Accessibility links

logo-print

ზურაბ კიკალეიშვილი – 80


25 ოქტომბერს 80 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ მოცეკვავეს,

ბალეტმეისტერს, პედაგოგს - ზურაბ კიკალეიშვილს. საბედნიეროდ, არ განადგურებულა კინოფირები, რომელზედაც ზურაბ კიკალეიშვილის ოსტატობაა აღბეჭდილი – მისი როლები კილაძის ბალეტში “სინათლე”, მაჭავარიანის “ოტელოში”... მისი დაუვიწყარი როლი პირველ ქართულ მიუზიკლში “ვერის უბნის მელოდიები”. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” ზურაბ კიკალეიშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფიის ზოგიერთ უცნობ დეტალზე გესაუბრებით.

[მუსიკა “ოტელო”]

მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ზურაბ კიკალეიშვილი თბილისში დაბრუნდა და 1942 წლიდან ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი გახდა. ეს ის დროა, როცა ქართული ბალეტი, რომელსაც ვახტანგ ჭაბუკიანი ჩაუდგა სათავეში, აღმავლობას განიცდის, როცა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ზედიზედ იდგმება ქართველი კომპოზიტორების საბალეტო სპექტაკლები – ბალანჩივაძის “მთების გული”, თორაძის “გორდა”, გრიგოლ კილაძის “სინათლე”. დავრიშის როლის შესრულებისთვის კილაძის ბალეტში “სინათლე” ზურაბ კიკალეიშვილი “სტალინური პრემიის” ლაურეატი გახდა.
მაგრამ ნამდვილი აღიარება მას მაინც იაგომ მოუტანა ჭაბუკიანისა და მაჭავარიანის ბალეტში “ოტელო”. თავდაპირველად იაგო ჩაფიქრებული იყო, როგორც “სახასიათო როლი”, რომელიც მოცეკვავისგან, ფაქტობრივად, მხოლოდ არტისტული ნიჭის დემონსტრირებას მოითხოვდა. მაგრამ სპექტაკლზე მუშაობის პროცესში ნათელი გახდა, რომ კიკალეიშვილს შეეძლო პლასტიკით გამოეხატა ხასიათი და ასე გაეხადა იაგო წარმოდგენის ცენტრალური გმირი... ისე მოხდა, რომ კიკალეიშვილმა მთლიანად შეაცვლევინა ჭაბუკიანს “ოტელოს” კონცეფცია – ორი მამაკაცის საბალეტო დუელი სცენაზე გადაიქცა მაჭავარიანის ბალეტის მხატვრულ სახედ... რაც, თავის მხრივ, რევოლუციად აღიქვეს ბალეტის სამყაროში. ჭაბუკიანმა არა მარტო გააძლიერა მამაკაცის პარტიის მნიშვნელობა, არამედ, კიკალეიშვილის დახმარებით, მან, შეიძლება ითქვას, “გააორმაგა” მამაკაცის როლი. ყველაფერი ეს კი რუსული კლასიკური ბალეტის გამოწვევაც კი იყო. ამ მოსაზრებას იზიარებს ქართველი მოცეკვავე თამაზ ვაშაკიძეც, რომელიც ზურაბ კიკალეიშვილის შემოქმედებას ძალიან კარგად იცნობს:

[თამაზ ვაშაკიძის ხმა] “ზურაბ კიკალეიშვილს ძალიან მნიშვნელოვანი პარტია შეუქმნა და არა მეორეხარისხოვანი. ზურაბმა ფანტასტიკურად შექმნა ის სახე, რომლითაც კონკურენცია გაუწია.”

იმხანად ვახტანგ ჭაბუკიანთან “კონკურენცია” ბალეტის სამყაროში წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ჭაბუკიანმა, უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც განახორციელა რეფორმა თანამედროვე ქორეოგრაფიაში - ვაჟ მოცეკვავეს თვინიერ ხელის მომკიდებლად უკვე აღარ აღიქვამდნენ... მაგრამ მავანი და მავანი რევოლუციას საბჭოთა ბალეტში მხოლოდ ჭაბუკიანს მიაწერდა – საბჭოთა კავშირში მიაჩნდათ, რომ ჭაბუკიანის რეფორმა დროებითი იყო... როგორც კი ბალეტის მაესტრო ცეკვას თავს დაანებებდა, კლასიკური ბალეტი ისევ ქალის პარტიის მნიშვნელობას აღიარებდა... მაგრამ ეს წინასწარმეტყველება არ გამართლდა. მოსკოვში ჭაბუკიანს უამრავმა მოცეკვავე მამაკაცმა, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, “ბალერონმა” მიბაძა... საქართველოში ასეთი მხოლოდ ზურაბ კიკალეიშვილი იყო. მისი ტანის კლასიკური პროპორციები, ცეკვითი სმენიანობა, რიტმის მგრძნობიარობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქართულ სცენაზე საბოლოოდ დამკვიდრებულიყო ვახტანგ ჭაბუკიანის მთავარი შემოქმედებითი პრინციპი - მსახიობი მაშინაც კი ცეკვავს, როდესაც უმოძრაოდ დგას სცენაზე... მაგრამ ამის მიღწევა რომ შესაძლებელი გახდეს, მოცეკვავე ძალიან არტისტული და ძალიან ჭკვიანი უნდა იყოს – იგი უნდა განთავისუფლდეს “მარიონეტის კომპლექსისგან”, რომელსაც რუსული, განსაკუთრებით რუსული-საბჭოთა კლასიკური ბალეტი წლების განმავლობაში უქმნიდა მსახიობებს... მოცეკვავეს მოეთხოვება რაც შეიძლება ღრმად ჩასწვდეს როლს და შექმნას მხატვრული სახე, მაშინაც კი, როცა მისი შესაძლებლობები მინიმალურია.

[მუსიკა. “ოტელო”]

ქართველ მაყურებელს, რომელსაც ზურაბ კიკალეიშვილი სცენაზე არ ახსოვს, არასდროს დაავიწყდება, ალბათ, მისი როლი გიორგი შენგელაიას მიუზიკლში “ვერის უბნის მელოდიები”, რომელიც ეკრანებზე 1973 წელს გამოვიდა. კიკალეიშვილს აქ არსებითად არც არაფერი აქვს სათამაშო – მისი პერსონაჟი “ცნობის ფურცელს” ყიდის, მაგრამ ეს მოუსვენარი, უკვე ასაკში შესული მამაკაცი მაყურებლის ყურადღებას თავიდანვე იპყრობს მოძრაობებით, რომელიც, ერთი მხრივ, არ სცილდება ყოფითობის საზღვრებს, ძალიან ბუნებრივია, მეორე მხრივ, განუწყვეტლივ იგრძნობა მსახიობის დამოკიდებულება თავისი პლასტიკისადმი, მსუბუქი ირონია, წონასწორობა პირობითსა და რეალურს შორის, რაც კინომიუზიკლის სპეციფიკას გამოხატავს. თამაზ ვაშაკიძის აზრით, კინორეჟისორებმა ძალიან გვიან აღმოაჩინეს კიკალეიშვილში უნიჭიერესი მსახიობი, რომელსაც არა მარტო მიუზიკლებში შეეძლო წარმატებით ეთამაშა, არამედ დრამატულ ფილმებშიც:

[თამაზ ვაშაკიძის ხმა] “ფენომენალური აქტიორია, მისი პლასტიკა, მიმიკა... ფანტასტიკური დრამატული მსახიობი იქნებოდა. ბალეტში იკარგება სახის მიმიკა, მაგრამ ეს სახე “ჯდებოდა” მის პლასტიკაში.”

მაგრამ ზურაბ კიკალეიშვილი არა მარტო კარგი აქტიორი, არამედ შესანიშნავი ქორეოგრაფიცაა. მან თავად დადგა რამდენიმე ბალეტი თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე: 1948 წელს - გლიერის “წითელი ყაყაჩო”, 1964 წელს - ბიძინა კვერნაძის “ქორეოგრაფიული ნოველები”. 80-იან წლებში, როცა თეატრს ძალიან გაუჭირდა, აღადგინა კლასიკური ბალეტები. 1990 წელს ზურაბ კიკალეიშვილმა იაპონიაში დაიწყო მუშაობა “ტოკიო ბალეტის” ანსამბლის პედაგოგად. ტოკიოში ბალანჩინის მოწაფემ, “ტოკიო ბალეტის” ხელმძღვანელმა ჯონ ტარასმა მას ბალანჩინის საპატიო ორდენი გადასცა “მსოფლიო ქორეოგრაფიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის”.

ბალანჩინთან კიკალეიშვილს ბევრი რამ აკავშირებს. იგი დღემდე ინახავს ფოტოს ჯორჯ ბალანჩინის წარწერით: “ძვირფას ზურაბს სამახსოვროდ”. ბალანჩინს მაშინ უთქვამს, რომ პირველად, დიდი ხნის შემდეგ, თავისი ნამდვილი სახელითა და გვარით მოაწერა ხელი – “გიორგი ბალანჩივაძე”, თან დაუმატებია, ვერ წარმოიდგენ, როგორი ბედნიერი ვარო.


1962 წელს თბილისში ჯორჯ ბალანჩინი ჩამოვიდა. ზურაბ კიკალეიშვილი ფეხდაფეხ დაჰყვებოდა მაესტროს, ესწრებოდა მის გაკვეთილებს. ბალანჩინმა კიკალეიშვილი სცენაზე ნახა და თავის ანსამბლში მოიწვია. ზურაბ კიკალეიშვილი დღეს ამბობს, რომ ეს იყო საკმაოდ გულუბრყვილო წინადადება – იმხანად შეერთებულ შტატებში გამგზავრების უფლებას არათუ კიკალეიშვილს, ბალანჩინის ძმისშვილს, ოპერის თეატრის საბალეტო დასის სოლისტ ცისკარა ბალანჩივაძესაც კი არ აძლევდნენ. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ კიკალეიშვილი მაინც შეხვდა ამერიკაში ბალანჩინს – საბჭოთა ბალეტის ოსტატთა გასტროლებზე ნიუ-იორკში.

1972 წელს, როცა ბალანჩინი უკანასკნელად ჩამოვიდა სამშობლოში, ზურაბ კიკალეიშვილმა მას წმინდა გიორგის ვერცხლის ხატი გადასცა. ამბობენ, რომ ბალანჩინი სწორედ ამ ხატით დაკრძალეს – შეასრულეს დიდი ქორეოგრაფის ანდერძი: წმინდა გიორგის ხატი გულზე დაადეს.

თუმცა ბოლო დროს ბალანჩინის მიერ აღიარებული მოცეკვავე, რომელმაც ქართული ბალეტისთვის თითქმის იმდენივე გააკეთა, რაც ვახტანგ ჭაბუკიანმა, ბალეტის სამყაროშიც კი დაივიწყეს. თამაზ ვაშაკიძე ამას დიდი გულისტკივილით აღნიშნავს:

[თამაზ ვაშაკიძის ხმა] “ეს ხალხი ამ ეტაპზე არის ჩრდილში. თქვენ ძალიან ხშირად ნახავთ ზურაბ კიკალეიშვილს მჯდარს აბსოლუტურად საქმის გარეშე... რეპეტიციაზე ხომ შეიძლება შეიყვანო, ბევრი რამე ისწავლო, მაგრამ ეტყობა არ გვჭირდება ეს ხალხი.”

ქართულ ბალეტს, რომელიც დღეს უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ზურაბ კიკალეიშვილისთვის არ სცალია... მაგრამ, შესაძლოა, ბალეტი სწორედ იმიტომაც აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში, რომ თავისი ძველი ვარსკვლავები დაივიწყა და მხოლოდ რუსეთში აკიაფებული ვარსკვლავებით ამაყობს. დღეს საქართველოში იზრდება თაობა, რომელსაც ზურაბ კიკალეიშვილი მხოლოდ “ცნობის ფურცლის” გამყიდველი ჰგონია “ვერის უბნის მელოდიებში”.
XS
SM
MD
LG