Accessibility links

საქართველოს პრესის მიმოხილვაში გესაუბრებით სახელმწიფო ბიუჯეტის თემაზე, რომელსაც დიდი ყურადღება


გიორგი კაკაბაძე, თბილისი საქართველოს პრესის მიმოხილვაში გესაუბრებით სახელმწიფო ბიუჯეტის თემაზე, რომელსაც დიდი ყურადღება დაეთმო გასულ კვირაში. გარდა ამისა, შევეხებით ცხინვალის

რეგიონის კონფილქტის პრობლემას და ისეთ საკითხებს, როგორიც კორუფციასთან ბრძოლა და ხელისუფლების მედიასთან ურთიერთობაა.

სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით 19 ოქტომბრის გაზეთი “რეზონანსი” აღნიშნავს, რომ “პარლამენტსა და მთავრობას შორის პირველი სერიოზული დაპირისპირება ბიუჯეტის გამო “დაიბადა”. ბიუჯეტი პარლამენტის ყველა კომიტეტმა დაიწუნა.”

გაზეთი წერს: “... მინისტრთა კაბინეტი ცდილობს, რომ პარლამენტარები ფაქტის წინაშე დააყენოს და სასურველი კანონპროექტი ისე მიაღებინოს. საქმე ისაა, რომ დეპუტატებს საგადასახადო კოდექსი, “ზოგადი განათლების შესახებ” და “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონპროექტები 2005 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე უნდა დაემტკიცებინათ.”

“პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მთავრობამ კონკრეტულად უნდა გაწეროს ბიუჯეტში თანხები და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. მისივე თქმით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის პრობლემა ადრეც იდგა და ამიტომ კატეგორიულად აცხადებს, რომ თუ ბიუჯეტი არ იქნება გამჭვირვალე, პარლამენტი მას ვერ მიიღებს.”

20 ოქტომბრის გაზეთ “ხვალინდელი დღის” მიხედვით, “ბიუჯეტის ახალი პროექტი, რომელიც ზურაბ ნოღაიდელმა თავის ორ გამოუცდელ მოადგილეს მიანდო, ფაქტობრივი შეცდომებით აღმოჩნდა სავსე. რაც მთავარია, ის შეუსაბამობაში მოვიდა ახალ საგადასახადო კოდექსთან, რომელზეც მუშაობა არ დასრულებულა”. გაზეთის თქმით, “პარადოქსია ისიც, რომ ახალი ბიუჯეტის განხილვა პარლამენტს მაშინ უწევს, როცა კოდექსში მხოლოდ პარამეტრებია შეთანხმებული და ტექსტური ნაწილი საბოლოო სახით არავის უნახავს.”

გაზეთი წერს: “პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლადო პაპავამ უპრეცედენტო დაარქვა ზურაბ ანთელიძისა და ლაშა გოცირიძის ერთობლივ ნაშრომს, რომელიც ჯერ არარსებულ კანონმდებლობაზე ააგეს.”
“ასე, მაგალითად, 2005 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მეცნიერებათა აკადემია განათლების სამინისტროს დაფინანსებაზე გადაიყვანეს. ამ დროს, აკადემია საჯარო სამართლის სუბიექტია და, კანონის თანახმად, ბიუჯეტის ცალკე მუხლით უნდა დაფინანსდეს.”

“ბიუჯეტში, კანონმდებლობასთან შეუთავსებლობის გარდა, უამრავი შეცდომა აღმოაჩინეს. მათ შორის, მოგების გადასახადის სახით პროგნოზირებული შემოსავლები.”
“მთავრობას ჯერ მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილებაც არ მიუღია. 115 ლარი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი უწყების თანამშრომელთა მინიმალური ხელფასი იქნება თუ მას პრემიებისა და დანამატების სახით მიიღებენ, ჯერ არ განუსაზღვრავთ.”

23 ოქტომბრის “ხვალინდელი დღის” თქმით კი, “მას შემდეგ, რაც მთავრობას საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტი გაულანძღეს, პრემიერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები კანცელარიაში დაიბარა “ჭკუაზე მოსაყვანად”. უმრავლესობას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ისინი ერთიანი გუნდის წევრები არიან და ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება მიიღებს, ხელი უნდა აუწიონ.”

გაზეთი წერს: “...დეპუტატებმა, რომლებსაც კანცელარიიდან თითი დაუქნიეს და პარლამენტიდან გაყრით დაემუქრნენ, პრემიერი დაარწმუნეს, რომ პრეტენზიები არა აქვთ და მთავრობის ერთგულნი რჩებიან. ერთგულ უმრავლესობასთან შეხვედრით კმაყოფილი პრემიერი უკვე მშვიდი ტონით აცხადებს, რომ მზადაა პარლამენტთან ითანამშრომლოს და მათი შენიშვნების გარკვეული ნაწილი გაითვალისწინოს.”

რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლის პრობლემას, 21 ოქტომბრის გაზეთ “რეზონანსის” ინფორმაციით, “საქართველო კვლავ კორუფციულ ქვეყანათა სიაშია.” გაზეთი გვამცნობს, რომ ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა” გამოაქვეყნა 2004 წლის “კორუფციის აღქმის ინდექსის” კვლევის შედეგები, რომელიც ქვეყნების რანგირებას ახდენს სახელმწიფო მოხელეთა და პოლიტიკოსთა შორის კორუფციის გავრცელების ხარისხის მიხედვით.”

გაზეთის მიხედვით, “ათბალიან სისტემაში საქართველოს მხოლოდ ორი ქულა ერგო და ამ მაჩვენებლით იმ სამოც ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებშიც კორუფციის პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით დგას. ანგარიშის მიხედვით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერჯერობით მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს.”

“ამ დღეებში “საერთაშორისო გამჭვირვალობისა” და კენიის მთავრობის მიერ ორგანიზებულ “ახალი მთავრობების ანტიკორუფციულ შეხვედრაზე”, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობდა, აღინიშნა, რომ საქართველო, ბევრ სხვა გარდამავალ ქვეყანასთან შედარებით, სწრაფ და აქტიურ ქმედებებს ახორციელებს კორუფციის აღმოსაფხვრელად. ეს კი შედეგებს, სავარაუდოდ, ახლო მომავალში გამოიღებს.”

ახლა კი ცხინვალის კონფლიქტის თემას შევეხებით.
22 ოქტომბრის გაზეთ “ხვალინდელი დღის” ცნობით, “საქართველოს მთავრობა ცხინვალის კონფლიქტის დარეგულირებაში პარლამენტის როლის გააქტიურებას ცდილობს. ამ გააქტიურებაში საკანონმდებლო მხარდაჭერა და მოლაპარაკებების პროცესში პარლამენტართა უშუალო მონაწილეობა იგულისხმება.”

გაზეთი წერს: “ცხინვალის რეგიონის კონფლიქტთან მიმართებაში ჟვანია-კოკოევის შეხვედრა კვლავ მთავარ თემად რჩება”. “ამ შეხვედრასა და, ზოგადად, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიისგან გარკვეულ რეკომენდაციებს სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა იღებს.” “პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის” თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, “...პარლამენტს, ძირითადად, საკანონმდებლო მხარდაჭერა ევალება. ამასთან, ჩვენს ვალდებულებაში შედის იმ გეზის უზრუნველყოფა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია.”

ამ გეზის ბედი კი გადის მოლაპარაკებებზე, სადაც საქართველოს მხარის ძირითად მოთხოვნას დემილიტარიზაცია, როკის გვირაბის გაკონტროლება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს. არსებობს მოსაზრება, რომ კოკოევის შეხვედრაზე მისვლა და მოლაპარაკებების წარმოება აღნიშნული საკითხების აღიარების ტოლფასი იქნება. აქედან გამომდინარე, დიდია შანსი, რომ ოსურმა მხარემ ამ თემების გარშემო საუბარზე საერთოდ უარი თქვას, თუმცა სახელმწიფო მინისტრი გაცილებით ოპტიმისტურად არის განწყობილი.”

ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემას - მედიისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას - ეძღვნება 21 ოქტომბრის გაზეთ “24 საათის” წერილი, სათაურით “ერთადერთი შანსი”. ამ წერილიდან ორიოდე ნაწყვეტს გაგაცნობთ.

გაზეთის თქმით, კითხვაზე, გვაქვს თუ არა დღეს თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი და არაკონტროლირებადი სასამართლო და პლურალისტური პარლამენტი, პასუხი მარტივია - არა”.
მედიის პრობლემასთან დაკავშირებით გაზეთი წერს: “მედიაში უცხოურ ინვესტიციებს დღეს თითქმის არავინ დებს. ხოლო საქართველოში, არსებული ბიზნესგარემოს გამო, დიდი ფულის შოვნა მხოლოდ დიდ წილებში ჩაჯდომასთან არის დაკავშირებული. წილებს კი დღეს ხელისუფლება აკონტროლებს და ანაწილებს. გაანაწილებს მათზე, ვინც მის მიმართ ლოიალობას შეინარჩუნებს და “კრიტიკის დასაშვებ ზღვარს არ გადასცდება.”

წერილში მანამდე ნათქვამია, რომ “უკვე დიდი ხანია საუბრობენ საქართველოს პრეზიდენტის პუტინიზაციაზე - და არა მხოლოდ ქართველი ექსპერტები. ამ თემაზე რამდენიმე ხნის წინ წერილი ცნობილმა ამერიკელმა ექსპერტმა სტივენ სესტანოვიჩმაც დაწერა”.
გაზეთის თქმით, “სააკაშვილი პუტინი არ არის, მაგრამ საფრთხე, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს დაემსგავსება, საკმაოდ დიდია.”

“24 საათის” წერილის დასასრულს კი ვკითხულობთ: “ხოლო იმისათვის, რომ არსებობდეს დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს თავისუფალი მედია, რომელიც კონსტრუქციულად გააკრიტიკებს ხელისუფლებას და ნათლად მიახვედრებს პრეზიდენტს, რომ მსგავსი ფრაზები - “ვაი, თქვე საცოდავებო, ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ...” – არასოდეს გაიმეოროს.”
XS
SM
MD
LG