Accessibility links

logo-print

რობერტ ქოჩარიანი ბიზნეს-ურთიერთობების გასაღრმავებლად და თბილისური ჯაზის მოსასმენად ჩამოდის


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს სასაუბრო საკმარისზე მეტი დაუგროვდათ. რობერტ ქოჩარიანის სამდღიანი სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი

ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების წახალისება და ბოლო დროს რეგიონში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაა. როგორც ცნობილია, ბესლანის ტრაგედიის შემდეგ რუსეთის მიერ საქართველოს ჩრდილო საზღვრებზე დაწესებული უმკაცრესი შეზღუდვებით ჩვენი ქვეყნის გარდა სომხეთიც მნიშვნელოვნად ზარალობს. რთული სავარაუდოა ამ ვითარებიდან როგორ გამოსავალს მოძებნიან სააკაშვილი და ქოჩარიანი, იმის თქმა კი დარწმუნებით შეიძლება, რომ ჯაზის ტრფიალით განთქმული სომხეთის ლიდერი ტრადიციას არც ამჯერად უღალატებს და რამდენიმე საღამოს თბილისურ ჯაზ-კლუბებში გაატარებს

[აუდიონაწყვეტი კინოფილმ "მიმინოდან"]

ქართველებისა და სომხების ურთიერთობის მეგობრობის სიმბოლოდ ქცეული ამ უკვდავი კინოფილმის გმირებისაგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი და რობერტ ქოჩარიანი დილიჟანისა და ბორჯომის წყლის ღირსებებს ალბათ არ შეაჯიბრებენ. ტრადიციული ორმხრივი ვიზიტების ფარგლებში ორი მეზობელი სახელმწიფოს ლიდერის უმთავრესი საზრუნავი ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავება იქნება. ექსპერტების შეფასებით ბაქოსა და თბილისს შორის არსებული ეკონომიკური პროქტების ფონზე ერევან-თბილისის 47 მილიონიანი წლიური სავაჭრო ბრუნვა საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. პარლამენტის წევრს, საქართველოში სომხური დიასპორის ერთ-ერთ ლიდერს ვან ბაიბურთს ამ ურთიერთობათა გამო გულიც კი წყდება.

[ვან ბაიბურთის ხმა] "მე ცოტა გულიც კი მწყდება, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ისე არ იყო. აი რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა ამ ურთიერთობების აღორძინება ახლა დაიწყო. ძალიან დიდი გეგმებია. მე ვიცი ჩვენი ასოციაციის გეგმები და ვიცი სომხეთის გეგმებიც. ორივე ქვეყანა ბევრს მოიგებს ამ ურთიერთობებით." (სტილი დაცულია)

სხვა მხრივ ვან ბაიბურთი კმაყოფილია საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობათა დონით. იგი თვლის, რომ საქართველოსადმი ერთგულება სომხეთმა ბოლო დროს საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებითაც გამოავლინა.

[ვან ბაიბურთის ხმა] "ეს რაც მოხდა ეხლა როკის და ლარსის გასასვლელ გზებზე კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ სომხეთი არის საქართველოს გვერდზე. ამ მხრივ ამ პოლიტიკურ მომენტში სომხეთი, რამდენაც არ გაგიკვირდებათ, რომელიც არის რუსეთის ვითომდაც ყველაზე ახლო მოკავშირე, სომხეთმა დაიჭირა საქართველოს მხარე." (სტილი დაცულია)

თავისი კოლეგის აზრს იზიარებს საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილიც. იგი ე. წ. ლარსის პრობლემას რუსეთის მიერ პროვოცირებულს უწოდებს.

[კოტე გაბაშვილის ხმა] "ლარსისა და როკის გვირაბის პრობლემები არ არის ქართულ-სომხური პრობლემები, ეს არის რუსეთის მიერ შექმნილი პრობლემები. როკში სპეციალურად არის გამოშვებული ავრობუსი, რომ პროვოკაცია გაკეთებულიყო. ისინი გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო."

სანამ რუსეთი სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებით საქართველოს გარდა მის უერთგულეს მოკავშირე სომხეთსაც სატრანსპორტო ბლოკადაში აქცევს, სამხრეთ კავკასიული ორი სახელმწიფოს ლიდერი მეგობრობის განმტკიცებას შეეცდება. ერთ დროს თბილისური რევოლუციით ფრთაშესხმული სომხური ოპოზიციის მომთოკველი რობერტ კოჩარიანი ახლა ვარდების რევოლუციის აკვანს ეწვევა. მაღალი დონის სომეხი სტუმრის მასპინძლობისათვის სახელმწიფო კანცელარიის გარდა თბილისურ ჯაზ კლუბებშიც ემზადებიან. სავარაუდოდ ედუარდ შევარდნაძისაგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი რობერტ ქოჩარიანს საღამოობითაც გაუწევს კომპანიას.
XS
SM
MD
LG