Accessibility links

logo-print

მცირე მეწარმეები საგადასახადო კოდექსში პრეზიდენტის დაპირებების რეალიზებას მოითხოვენ


საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს შორის განხეთქილების ვაშლად ქცეული საგადასახადო კოდექსის კანონპროექტის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად

პარლამენტარები და მთავრობის წევრები 23-24 ოქტომბერს გუდაურის ფეშენებელურ სასტუმროში მსჯელობდნენ. თუმცა რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ ხელისუფლების ამ ორი შტოს წარმომადგენლები, მათ ერთად საზოგადოებასთან და განსაკუთრებით მცირე მეწარმეებთან შეთანხმება გაუჭირდებათ. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა მცირე მეწარმეთა არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციაზე, რომელიც 25 ოქტომბერს გაიმართა.

საგადასახადო კოდექსის კანონპროექტმა ერთმანეთთან მცირე მეწარმეთა 12-მდე ორგანიზაცია დააკავშირა. მათ შორისაა 3 საერთაშორისო საქველმოქმედო გაერთიანება, ერთ-ერთი მათგანი კი ”მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაა”.

[დევიდ ტერცის ხმა] ”ჩვენ ხელს ვუწყობთ იმ არალეგალური მიგრანტების დაბრუნებას საქართველოში, რომლებიც დასავლეთში სამსახურის მოსაძებნად წავიდნენ. ზოგმა ეს ვერ მოახერხა, ზოგმა კი მოახერხა არასრულფასოვნად. წასვლის მიზეზი კი ერთი იყო: მათ ვერ შეძლეს საქართველოში დასაქმებულიყვნენ. ჩვენ სწორედ იმიტომ ჩავერთეთ საგადასახადო კოდექსის განხილვაში, რომ ეს ხალხი, ვისზეც ჩვენ ვმუშაობთ, მცირე ბიზნესით უნდა იყვნენ დაკავებულნი.”

ეს არის დევიდ ტერცი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
მე მას ვკითხე, იძლევა თუ არა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი საშუალებას, განხორციელდეს მისი ორგანიზაციის მიზანი, ანუ შეძლებენ თუ არა ტრეფიკინგის მსხვერპლნი თუ არალეგალური მიგრანტები მცირე ბიზნესით დასაქმდნენ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.

[დევიდ ტერცის ხმა] ”მე გავეცანი საგადასახადო კოდექსის პროექტს და იგი ნამდვილად არ იძლევა მცირე ბიზნესის განვითარების საშუალებას. ძალიან დიდი მოთხოვნები და მოლოდინია დაწესებული მთავრობის მიერ მცირე ბიზნესის მიმართ.”

ამასვე ამბობენ ქართველი მცირე თუ საშუალო მეწარმეებიც. მათ მიაჩნიათ, რომ მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად ახალი საგადასახადო კოდექსით ფიქსირებული გადასახადი უნდა დაწესდეს. ახალი პროექტის მიხედვით კი, მცირე ბიზნესი ისევე იბეგრება ყველა სახის გადასახადით, როგორც მსხვილი მეწარმეობა.

შეგახსენებთ, რომ მცირე ბიზნესი გასულ წლებშიც სარგებლობდა დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმით და, მით უმეტეს, წელს, როდესაც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ თავი მცირე ბიზნესის დამცველად გამოაცხადა. უფრო მეტიც, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად არჩევამდე მცირე მეწარმეებს 2 წლით გადასახადებისაგან გათავისუფლებას დაჰპირდა.

[ანზორ საკანდელიძის ხმა] ”რაც იყო საგადასახადო კოდექსის პროექტში, ისიც ამოიღეს, დაპირებების შესრულებაზე აღარავის უფიქრია.”

ეს არის ანზორ საკანდელიძე, საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე. ის და მისი თანამოაზრეები ახალი საგადასახადო კოდექსის ავტორებისაგან, პრეზიდენტის დაპირების შესრულებას კი არა, წელს არსებული საგადასახადო რეჟიმის შენარჩუნებას მოითხოვდნენ. გასულ წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, 2004 წლის მანძილზე მცირე ბიზნესი, ანუ 100 ათასი ლარის კაპიტალბრუნვის მქონე საწარმო, მხოლოდ 5 პროცენტიანი გადასახადით იბეგრებოდა.
XS
SM
MD
LG