Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წააგებს თუ არა სააკაშვილი სანაძლეოს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, აშკარად, პოლიტიკურ სიბრტყეში გადავიდა და მედიის ყურადღების

ცენტრში მოექცა. რამდენიმე თვის წინ მიღებული საკმაოდ საკამათო კონსტიტუციური ცვლილებების წყალობით, საქართველოს ორი სახელისუფლებო შტო პირველად დადგა კრიზისის პირისპირ. პრესამ და პოლიტიკურმა მიმომხილველებმა იმაზე დაიწყეს მარჩიელობა, კრიზისის გაღრმავების შემთხევაში, ვის მხარეს გადაიხრებოდა პრეზიდენტი - დაუჭერდა მხარს პრემიერსა და მთავრობას, რომელიც თავის პოზიციებს ჯიუტად არ თმობდა, თუ უერთგულებდა საკანონმდებლო ხელისუფლებას, რომელიც ძალის დემონსტრირებას ბიუჯეტის პროექტის ჩაგდებით ცდილობდა. კვირის ბოლოს ამ ”სახელისუფლებო გაუგებრობაზე” ჯერ თავად პრეზიდენტმა გააკეთა რეაგირება და იგი სანაძლეოსაც კი ჩამოვიდა: სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ბიუჯეტს მხარს აუცილებლად დაუჭერსო. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა შეხვდა მთავრობას და თავისი შენიშვნების საკმაოდ სქელტანიანი პაკეტი გადასცა, ანუ კვირის ბოლოს სიტუაცია საგრძნობლად განიმუხტა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მთელი მთავრობის სახელით გამოსულმა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა თავად მთავრობის შიგნით არსებულ შესაძლო კრიზისზე მისთვის ჩვეული ფორმით გააკეთა განცხადება. ამ განცხადების საფუძველი გახდა შენიშვნა თავდაცვის მინისტრის მოადგილისა, რომელიც თავისი უწყებისათვის გამოყოფილი თანხებით უკმაყოფილო იყო.

საინტერესოა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტით უკმაყოფილოა როგორც ოპოზიცია, რაც სრულიად ბუნებრივია, ისე საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირი არ მალავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას მთავრობის დოკუმენტის მიმართ და ცალსახად აგრძნობინებს პრემიერსა და მინისტრთა კაბინეტს, რომ ბიუჯეტს ამ ფორმით პარლამენტი მხარს არ დაუჭერს. კანონმდებელთა ამგვარ დემარშს გასულ კვირასვე მკვეთრ განცხადებას უპირისპირებს პრემიერი ჟვანია, რომელიც მის მიმართ ინტრიგების ხლართვაში ადანაშაულებს პარლამენტს:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] ” ეს არ არის ის მთავრობა, რომელსაც საკუთარი უმრავლესობა, საკუთარი თანაპარტიელები ესაუბრებოდნენ იმ ტონით, რასაც ჩვენ ვისმენთ ბოლო ამ 2-3 დღის განმავლობაში. თუ ლაპარაკი არის რაღაცა ინტრიგებზე, მე პირდაპირ მინდა ვთქვა, არ ვაპირებ ამ ინტრიგებში მონაწილეობას. თუ ლაპარაკი არის იმაზე, რომ პარლამენტში საკმარისზე მეტია ის დეპუტატი, რომლისთვისაც სახიფათო არის ჩვენი რეფორმების გაგრძელება, ეს უნდა დაფიქსირდეს, უნდა ვთქვათ, რომ ეს სერიოზული კრიზისია და შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ თითოეულმა ჩვენგანმა, პარლამენტმა და პრეზიდენტმა.”

აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის დაპირისპირებას აშკარად პოლიტიკური ინტრიგის ფორმა ჰქონდა. ეს ინტრიგა, ბუნებრივია, არ ამოწურულა და მისი განვითარების შესახებ ვარაუდები დღეს მედიის საკვანძო თემაა, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესოა ის შენიშვნები, რაც დეპუტატებს საკმაოდ უხვად დაუგროვდათ და რაც პოლიტიკური კონიუნქტურის მოცილების შემდეგ, მართლაც, არსებითი უნდა იყოს საბიუჯეტო დებატებისას. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს არა აქვს სრულყოფილი დოკუმენტის ფორმა და იგი შორსაა იმ კანონისაგან, რომელიც 2005 წლის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების განმსაზღვრელი უნდა იყოს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პროექტის იმ ”ლირიკულ პათოსზეც” საუბრობს, რომელიც, როგორც წესი, არ არის დამახასიათებელი ბიუჯეტისათვის:

[რომან გოცირიძის ხმა] ”სამწუხაროდ, ”ძევრულჰესს” გაუფუჭდა ტრანსფორმატორი, რომელიც 2,5 მლნ. ღირს და ეს ტრანსფორმატორი აუცილებლად უნდა ვიყიდოთ” - და ესაა კანონი?!. როცა ფინანსთა მინისტრს ვკითხეთ, ასე რატოაო, მითხრა, რომ ამერიკაში ასეთი კანონი მიიღებაო. ” (სტილი დაცულია)

რომან გოცირიძეს არც ხელისუფლების სახელფასო პოლიტიკა მოსწონს, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისათვის პრინციპულად განსხვავებულ სახელფასო ანაზღაურებას ითვალისწინებს:

[რომან გოცირიძის ხმა] ”ქვეყანაში ერთი და იმავე ფუნქციის შესრულებისათვის, ერთი და იმავე საშტატო განაკვეთის პირობებში არსებობს 5-ჯერ და 10-ჯერ განსხვავებული შრომის ანაზღაურება. კანცელარიაში სხვა არის, ფინანსთა სამინისტროში სხვა არის, შინაგან საქმეთა სამინისტროში - სხვა, პარლამენტში სხვა არის, ანუ სახელფასო პოლიტიკა მთლიანად დაინგრა.”

არა მგონია, იგივე რომან გოცირიძე საბჭოურ წარსულში კარგად ცნობილი ”ურავნილოვკის”, ანუ ხელფასის გათანაბრების, მომხრე იყოს, მაგრამ ის, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება 5-ჯერ აღემატება სხვა სამინისტროებში იმავე თანამდებობაზე მომუშავეთა ხელფასს, მართლაც, ბადებს კითხვას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბიუჯეტს, ძირითადად, ფინანსთა სამინისტრო ადგენს და უწყების მოხელეები ხელფასს სწორედ ბიუჯეტის სწორ შედგენასა და შემდეგ მის სწორ აღსრულებაში იღებენ, ეს კითხვა სრულიად ბუნებრივად მოგეჩვენებათ.


გოცირიძეს ასევე დაუშვებლად მიაჩნია ბიუჯეტში სოციალისტური ნორმების ჩადება, რაც ღარიბი მოსახლეობის პირდაპირ დაფინანსებას ითვალისწინებს. მისი აზრით, სიღატაკის დაძლევა ფულადი კომპენსაციების დარიგებით შეუძლებელია.
გოცირიძე ფინანსთა მინისტრს სოციალური დახმარებისა და დასაქმების ფონდისთვის ბიუჯეტით გაწერილი 66 მილიონი ლარის დასაბუთებას სთხოვს, რაც, მისი აზრით, წყალში გადაყრილი ფულია.

საბოლოოდ, გადაწყდა, რომ 2005 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ ხელახლა უნდა შეადგინოს. ამისათვის რეგლამენტი ერთ კვირას ითვალისწინებს, თუმცა, თუ შენიშვნების ოდენობას და პარლამენტის განწყობას გავითვალისწინებთ, ეს ვადა, აშკარად, საკმარისი არ იქნება ახალი პროექტის დასაწერად. შესაბამისად, ექსპერტები რეგლამენტში ცვლილების შეტანას არ გამორიცხავენ და მთავრობას მეტ ”მოსაფიქრებელ დროს” მისცემენ. ხოლო თუ ახლად შეტანილი ბიუჯეტის მიმართაც საკანონმდებლო ხელისუფლება დამოკიდებულებას არ შეიცვლის და მას ჩააგდებს, შესაძლოა, საქართველოსათვის აქამდე უპრეცედენტო სცენარი განვითარდეს და პრეზიდენტს პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტს შორის მოუხდეს არჩევანის გაკეთება. თუმცა ამგვარ დრამატულ სცენარს, საბოოლოოდ, რეალიზება, ალბათ, არ უწერია. სხვა ყველა არგუმენტს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტს სანაძლეოების წაგება, ელემენტარულად, არ უყვარს.
XS
SM
MD
LG