Accessibility links

logo-print

როგორია რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ? ბოლო დროს ამ საკითხით


გიორგი კაკაბაძე, თბილისი როგორია რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ? ბოლო დროს ამ საკითხით არაერთხელ დაინტერესებულა რუსეთის პრესა.

ამ თემის გარდა, რუსეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში შემოგთავაზებთ ნაწყვეტს აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ინტერვიუდან და გაგაცნობთ ალექსანდრე ანქვაბის მოსაზრებას სოხუმისა და თბილისის ურთიერთობის შესახებ.
გესაუბრებით რუსეთის პრესის რამდენიმე პუბლიკაციის თაობაზე.

21 ოქტომბრის გაზეთ “მოსკოვსკი კომსომოლეცის” წერილის დასაწყისში საუბარია მოსკოვის დამოკიდებულებაზე ბელარუსის მიმართ და შემდეგ ნათქვამია, რომ “საღი აზრიდან გამომდინარე, კრემლი არალოგიკურად და არათანმიმდევრულად იქცევა.”
“შთაბეჭდილება ისეთია, - წერს გაზეთი, - თითქოს ხელისუფლებამ თვითონ არ იცის, რა უნდა. არც მიზანი არსებობს, არც გეგმა.”
გაზეთის თქმით:

“ზუსტად ასეთი სურათია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაშიც.
საქართველო ერთადერთი ადგილია, სადაც სასიამოვნო გარკვეულობა შეინიშნება. კრემლი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო სამუდამოდ წავიდეს რუსეთის გავლენის სფეროდან, შევიდეს ნატოში, განათავსოს თავისთან ამერიკის სამხედრო ბაზები და რომ მისთვის რუსეთის ხელისუფლების გახსენება ისევე შემაძრწუნებელი იყოს, როგორც ეს ჩეხეთში, პოლონეთსა ან ბალტიისპირეთშია.”

22 ოქტომბრის გაზეთ “მოსკოვსკიე ნოვოსტის” თქმით, “სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განვითარებული მოვლენები უჩვენებენ, რომ პუტინის რუსეთს სჭირდება არა უბრალოდ გავლენის მექანიზმი, არამედ სწორედ რომ ძალისმიერი გავლენის მექანიზმი”.
გაზეთი წერს:

“ხომ ჰქონდა (და კრემლს კიდეც რჩება ხელთ) საქართველოში თავისი ინტერესების რბილად გატარების მექანიზმი - კახა ბენდუქიძის მეშვეობითა და პრივატიზაციის იქაურ პროცესში რუსეთის ფულის მიზიდვით, ელექტროენერგეტიკისა და ჩუბაისის “ლიბერალური იმპერიალიზმის” საშუალებით. მაგრამ ეს გზა ბიზნესის პოლიტიკური როლის დაუშვებელი გაძლიერების მანიშნებელია. პუტინის რუსეთისთვის ამგვარი ვარიანტი არასაკმარისად კონტროლირებადია. ეს რუსეთი “სლუჟბის” - სამსახურის - ადამიანებს უფრო ენდობა, ვიდრე კერძო ინტერესის ადამიანებს.”

26 ოქტომბრის გაზეთი “ნოვოე რუსკოე სლოვო” აქვეყნებს ექსკლუზიურ ინტერვიუს აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან, რომლის თქმით, ის მხარს უჭერს პრეზიდენტ სააკაშვილს და მის მცდელობებს რეფორმების გატარებაში.ჯორჯ ბუშმა აგრეთვე განაცხადა:

“აშშ-ისა და რუსეთის ინტერესებშია ქართველი ხალხისთვის დახმარების გაწევა. ამასთან დაკავშირებით ჩემი ადმინისტრაცია დახმარებას უწევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ სპეციალისტების მომზადებაში, რომელთაც ძალუძთ გაანადგურონ ტერორის ფესვები პანკისის ხეობაში. ტერორისტები საქართველოში მდგომარეობის დესტაბილიზაციით თანაბრად ხელს უწყობენ იმას, რომ ზიანი მიადგეს რუსეთს. რუსეთის ინტერესებშია, რომ თავის სამხრეთ საზღვრებზე ჰყავდეს მშვიდობიანი და სტაბილური საქართველო, რომელიც ასევე მიზნად ისახავს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ჩვენს მეგობრებთან რუსეთშიც და საქართველოშიც და ვეხმარებით მათ ორივე ქვეყნისთვის სახიფათო ჩეჩნეთის ტერორიზმის გადაწყვეტაში.”

რაც შეეხება ინტერვიუს ალექსანდრე ანქვაბთან, 22 ოქტომბრის გაზეთ “ვრემია ნოვოსტეიში” იგი ამბობს:

“ჩვენ ვერ ვხედავთ კეთილგანწყობას სააკაშვილის მხრიდან. ისევ რევანშისტული განცხადებები გვესმის. რევანშიზმი ჩვენ ვერ შეგვაშინებს. ჯობს, რომ ტონი შეცვალონ. როცა კეთილმეზობლური ურთიერთობები იქნება, თანამშრომლობაზე ვილაპარაკებთ. ეკონომიკა, თვითმფრინავები, გზები, ზღვა. საჭიროა, რომ ჩვენც და ქართველებმაც ვისწავლოთ ფულის გაკეთება, რომ ადამიანების ცხოვრება უკეთესი გახდეს. შეხედეთ რა დღეშია ჩვენი მეზობელი სამეგრელოს ეკონომიკა: იყო აყვავებული, გახდა სავალალო.”
XS
SM
MD
LG