Accessibility links

logo-print

ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტი ევროპარლამენტს ზავს სთავაზობს


1 ნოემბრიდან ევროკომისიას ახალი პრეზიდენტი

და ახალი შემადგენლობა ეყოლება. ისტორიას არ ახსოვს, რომ ევროპარლამენტს ევროკომისიის რომელიმე შემადგენლობა "ჩაეგდოს". ალბათ, ფუჭია იმათი ღელვაც, ვისაც ჰგონია, რომ 27 ოქტომბერს სტრასბურგში შეკრებილი ევროპარლამენტი ჟოზე მანველ დორაო ბაროზოს გუნდს "დაიწუნებს" იმ ერთი კანდიდატის - როკო ბუტილიონეს გამო, რომელიც ამ ღელვისა და ეჭვების საფუძვლად იქცა. თუმცა, არაერთი ექსპერტი მაინც მიიჩნევს, რომ დისკუსიის ორივე მხარე – ევროპარლამენტიცა და ევროკომისიის ახალი პრეზიდენტიც გარკვეული საფრთხის წინაშე დგანან.

პროცედურის თანახმად, ევროკომისიის ახალი შემადგენლობისთვის კენჭისყრისას ევროპარლამენტს არ აქვს უფლება დაიწუნოს ერთი რომელიმე კანდიდატი: მას შეუძლია დაამტკიცოს ახალი გუნდი, ან მთლიანად უკუაგდოს ის და ახალი შემადგენლობის წამოყენება მოსთხოვოს ახალ პრეზიდენტს. ცნობისათვის, აქვე მოგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს ევროპარლამენტი წინასწარ ამტკიცებს. ჯოზე მანველ დორაო ბაროზოს კანდიდატურაც ევროპარლამენტმა ზაფხულში დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის წევრთა თითქმის ნახევრის უკმაყოფილება გამოიწვია ევროკომისიის წევრობის ერთ-ერთი კანდიდატის როკო ბუტილიონეს კომენტარმა, რომელიც მან ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტის წინაშე გააკეთა. ევროპარლამენტარებმა დისკრიმინაციულ მიდგომად ჩათვალეს ბუტილიონეს განცხადება იმის თაობაზე, რომ "ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა". იმავე მოსმენაზე ბუტილიონემ დააზუსტა, რომ მის ასეთ მიდგომას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან მანამდე, სანამ ის არ იტყვის, რომ "ჰომოსექსუალიზმი დანაშაულია". იტალიელმა დიპლომატმა კომიტეტის წინაშე ერთგვარად დაიცვა ტრადიციული, ჰეტეროსექსუალური ქორწინება და განაცხადა, რომ ქალები დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ვალდებულებით არიან დატვირთული და რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათი ხელშეწყობისთვის, რომ იყვნენ დედები და ამის პარალელურად განვითარდნენ პროფესიულად. ეს განმარტება ბუტილიონეს ქალების დისკრიმინაციად ჩაუთვალეს. დამეთანხმებით, ეს ორი მიზეზი სრულიად საკმარისი იყო ევროპარლამენტის მემარცხენე ძალებისთვის, რომ სილვიო ბერლუსკონის გუნდის ყოფილი წევრი დაეწუნებინათ. ბუტილიონეს, რომელიც რომის პაპის მეგობრად მოიხსენიება, არ დავიწყნია კომიტეტის წინაშე განემარტა ისიც, რომ "ჰომოსექსუალისტთა უფლებები ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც ევროკავშირის სხვა მოქალაქეებისა"; მოგვიანებით ვითარების გამწვავების შემდეგ მან ახსნა-განმარტებითი წერილი გაუგზავნა ევროკომისიის ახალ პრეზიდენტს, აღიარა, რომ პოლიტიკურ დებატებზე ემოციებზე დაფუძნებული განცხადებების გაკეთება არ შეიძლება. მაგრამ ეს აღარ აღმოჩნდა საკმარისი ვნებათაღელვის ჩასაქრობად. თუმცა, ბუტილიონეს არგუმენტი მისაღები აღმოჩნა თავად ბაროზოსთვის, რომელიც მიუხედავად კრიტიკისა ბოლომდე იცავს მართლწესრიგის საკითხებ კანდიდატურას. 26 ოქტომბრის მოსმენაზეც კი მან ევროპარლამენტარებს განუცხადა:

[ბაროზოს ხმა]
"ბატონი ბუტილიონეს მიმართ გამოტანილი ვერდიქტი ერთ მოსმენაზე იყო დადებითი, მეორე მოსმენაზე – უარყოფითი. ამ მოსმენის შემდეგ მე მას მოვთხოვე პოზიციის მკაფიოდ განმარტება. ბუტილიონემ წერილობით მიპასუხა, გამოთქვა სინანული და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება ანტიდისკრიმინაციულობის პრინციპის მიმართ".

ბაროზომ საჭიროდ მიიჩნია საკუთარი პრინციპულობის ხაზგასმაც. რამდენად დამაჯერებელი იყო ის, ამას 27 ოქტომბრის კენჭისყრა აჩვენებს. ევროკომისიის პრეზიდენტი კი დაპირდა ევროპარლამენტს, რომ საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ევროკომისიის ნებისმიერი წევრი მისი მითითებით გადადგება თანამდებობიდან:

[ბაროზოს ხმა]
"ევროკომისიის ყველა წევრს აღებული აქვს ვალდებულება გადადგომის თაობაზე ჩემი თხოვნისთანავე დაწეროს განცხადება წასვლის თაობაზე. რასაკვირველია, შეიძლება მოხდეს მათი პასუხისმგებლობის სფეროების შეცვლაც. მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, მე უფლებამოსილი ვიქნები განვახორციელო ის ცვლილებები, რასაც აუცილებლად მივიჩნევ".

ლონდონის ევროპის რეფორმების ცენტრის თანამშრომელ ალასდა მარის მიაჩნია, რომ კენჭისყრისწინა სიდკუსიამ საფრთხის წინაშე დააყენა ორივე მხარეს. მარის აზრით, ევროკომისიის ახალი პრეზიდენტის მიერ ბუტილიონეს კანდიდატურის დათმობით დაშვებული იქნებოდა მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რაც ზიანს მიაყენებდა ბაროზოს ავტორიტეტს. ეს ასე არ მოხდა, ბაროზომ პრინციპული აღმოჩნდა. ახლა რჩება მეორე საფრთხე – რომ ევროპარლამენტი არ დაამტკიცებს ევროკომისიის ახალ შემადგენლობას. სავარაუდოდ, ევროპარლამენტი არ წავა ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე, რადგან მან ევროკომისიის ახალი გუნდის მუშაობის დაწყებამდევე უნდა დაამტკიცოს, რომ ის უვარგისია.
XS
SM
MD
LG