აუდიოვერსია]

[მუსიკა]

როგორი თბილისი ენატრება კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილს?

დავით კაკაბაძე:
კვირას, 24 ოქტომბერს, "თბილისობის" დასკვნით ღონისძიებაზე დედაქალაქის მერი საპატიო თბილისელებს დააჯილდოებს. მერის მრჩეველთა საბჭომ 21 ოქტომბერს ოთხსაათიანი თათბირის შემდეგ საპატიო თბილისელობის 22 კანდიდატიდან ექვსი ადამიანი შეარჩია: არღნის ოსტატი იაკობ ქიტესოვი, საფრანგეთის ქალაქ ნანტის მერი ჟან-მარკ ერო, გერმანიის ქალაქ ნიურნბერგის მუსიკალური ფესტივალის დიერქტორი მარკ მალკოვიჩი, პოეტი ჯემალ აჯიაშვილი, "თბილისის კოლორიტად" მონათლული ვანიკო ბაჭავარიანი და კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი. თამარ ჩიქოვანმა სცადა გაერკვია, როგორი თბილისი ენატრება დედაქალაქზე არაერთი სიმღერის ავტორს ნუნუ დუღაშვილს?

თამარ ჩიქოვანი:
[ნუნუ დუღაშვილის ხმა] "სუფთა, ლამაზი - ლამაზი ახლაც არის, მაგრამ ძალიან სუფთა. ქუჩაში მოძრაობა იყოს ისევ ძველებური - აღდგეს ისეთი, როგორიც იყო მელიქიშვილის პროსპექტზე. მძღოლებმა ძალიან იფრთხილონ და გაუფრთხილდნენ თბილისელებს. მშვიდობიანი. ისევ სტუმართმოყვარე და იმის საშუალება ჰქონდეს, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მიიღოს სტუმრები და აჩვენოს თავისი სახე - კი არ ითამაშოს - ის, რაც არის თბილისი და თბილისელები."

ასეთად ჩაიფიქრა თბილისი კომპოზიტორმა ნუნუ დუღაშვილმა. - როგორც იცით, სწორედ დევიზით "ჩაიფიქრე" ტარდება წლევანდელი თბილისობა. - კომპოზიტორს, რომლის არაერთი სიმღერა იმდენად პოპულარულია საქართველოში, რომ ბევრს მისი სიმღერები ხალხურიც კი ჰგონია, დღეს ახალი თბილისიც მოსწონს, მაგრამ თავისი ახალგაზრდობის დროინდელი თბილისი ყველაზე მეტად ენატრება:

[ნუნუ დუღაშვილის ხმა] "იყო თბილისში ასეთი პერიოდი, როდესაც გაზაფხულზე გაივლიდი ქუჩაში - გამოდიოდა ხმა, როგორ მეცადინეობდნენ ბავშვები მუსიკის გამოცდებისთვის და ისმოდა კლასიკური მუსიკა. ჩანდა, რომ თბილისში ცხოვრობს კულტურული ხალხი. მართალია, გამოდიოდა ზოგიერთი ფანჯრიდან რაღაც ავარულიც, მაგრამ ახლა იმდენი ფანჯრიდან გამოდის ასეთი ხმა და ისეთი დაყრუებულია ქალაქი, აღარც ეგ ხმა გვესმის. აი, ეს მომწონდა ძალიან."

რა მელოდია უხდება თბილისს? უფრო ზუსტად, რა ასოციაცია ჩნდება თბილისის ხსენებისას? - ნუნუ დუღაშვილი ფიქრობს, რომ თბილისი, თავისთავად, მრავალწახნაგიანი ფენომენია, რომელშიც სხვადასხვა კულტურა ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყა. შესაბამისად, შექმნა ე.წ. ქალაქური მუსიკა, რომელშიც იმერული ჰანგებიც ისმის, კახურიც, მეგრულიც. რაც შეეხება იმას, თუ რა მუსიკალურ ასოციაციას იწვევს თბილისი:

[ნუნუ დუღაშვილის ხმა] "რა თქმა უნდა, ძალიან შეეჩვია ყური რეზო ლაღიძის „თბილისოს“. ეს მოძახილი - “თბილისოოო” - ყველასთვის საერთო გახდა."

ალბათ, გამოკითხვა რომ ჩატარებულიყო, რა ასოციაცია ჩნდება ქუთაისის ხსენებისას - ბევრი ნუნუ დუღაშვილის სიმღერას, „ქუთაისოს“, დაასახელებდა. კახეთის ხსენებისას - მისივე სიმღერას, „კახეთოს“. რაც შეეხება ერთ დროს ძალიან პოპულარულ „ცისფერ ტრიოს“, საქართველოში ბევრს ნუნუ დუღაშვილის სიმღერები სწორედ მათ შეაყვარეს, იქნება ეს „იმერეთის ნიავო“, „გამიფრთხილდი“, „ღმერთი სიყვარულისა“ თუ „ამამღერე“.

რაც უნდ უცნაურად ჩანდეს, ბოლო დროს ნუნუ დუღაშვილის სიმღერები სულ უფრო იშვიათად ისმის სცენიდან. თავად კომპოზიტორი ამას რამდენიმე ფაქტორით ხსნის: პირველი - მისი სიმღერების შესასრულებლად მომღერალს ხმა უნდა ჰქონდეს. დღევანდელ პოპვარსკვლავებს კი კარგი სმენა აქვთ, ხმა კი - იშვიათად. და მეორე - ნუნუ დუღაშვილის სიმღერები, ასე ვთქვათ, ვერ ჯდება იმ სტანდარტში, რომელიც დღეს ქართულ ესტრადაზე მეფობს. შესაბამისად, კითხვაზე, რატომ არავინ ზრუნავს თუნდაც მისი საავტორო კონცერტის მოწყობაზე, ნუნუ დუღაშვილი, ასე ვთქვათ, კახური პირდაპირობით კითხულობს:

[ნუნუ დუღაშვილის ხმა] "მოვა კი ახალგაზრდობა? არ ვიცი. შუა თაობა მოვა. ძალიან ახალგაზრდები არ მოვლენ. თუ მოვლენ - გაიცინებენ და გავლენ. მე ასე მგონია."

მე კი მგონია, რომ ნუნუ დუღაშვილის საავტორო კონცერტზე ბევრი ხალხი მივა. ისინი, ვისაც კარგი მუსიკა უყვარს და ვინც უკვე ფიქრობს, რომ ნუნუ დუღაშვილი საპატიო თბილისელია.

[მუსიკა. ნუნუ დუღაშვილი]

კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილზე სიუჟეტი თამარ ჩიქოვანმა მოამზადა. მაგრამ მუსიკაზე საუბარი ამით არ დაგვიმთავრებია.

[მუსიკა. Tea for Two]

არტ ტეიტუმი - 95

დავით კაკაბაძე:
ეს კომპოზიცია თემაზე Tea For Two ჩვენი რადიომსმენელისთვის კარგად არის ცნობილი. თუმცა, შეიძლება ყველამ არ იცოდეს, რომ Tea For Two მე-20 საუკუნის ჯაზის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტის, არტ ტეიტუმის ერთგვარ სამარკო ნიშნად იყო ქცეული. დღეს სწორედ ტეიტუმზე გვექნება საუბარი. მას ამ დღეებში 95 წელი შეუსრულდებოდა. დიდ მუსიკოსს ბიძინა რამიშვილი გაიხსენებს.

ბიძინა რამიშვილი:
ერთი მხრივ, ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმპროვიზატორად ცნობილი ტეიტუმის მუსიკალურ მემკვიდრეობაზე თაობები იზრდებიან. მეორე მხრივ, მის საშემსრულებლო სტილზე დღემდე დაობენ და ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ მის ესთეტიკურ ღირებულებას. ზოგნი, - მათ შორის ჩვენი დროის უდიდესი მუსიკოსები - ტეიტუმს თავიანთ მასწავლებლად მიიჩნევენ. ზოგნი კი მის საშემსრულებლო მანერას წვრილმან, საჩვენებელ ტრიუკებად აღიქვამენ. ტეიტუმი დღემდე ცნობილია, როგორც ჯაზის ყველაზე ვირტუოზული შემსრულებელი ფორტეპიანოზე. მისი თავბრუდამხვევი სტილი დღემდე მიუწვდომელ მაგალითად ესახება მუსიკოსთა თაობებს. კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ იგი ძალზე სწრაფად უკრავდა, ძალზე ბევრ ნოტს ხმარობდა. იმასაც კი გაიგებთ, "ძალზე დახვეწილი ტექნიკა ჰქონდაო".

ართურ ტეიტუმ უმცროსი 1909 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა ოჰაიოს შტატის ქალაქ ტოლედოში. ოთხი წლის ასაკში თითქმის სრულიად დაბრმავდა. ერთხანს მუსიკალურ განთლებას ტოლედოს მუსიკალურ სასწავლებელში იღებდა. სპეციალური სათვალით ნოტების კითხვაც ისწავლა. მაგრამ არტ ტეიტუმი ძირითადად თვითნასწავლი მუსიკოსი იყო. იგი გაფაციცებით უსმენდა სხვა მუსიკოსებს, მექანიკურ პიანინოს, ფონოგრაფიულ ჩანაწერებსა თუ რადიოგადაცემებს და ფენომენური მეხსიერების მეშვეობით იოლად ითვისებდა ყველაფერს.

19 წლის ასაკში ტოლედოს პოპულარულ ჯაზკლუბში გამოდიოდა და გასტროლებზე ჩასული გიგანტების, ლუი არმსტრონგის, დიუკ ელინგტონის, კაუნტ ბეისისა თუ ენდი კერკის ყურადღებაც მიუპყრია. ამიტომაც, როცა 1932 წელს ნიუ იორკში ჩავიდა ვოკალისტ ადელაიდ ჰოლის აკომპანიატორად, მის შესახებ იქ უკვე გაგონილი ჰქონდათ და დახვედრაც შესაბამისი მოუწყვეს. ნიუ იორკში გააკეთა პირველი აუდიოჩანაწერი. სწორედ Tea For Two, რომელმაც ახლახან გაიჟღერა ჩვენს გადაცემაში. ნიუ იორკში ტეიტუმის ტრიუმფალური დაბრუნება 1937 წელს შედგა.

ამის შემდეგ იგი ტურნეებს მართავს ინგლისში და 30-იანი წლების ბოლოსა და 40-იანის დასაწყისში რეგულარულად გამოდის ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში. ნატ "კინგ" კოლის ტრიოს წარმატებით ინსპირირებული 1943 წელს აყალიბებს საკუთარ ტრიოს კონტრაბასისტ სლემ სტიუარტთან და ელექტროგიტარისტ ტაინი გრაიმისთან ერთად. ტრიოს დიდი წარმატება აქვს. მოგვიანებით გარიმისს ევერეტ ბარკსდეილი ცვლის.

ამ პერიოდიდან მოყოლებული ტეიტუმი მუდამ ყურადღების ცენტრში იყო. იგი არა მხოლოდ ჯაზის, არამედ კლასიკური მუსიკის წარმომადგენლებსაც აღაფრთოვანებდა ამერიკასა თუ ევროპაში. მათ შორის იყვნენ დირიჟორი ლეოპოლდ სტოკოვსკი, კომპოზიტორი სერგეი რახმანინოვი, პიანისტი ვლადიმირ ჰოროვიცი. გადმოცემის თანახმად, ეს უკანასკნელი თურმე ტიროდა ტეიტუმის დაკვრისას.

რაც მთავარია, ტეიტუმმა დიდი გავლენა მოახდინა თავად ჯაზის მუსიკოსებზე. იგი არასოდეს განეკუთვნებოდა თანამედროვე ჯაზის, ბიბოპის წარმომადგენლებს, მაგრამ უდიდესი გავლენა მოახდინა მათზე და მიმდევრების ლეგიონი დატოვა. ჩარლი პარკერი და ბად პაუელი მას თავიანთ მასწავლებლად მიიჩნევდნენ. ტეიტუმი პიანისტების, ბილი ტეილორისა და ოსკარ პიტერსონის მენტორად ითვლებოდა.

მიუხედავად არნახული საჯარო წარმატეისა, იგი მაინც მუდამ თავის არასრულყოფილებაზე ჩიოდა. ვინც ტეიტუმს კარგად იცნობდა, იცოდა მისი საიდუმლო: იგი ბევრად უკეთ უკრავდა მეგობართა ვიწრო წრეში, ვიდრე საჯაროდ. სამწუხაროდ, ტეიტუმი დალეული ლუდის რაოდენობითაც ისევე აკვირვებდა თავის გარემოცვას, როგორც მუსიკალური ვირტუოზობით, რაც მის ჯანმრთელობაზეც აისახებოდა. არტ ტეიტუმი 1952 წლის 5 ნოემბერს, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა თირკმელების გადაგვარებით.

ტეიტუმი რომ უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობდა სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც, ამის მრავალი მაგალითის მოტანა შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ერთს ვახსენებ. ერთხელ ლეგენდარული პიანისტი ფეტს უოლერი, რომელსაც ტეიტუმი თავის კერპად და მასწავლებლად მიიჩნევდა, კონცერტს მართავდა ნიუ იორკის ერთ-ერთ კლუბში. კონცერტზე ტეიტუმიც მისულა უოლერის მოსასმენად. სცენაზე გასულმა უოლერმა პუბლიკის ოვაციების საპასუხოდ გამოაცხადა: "მე მხოლოდ ფორტეფიანოზე ვუკრავ. მაგრამ დღეს ჩვენს შორის ღმერთი იმყოფებაო" და ხელი ტეიტუმისკენ გაიშვირა.

[მუსიკა. Body and Soul]

დავით კაკაბაძე:
ამით ჩვენი დღევანდელი "მეათე სტუდია" დამთავრდა. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა. Body and Soul]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG