Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ქართული სპორტის საუკუნე – დაუვიწყარი სახელები'': ლევან თედიაშვილი


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი დღევანდელი სპორტული გადაცემა ეძღვნება გამოჩენილ

ქართველ ფალავანს ლევან თედიაშვილს. ლევან თედიაშვილი დაიბადა 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოს რაიონის სოფელ ზემოუბანში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე, გამოდიოდა 82, 90 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში. მიუნხენისა და მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ - თავისუფალ ჭიდაობაში, ერთხელ–სამბოში. მსოფლიო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი და მსოფლიო თასის მფლობელი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ორდენების კავალერი, 1995 წელს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი.

ერთ უცხოელ ჟურნალისტს უკვე ჭიდაობამოლეული ლევან თედიაშვილისთვის უკითხავს – როდისმე თუ დამარცხებულხართო. როგორ არა, თანაც არაერთხელო –უპასუხია ლევანს. იმ უცხოელს კითხვა შეუტრიალებია: ისეთ მოჭიდავეს თუ იცნობთ, ერთი ბრძოლაც რომ არ წაუგიაო. კი, ვიცნობ, ეგეთი მამაჩემი იყოო–დაუფიქრებლად უთქვამს ლევანს. ჟურნალისტი შემცბარა: მამათქვენი როგორი მაგარი ყოფილა, მე კი მასზე არაფერი მსმენიაო. ლევანს ეშმაკურად ჩაუღიმია: მამაჩემს არასოდეს უჭიდავია და ამიტომაც არც არასოდეს წაუგიაო. ლევან თედიაშვილი ჭიდაობისა და მოსწრებული სიტყვა-პასუხის კაცია – ხალისიანი და გულღია. რაკი საქმე წაგება-მოგებაზე მიდგა, აქვე ვიტყვი, რომ სპორტული კარიერის განმავლობაში თედიაშვილს შვიდასამდე ოფიციალური საერთაშორისო შეხვედრა გაუმართავს, ნახევარზე მეტი წმინდად მოუგია და მხოლოდ ორჯერ დამარცხებულა: პირველად – 1970 წელს, გერმანელ შტოტმაისტერთან, ევროპის ჩემპიონატის ფინალში; მეორედ – 1978 წელს, ასევე გერმანელ ბიუტნერთან, მსოფლიო პირველობის ფინალში. მართალია, ჭიდაობაში რეკორდები ოფიციალურად არ აღინუსხება, მაგრამ თედიაშვილის ანგარიშზე მაინც მოდის რამდენიმე დღემდე განუმეორებელი შედეგი: 1974 წელს სტამბულის მსოფლიო ჩემპიონატზე ლევანმა სამ წამში მოუგო შვეიცარიელ რაფაელ მარტინეტის, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტს. ერთი წლით ადრე თეირანში თედიაშვილი ჯერ თავისუფალ ჭიდაობაში გახდა მსოფლიო ჩემპიონი, სამიოდე დღის შემდეგ კი იქვე სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო. ის მსოფლიოში ერთადერთი მოჭიდავეა, ვინც სამ სხვადასხვა წონაში მოიპოვა უმაღლესი სპორტული ტიტულები.

ყველაფერი საგარეჯოში დაიწყო. ლევანის პირველი მწვრთნელი იყო არსენ მეკოკიშვილის ბიძაშვილი ვალერიან მეკოკიშვილი. მერე თბილისში ჩამოიყვანეს და, როგორც პერსპექტიული სპორტსმენი, ჭიდაობის "პროფესორად" აღიარებულ ვახტანგ ბალავაძეს მიაბარეს. 1967 წელს 19 წლის თედიაშვილი საბჭოთა ნაკრებში მიიწვიეს. ამ ნაკრებში 13 წელი გამოდიოდა, 8 წელი კაპიტანი იყო. მან გუნდში სახელოვანი იური შახმურადოვი შეცვალა და ეს პირველად 1971 წელს მოხდა, როცა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს ხალხთა სპარტაკიადის ფინალში აჯობა. იმ წელს ლევანმა სოფიაში მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტულიც მოიპოვა, მაგრამ ოლიმპიელთა რიგებში მოსახვედრად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ყველაფერი თედიაშვილ-შახმურადოვის საკონტროლო შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა. ეს პრინციპული ბრძოლა ქართველი მოჭიდავის გამარჯვებით დამთავრდა. ლევან თედიაშვილის თქმით, ოლიმპიელის სტატუსის მოპოვება არანაკლებ ძნელი გამოდგა, ვიდრე ოლიმპიური ოქროს მედლისა:

[ლევან თედიაშვილის ხმა] "ჩემმა მხარდამჭერებმა მოითხოვეს და დაინიშნა დამატებითი შერკინება შახმურადოვთან. მოვუგე, მაგრამ მაინც არ მჯეროდა, რომ დამაყენებდნენ გუნდში. შახმურადოვი მაინც შახმურადოვი იყო."

მიუნხენის ოლიმპიადაზე ლევანი ექვს მეტოქეს შეხვდა და ყველას იოლად გაუმკლავდა, მათ შორის, მთავარ კონკურენტებს – გერმანელ პიტერ ნოიმაიერს, ამერიკელ ჯონ პეტერსონს, რუმინელ ვასილე იორგას და შეჯიბრების დამთავრებამდე ერთი დღით ადრე გაინაღდა პირველი ადგილი. ასეთი რამ ოლიმპიადაზე იშვიათად ხდება. მერე იყო მსოფლიო ჩემპიონის ახალი ტიტულები და 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშები. ამ თამაშებში საქართველოდან 11 სპორტსმენი გამოდიოდა. სამხტომში ოლიმპიური ჩემპიონის მესამე ოქროს მედალი მოიპოვა ვიქტორ სანეევმა, ლევან თედიაშვილმა კი თავისი მეორე ოლიმპიადა მოიგო. მონრეალში ლევანი მთელი ოლიმპიური ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ აღიარეს და ამის დამადასტურებელი საგანგებო პრიზიც გადასცეს. მან ექვს მეტოქეს წმინდად მოუგო, ფინალში კი 5 ქულით აჯობა მიუნხენში დამარცხებული ჯონ პეტერსონის უმცროს ძმას, ბენ პეტერსონს. " განუმეორებელი", "უნიკალური", "ფენომენალური"...ლევან თედიაშვილის ოსტატობის შესაფასებლად ჟურნალისტები ეპითეტებს არ იშურებდნენ, "მონრეალ სტარის" მიმომხილველმა კი ლევანს "დიდი ტედი" შეარქვა. მოჭიდავეთა ტურნირის შემდეგ გაზეთი წერდა: "ტედი სპორტსმენის ნამდვილი ეტალონია. იგი ყველაზე დიდია მსოფლიოში. ყველაზე დიდი და ყველაზე სრულყოფილი."
XS
SM
MD
LG