Accessibility links

logo-print

პოლიციელებად გადაცმულმა თავდამსხმელებმა ერაყში 49 ჯარისკაცი დახოცეს


შაბათს ღამით ერაყში ეროვნული გვარდიის 49 ჯარისკაცი მოკლეს. თავდასხმა

კარგად იყო ორგანიზებული. სახლში მიმავალი ჯარისკაცები პოლიციელებად გადაცმულმა თავდამსხმელებმა გააჩერეს. ვინაიდან თავდასხმა ერაყის სახელმწიფო შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებზე განცხორციელდა, იმათზე, ვინც ერაყში უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, ბევრისთვის ცხადი ხდება, რომ ეს იყო საგანგებოდ სტაბილურობის წინააღმდეგ გამიზნული ქმედება, რომლის საბოლოო მიზანიც ერაყში იანვარში დაგეგმილი ეროვნული კრების არჩევნების ჩაშლაა. თემას ნინო გელაშვილი განაგრძობს:


23 ოქტომბრის თავდასხმა სამხედრო ოპერაციის სიზუსტით იყო დაგეგმილიცა და განხორციელებულიც. ერაყელი ჯარისკაცების დახოცვაზე პასუხისმგებლად თავი ალყაიდის მოკავშირე აბუ მუსაბ ზარყავიმ გამოაცხადა.

ზარყავის დაჯგუფება თავს პასუხისმგებლად აცხადებს თვითმკვლელთა მიერ განხორციელებულ მთელ რიგ აფეთქებებზე, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა. ზარყავისავე დაჯგუფება იბრალებს უცხოელი მძევლებისთვის თავის მოკვეთასაც.

შაბათს ღამით ერაყის ცენტრში მდებარე ქალაქ ბაქუბას მახლობლად მდებარე საწვრთნელი ბაზიდან სახლში მიმავალ ჯარისკაცებს პოლიციელებად გადაცმული თავდამსხმელები გადაუდგნენ, როგორც საკონტროლო გამშვები პუქნტის თანამშრომლები. მათ გააჩერეს სამი მინიავტობუსი, რომლებშიც ჯარისკაცები ისხდნენ. აიძულეს ისინი გადმოსულიყვნენ, პირქვე მიწაზე დააწვინეს და დაცხრილეს. როგორც ამბობენ, ჯარისკაცთა უმრავლესობა ღარიბი ოჯახებიდან იყო და ბასრაში, ამარასა და ნასირიაში ბრუნდებოდნენ.

სახელმწიფო გვარდიის ოფიცერი იასიმ საადი ასე აღწერდა ადგილზე ნანახს:

102417 [საადის ხმა]
"გუშინ ღამით 10 საათზე ჩვენ და ქალაქ მანდალის პოლიციის განხოფილებას შეგვატყობინეს ბადრა-ყაზანიაში მასობრივი მკვლელობის შესახებ. ეროვნული გვარდიისა და პოლიციის ერთობლივი პატრული თავდასხმის ადგილისკენ გაეშურა, რომელიც მანდალიდან 70-80 კილომეტრზე მდებარეობს. ჩვენ იქ 11 საათზე ჩავედით და დახოცილი ჯარისკაცები ჯგუფ-ჯგუფად, 12-12-ად პირქვე დაწყობილი თავებში ტყვიებით ვნახეთ, იქვე იყო ერთი დამწვარი მანქანა. ახლა 36 გვამი გვაქვს".

ამის შემდეგ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ დახოცილი იყო 49 ჯარისკაცი. მათი უმრავლესობა ადგილზე დაცხრილეს, ნაწილს კი გაქცეულებს გზაში დაადევნეს ტყვია.

ამ საზარელ მკვლელობაზე პასუხისმგებლობის ამღებმა აბუ მუსაბ ზარყავიმ ბოლო დროს კიდევ ერთხელ გადაარქვა სახელი თავის დაჯგუფებას და ამჯერად უწოდებს “ალყაიდის ორგანიზაცია ერაყში წმიდა ომისათვის”. ზარყავის განცხადება გაავრცელდა ინტერნეტის გვერდით, რომელსაც ხშირად იყენებენ ალყაიდა და მისი მოკავშირეები. განცხადებაში ნათქვამია, რომ "მოჯაჰედინებმა დახოცეს ყველა მათგანი, გაიტაცეს ორი ავტომანქანა და ხელფასები, რომლებიც მათ ახალი მიღებული ჰქონდათ თავიანთი ბატონებისგან’.

შაბათს ღამით განხორციელებული თავდასხმა იყო შეერთებული შტატების მხარდაჭერით ერაყის დროებითი მთავრობის მიერ ერაყის ძალოვანი სტრუქტურების შექმნის მცდელობის წინააღმდეგ განხორციელებული აქტი. შეიარაღებული ძალების შექმნის მიზანი კი ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, ურომლისოდაც იანვარში ეროვნული კრების არჩევნების ჩატარება ეჭვქვეშ დადგება.

ჯარისკაცებზე თავდასხმის დღეს, შაბათსვე ერაყის ცენტრალურ ნაწილში ერთ-ერთ სამხედრო ბაზასთან და საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან განხორციელებული აფეთქებების შედეგად 18 ერაყელი პოლიციელი, გვარდიელი და ახალწვეული დაიღუპა.

მიმომხილველები შენიშნავენ, რომ თავდამსხმელები ერაყელ სამხედროებს უფრო იოლ სამიზნეებად მიიჩნევენ, ვიდრე კოალიციის ძალებს.

ფილიპ მიტჩელი სახმელეთო ჯარების ექსპერტი გახლავთ. ის ლონდონის სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშრომელია. მიტჩელსაც მიაჩნია, რომ ერაყის სამხედრო ნაწილები კოალიციის ჯარებზე ნაკლებად დაცულები არიან და თავდამსხმელებისთვის იოლია მათზე სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაცა და თავდასხმის განხორციელებაც. ერაყის სამხედრო ნაწილებზე თავდასხმის მიზანი შესაძლოა იყოს ერაყელების დაშინებაც, რომ მომავალში რაც შეიძლება ნაკლებმა გამოთქვას გვარდიაში სამსახურის სურვილი.

ერაყის დროებითი მთავრობის მეთაური იად ალავი შაბათის თავდასხმაზე პასუხისმეგებლთა დასჯით იმუქრება. თავდაცვის მინისტრმა ჰაზიმ შაალანმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოროტმოქმედთა გამოვლენისა და აყვანის შემდეგ, მათ წინააღმდეგ განხორციელებული ზომა სიკვდილით დასჯა იქნება.

რაც შეეხება თავდასმხმელთა ქსელის სიმძლავრეს, "ნიუ იორკ ტაიმზს" მოჰყავს შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლის სიტყვები, რომლის თანახმადაც, დღეს ერაყში 8-დან 12 ათასამდე ამბოხებული იმყოფება სადამ ჰუსეინის მომხრეთა და უცხოელ მეომართა ჩათვლით. ერაყის ხელისუფლებისა და კოალიციის წინააღმდეგ მოქმედ ძალებს შეუძლიათ დიდი ფინანსების მიღება ექსტერმისტული ისლამური დაჯგუფებებისგან და ბაათის პარტიის ყოფილი ლიდერებისგანაც.
XS
SM
MD
LG