Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშუალედო მაჟორიტარული არჩევნები, როგორც, ზოგადად, არჩევნებზე ფიქრის საბაბი


24 ოქტომბრის საშუალედო მაჟორიტარული არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტს კიდევ ოთხი დეპუტატი შეემატება.

მათ პასუხისმგებლობას და მოვალეობას კონსტიტუციის გარდა, უკვე თითქმის ორი კვირაა განსაზღვრავს "პარლამენტის დეპუტატის ეთიკის კოდექსი", რომლის დარღვევა, კონსტიტუციისგან განსხვავებით, კანონით არ ისჯება. საშუალედო მაჟორიტარული არჩევნები პარლამენტის ყოფილ დეპუტატ ვახტანგ ხმალაძესთან ზოგადად, არჩევნებზე საუბრის თემად შევარჩიეთ.


საქართველოში არჩევნებზე ფიქრი და საუბარი, როგორც წესი, უშუალოდ არჩევნების წინ იწყება. არადა, ეს ხანგრძლივი და მუდმივი პროცესი უნდა იყოს, რათა ქვეყანა ნორმალური არჩევნების ჩატარებას შეეჩვიოს და ეს წესად დაიმკვიდროს. საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა ყოველი არჩევნების შემდეგ დარღვევებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი და იმის მოლოდინი, თუ რას იტყვიან ჩვენზე საერთაშორისო ორგანიზაციები.

საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს ვახტანგ ხმალაძეს მიაჩნია, რომ თავისუფალი, თუნდაც უმნიშვნელო არჩევანის გაკეთებას ადამიანი ბავშვობიდან უნდა შეეჩვიოს, რაც სამომავლოდ საერთოდ არჩევანის კულტურას ჩამოუყალიბებს.

[ხმალაძის ხმა] ,,არანაირად არ არის სწორი, როდესაც მხოლოდ მაშინ იწყება არჩევნებზე საუბარი, როდესაც კონკრეტული არჩევნები მოგვადგება ხოლმე კარს. ჩვენ ჯერ კარგად არც ის გვაქვს გაცნობიერებული, რა არის თავისუფლება და არც ის, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ თავისუფლება. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ვერც იმის პასუხისმგებლობას გრძნობს, რომ მასზეა დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი დღე. დღევანდელი არასწორი გადაწყვეტილება ხვალინდელ დღეზე ახდენს გავლენას.”

ბუნებრივია, რომ პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩევლის ყველა მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებენ. თუმცა, ამ შემთხვევაში თავად საზოგადოებას შეუძლია საკუთარი პასუხისმგებლობით გაზარდოს მაქსიმალურად სასურველი კანდიდატების არჩევის შანსი.

[ხმალაძის ხმა] ,,ამომრჩეველმა უნდა შეძლოს უმთავრესის გამორჩევა. შეარჩიოს ის, ვინც ამ უმთავრესს ისევე უყურებს, როგორც ამომრჩეველი და უნდა ისწავლოს ტყუილისა და სიმართლის გარჩევა. ანუ, რასაც პირდება მას ეს კანდიდატი, რეალურად შესაძლებელია, თუ არა ამის განხორციელება. უნდა მიაქციოს ყურადღება ამ კანდიდატის ისტორიას, მის წარსულ ცხოვრებას. ეს კაცი მატყუარა იყო, თუ მართალი კაცი იყო.”

ვის უნდა უჩნდებოდეს პარლამენტის წევრობის სურვილი? გარდა კონსტიტუციის დაცვით მოქმედების უნარის, გამოცდილების და ცოდნისა, ვახტანგ ხმალაძე კიდევ ერთ კრიტერიუმს ასახელებს.

[ხმალაძის ხმა] "პარლამენტის წევრობა ეს არ არის, ვთქვათ, კანონპროექტის დაწერა. პარლამენტის წევრობა არის იმ იდეებისთვის კანონის სახის მიცემა, რასაც უნდა დაეყრდნოს მთლიანად სახელმწიფო და ესა, თუ ის სფერო თუ მას ასეთი იდეა არ აწუხებს, მაშინ გაუგებარია, რა უნდა უნდოდეს მას პარლამენტში?! სამწუხაროდ ასეთი მიდგომით, მოყოლებული 90 წლიდან, ძალიან მცირე ნაწილი თუ იყო ნებისმიერი პარლამენტისა, რომელიც ჩვენ გვყოლია.”

რატომ შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს პარლამენტში ადამიანი, რომელსაც არც კანონშემოქმედება აინტერესებს და ხშირ შემთხვევაში არც კი იცის, რა შინაარსის კანონ-პროექტს უყარა კენჭი? ვახტანგ ხმალაძის აზრით, დეპუტატობისკენ ამგვარი ადამიანის მიზიდულობას რამდენიმე გარემოება განაპირობებს.

[ხმალაძის ხმა] ,,ეს გახლავთ იმუნიტეტი, მაღალი ხელფასი, ის, რომ ის იძენს არაოფოციალურ უფლებებს. თქვენ თუ სადმე მიდიხართ რაღაც საქმისთვის, თუ პარლამენტის წევრი ხართ, თქვენ წინ ყველა კარი იღება. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ ხართ ხელისუფლების გუნდის წევრი. ყოველთვის არსებობს სხვადასხვა ინტერესები საზოგადოებაში და არსებობენ ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ თავისთვის საინტერესო საკითხი ისე გადაწყდეს, როგორც ეს ამ ჯგუფს აძლევს ხელს და იწყება მათი მოძრაობა, შეხვედრები პარლამენტის წევრებთან, ლობირება გარკვეული საკითხების. უკვე შემდეგი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირი დანაშაულია, ეს არის კორუფცია.”

ამგვარი ინტერესების მქონე კანდიდატთა საწინააღმდეგო იარაღად ვახტანგ ხმალაძე კვლავ და კვლავ ამომრჩევლის პასუხისმგებლობას მიიჩნევს.

[ხმალაძის ხმა] ,,როდესაც ჩვენ ვისწავლით სწორი არჩევანის გაკეთებას, მინდა დაგარწმუნოთ, რომ არც ის საარჩევნო დარღვევები აღარ იქნება, უფრო სწორედ, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, რომელიც დღეს გვხვდება. არაერთხელ მოგისმენიათ, რომ რა აზრი აქვს არჩევნებზე მისვლას, მე ვისაც არ უნდა მივცე ხმა, მაინც იმას აირჩევენ ვინც.... და მერე იწყება ჩამოთვლა: ან ხელისუფლებას უნდა, ან დიდი ფული დახარჯა, მაინც ის აირჩევა. ასე არ იქნება, თუ საზოგადოება, ამ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდება.”

თითქმის ერთი წლის წინ საქართველოს მოსახლეობამ დადებითი პასუხი გასცა პარლამენტის წევრთა შემცირების შეკითხვას, თუმცა, რეფერენდუმის შედეგებს დღეს პრაქტიკულად აღარავინ იხსენებს. მათ შორის თავად ამომრჩეველი, რომლის პასუხისმგებლობას, კონტროლს და სამოქალაქო აქტიურობას საარჩევნო კულტურა უნდა დაეფუძნოს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG