Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს საქართველოს პარლამენტში ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიხსნა. წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს საკითხზე არ უნდა ემსჯელათ,

მაგრამ, ბუნებრივია, სხდომის მონაწილეები გვერდს მაინც ვერ აუვლიდნენ ევროსაბჭოს წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. რით იყო საქართველოსთვის საინტერესო ევროპელი მოხელეების სტუმრობა?

მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე ვრცლად ილაპარაკა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ერთი ვალდებულება, მოგეხსენებათ, 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოქალაქეების დაბრუნება და საამისოდ აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნა გახლავთ. ნინო ბურჯანაძემ გაიმეორა ქართული მხარის ნაცადი არგუმენტი, რომ ქვეყნის შიგნით 300 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირის ყოფნა ძალიან ართულებს ე.წ. თუქრი მესხების რეპატრიაციის პროცესს. ამ არგუმენტს ევროსაბჭოში, უკვე რამდენიმე წელია, გაგებით ეკიდებიან. აქამდე ევროპის საბჭო თანახმა იყო, რეპატრიაციის საკითხი 2011 წლამდე გადადებულიყო. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე ამბობს, რომ ქართულმა მხარემ ამ საკითხის კიდევ 2 წლით, 2013 წლამდე, გადავადებას მიაღწია. ამასთან,

[თევდორაძის ხმა] “არ ვეხებით ქვედა ზღვარს. ადრინდელი შეთანხმება გვავალდებულებდა კანონი მიგვეღო 2001 წელს. ახლა კი კანონის მიღების ვადას საერთოდ არ ვაწესებთ.”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროსაბჭოს ემისრებმა კარგად იციან, რა შეასრულა საქართველომ ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებათაგან და რა არ შეასრულა. შეუსრულებელია, ძირითადად, უმცირესობებთან დაკავშირებული ვალდებულებები. ელენე თევდორაძე ჩამოთვლის იმ საერთაშორისო აქტებს, რომელთაც საქართველო ჯერ არ მიერთებია, აგრეთვე ჯერჯერობით არმიღებულ კანონებს:

[თევდორაძის ხმა] “ჩარჩო-კონვენცია, ეროვნულ უმცირესობათა ენების კონვენცია, კანონი ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ, თვითმმართველობის ქარტია, კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ და მესხების საკითხი.”

ამ ყველაფრის რატიფიცირება საქართველოს 2001 წელს უნდა მოეხდინა. დღეს კი ხელისუფლება ცდილობს მოლაპარაკების საშუალებით გადასწიოს ეს ვადა.

ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის წევრებს 25 ოქტომბერს პატიმრობაში მყოფი კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარეც უნდა მოენახულებინათ. სულხან მოლაშვილთან შეხვედრისა და ციხის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მისიის წარმომადგენელმა ელიზაბეტ დორიემ განაცხადა:

“სულხან მოლაშვილი 6 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ახლახან გააცნეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ პატიმრობას 1 თვით უგრძელებენ. მას 6 თვის განმავლობაში არ უნახავს ოჯახის წევრები. ეს არის ამ პრობლემის, ვთქვათ ასე, ჰუმანური ასპექტი. რაც შეეხება იურიდიულ ასპექტს, ალბათ, გამიგებთ, თუ თავს შევიკავებ. ევროპის საბჭო დიდი ინტერესით ეკიდება ამ საქმეს და მომავალშიც მიადევნებს თვალყურს მის განვითარებას.”
XS
SM
MD
LG