Accessibility links

logo-print

შესაძლებელია თუ არა რუსეთ-სომხეთის სატრანსპორტო კავშირი ირანის გავლით


საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოს სატრანსპორტო არტერიებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მეზობელი სომხეთის სახელმწიფოსთვის. საქართველოს

ტერიტორია ხომ უმოკლესი გზაა სომხეთსა და რუსეთს შორის სატრანსპორტო კავშირის დასამყარებლად. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი სომხეთის სატრანზიტო გადაზიდვებზე მოდის. ამ ურთიერთობებს და, უფრო მეტად კი, სომხეთის ეკონომიკურ სტაბილურობას დიდი საფრთხე დაემუქრა, როდესაც მოსკოვმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ცალმხრივად ჩაკეტა. როგორ გადაწყდა ეს პრობლემა?

რუსეთ-საქართველოს საზღვრის ზემო ლარსის მონაკვეთის ჩაკეტვიდან მეექვსე დღეს, 7 სექტემბერს, ორი ქვეყნის დამაკავშირებელ ამ ერთადერთ სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს ვეწვიე და განცვიფრებული დავრჩი, როდესაც საზღვრის გახსნის მომლოდინე სომხეთის უამრავი მოქალაქე ვიხილე. მათ არც წინ, რუსეთისკენ, უშვებდნენ და ვერც უკან გაბრუნებას ახერხებდნენ, ზედმეტი ხარჯებისა და სხვა სირთულეების გამო.

[სომეხი მოქალაქის ხმა] ”ერევნიდან მივდივართ არმავირში. არავინ არ გვეუბნება, როდის გაგვატარებენ საზღვარზე.
კარგი იქნებოდა სახლში დროულად დაბრუნება.”

[სომეხი მოქალაქის ხმა] ”ჩვენ მივლინებით მივდივართ. თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობთ. სომხეთიდან რუსეთში მივდივართ. ველოდებით, როდის გაიხსნება საბაჟო.”

სომხეთის მოქალაქეები, ისევე როგორც ოფიციალური ერევანი, დიდხანს ელოდა რუსეთის მხრიდან ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედებას.
მოსკოვმა საზღვარი მხოლოდ 3-ჯერ გახსნა, ისიც რამდენიმე საათით, მიუხედავად იმისა, რომ კრემლშიც კარგად ესმით, თუ რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ მაგისტრალს სომხეთისთვის.

კავკასიაში ყველაზე ახლო პარტნიორის - სომხეთის - ინტერესების გასათვალისწინებლად ერევანს გასულ კვირაში რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი იგორ ლევიტინი ესტუმრა. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ის დიდხანს ცდილობდა სომეხი კოლეგების დარწმუნებას, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გამავალი სატრანზიტო მარშრუტი ძალიან ძვირია და რომ არსებობს სომხეთისა და რუსეთის დამაკავშირებელი გაცილებით იაფფასიანი სატრანზიტო გადასასვლელები.
როგორც რადიო “თავისუფლების” სომხური სამსახური იტყობინება, ლევიტინმა სომხეთის საზოგადოებას რუსეთთან სატრანსპორტო კავშირი ირანის გავლით შესთავაზა.

მოსკოვის იდეის მიხედვით, ასტრახანიდან საზღვაო ბორანი, რომელიც კასპიის ზღვას გადაკვეთს, სომხეთისთვის განკუთვნილ ტვირთებს ირანის პორტ ენზელში ჩაიტანს, იქიდან კი საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთი სომხეთის ქალაქ მეგრიმდე მიაღწევს. ლევიტინი ირწმუნებოდა, რომ ამ პროექტის განხორციელებას არაფერი უდგას წინ, მხოლოდ ირანთან რამდენიმე წვრილმანი ფორმალობაა მოსაგვარებელიო.

მე რუსეთის ამ ახალი მარშრუტისა და ლარსზე გამავალი მარშრუტის შედარება სატრანსპორტო გადაზიდვების ექსპერტს გიორგი ქერქაძეს ვთხოვე.

[გიორგი ქერქაძის ხმა] ”თუ გავავლებთ პარალელს, ვთქვათ, რომ გვაქვს 500 კილომეტრი ვლადიკავკაზიდან ერევნამდე, ახალი პროექტით, ამას ემატება 200 კილომეტრი სახმელეთო გზა და 1200 კილომეტრი საზღვაო ფრახტი. ეს უმნიშვნელოვანესად გააძვირებს გადაზიდვას. აქედან გამომდინარე, ლევიტანის იდეა არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება.”

ქერქაძის განცხადებით, ირანული ნიუანსი, რომელზეც იგორ ლევიტინი საუბრობდა, არც ისე უმნიშვნელოა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ირანის ტერიტორიაზე აკრძალულია სხვა ქვეყნის საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვა. საზღვაო ბორანიდან ტვირთების ირანულ ავტომობილებში გადატვირთვა კი კიდევ უფრო გააძვირებს საბორნე გადასასვლელის ხარჯებით გაძვირებულ ტვირთებს.

როგორც ჩანს, ეს სომხეთშიც კარგად იციან. ამიტომ ლევიტინის იდეას სომხეთის მხრიდან მოწონება არ დაუმსახურებია. უფრო მეტიც, სომხეთის მხარეს არ შეუწყვეტია კონსულტაციები როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ხელისუფლებასთან.

გარკვეულწილად ამ აქტივობის შედეგია ის, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 22 ოქტომბერს ოფიციალურად ამოქმედდა და ეს მოვლენა სიმბოლურად სომხეთის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის საქართველოში ვიზიტს დაემთხვა.
XS
SM
MD
LG