Accessibility links

logo-print

"რეპორტიორები უსაზღვრებოდ" მსოფლიოსა და საქართველოში პრესის თავისუფლების შესახებ


26 ოქტომბერს ორგანიზაციამ "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში პრესის თავისუფლების შესახებ.

ანგარიში მოიცავს პერიოდს 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2004 წლის 1 სექტემბრამდე. "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" ორგანიზაციის მიერ მონიჭებული ინდექსით პრესის თავისუფლების თვალსაზრისით საქართველო 167 ქვეყანას შორის 94-ე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება სამხრეთი კავკასიის დანარჩენ ორ ქვეყანას: სომხეთში მდგომარეობა საქართველოზე უკეთ შეფასდა და ის 83-ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანში პრესის თავისუფლების მდგომარეობა ყველაზე უარესად შეფასდა და მას 136-ე ადგილი მიენიჭა. ცნობისათვის, აქვე გეტყვით, რომ 140-ე ადგილზეა რუსეთი, რასაც დიდად შეუწყო ხელი ჩეჩნეთში არსებულმა ვითარებამ და ბესლანის ტრაგედიის გაშუქებისას არსებულმა შეზღუდვებმა. 138-ე ადგილზეა უკრაინია, 144-ზე კი ბელორუსია. წლევანდელი მიმოხილვის მიხედვით, ყველაზე თავისუფალი პრესა დანიაში, ფინეთსა და ისლანდიაშია.

167 ქვეყანას შორის 94-ე ადგილი საქართველოში პრესის თავისუფლების სტატუსისთვის, როცა ჩვენზე უკეთესად შეფასდა მდგომარეობა კენიაში, კამერუნში, ნიგერში, ბურუნდისა და ბურკინა ფასოში, ცოტა დამაფიქრებლად მოჩანს. მე დავინტერესდი რას ეფუძნებოდნენ ანგარიშის ავტორები, როცა მსოფლიოში პრესის თავისუფლების შეფასებას შეუდგნენ, როგორ განისაზღვრა პრესის თავისუფლების ინდექსი. ამის თაობაზე ორგანიზაციის "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა სორია ბლატმანმა მითხრა:

[ბლატმანის ხმა]
"წელს შედგა 53 პუნქტიანი კითხვარი. კითხვები შეეხებოდა თვითცენზურას, ცენზურას, მუქარას, თავდასხმებს, მკვლელობებს. ბევრი კითხვა იყო სამართლებრივ საკითხებზე, კანონმდებლობაზე. თითოეულ კითხვას ჰქონდა თავისი ქულა. ჩვენ ვთხოვეთ ექსპერტებს შეევსოთ ეს კითხვარი. ერთი კითხვარს ავსებდა ჩვენი ორგანიზაცია. მიმოხილვის პერიოდი განისაზღვრა 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2004 წლის 1 სექტემბრამდე. კითხვარს ავსებდნენ აგრეთვე ჩვენი კორესპონდენტები. ჩვენ მსოფლიოში 150-ზე მეტი კორესპონდენტი გვყავს. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე ადგილობრივმა ექსპერტებმაA: იურისტებმა, ადამიანის უფლებათა დამცველებმა და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ეს ადამიანები, ბუნებრივია, ჩვენმა ორგანიზაციამ შეარჩია. ასე რომ ეს ჩვენი ორგანიზაციის ინდექსია და არა ერთადერთი ინდექსი, რომელიც მსოფლიოში პრესის თავისუფლებას განსაზღვრავს."

საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსის დასადგენად წელს სამი კითხვარი შეივსო: ერთი თავად ორგანიზაციის "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" მიერ, ერთი ამ ორგანიზაციის კორესპონდენტის და ერთიც ადგილობრივი ექსპერტის მიერ. სორია ბლატმანმა საჭიროდ ჩათვალა განემარტა, რომ კითხვარების შემვსებ პირთა ვინაობას მისი ორგანიზაცია არ ამჟღავნებს ხოლმე:

[ბლატმანის ხმა]
"გასულ წლებში გარკვეული საფრთხე შეექმნათ იმათ, ვინც ჩვენი კითხვარები შეავსო, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში (არა ევროპაში იმდენად, მაგრამ სხვა ქვეყნებში) "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" ორგანიზაციისთვის ანგარიშის შედგენაში დახმარების გაწევა შეიძლება დიდ რისკთან იყოს დაკავშირებული."

რატომ დაეცა გასულ წელთან შედარებით საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი. ამ შეკითხვაზე ორგანიზაციის "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა მიპასუხა:

[ბლატმანის ხმა]
"ეს ძალიან სპეციფიკური დაცემაა და ამიტომაც ანგარიშის შესავალში საჭიროდ ჩავთვალე კიდეც ამის ხაზგასმა. ინდექსის დაცემის ძირითადი მიზეზი საქართველოს შემთხვევაში არის ჟურნალისტებზე თავდასხმა აფხაზეთსა და აჭარაში. მე საჭიროდ ჩავთვალე ამის ხაზგასმა, რადგან ამ სპეციფიკური პრობლემების გარდა, რომელიც ჟურნალისტებს ასეთ რეგიონებში მუშაობისას ექმნებოდათ, თქვენს ქვეყანაში არ არის რაიმე ზოგადი პრობლემა პრესის თავისუფლების თვალსაზრისით. რასაკვირველია, ვითარება არ არის სრულყოფილი, მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ საქართველოში მოვლენების მიმდინარეობას და მომავალ რამდენიმე წელიწადში იქ მყოფ ჟურნალისტებს შეიძლება ძალიან კარგი პირობები შეექმნათ მუშაობისთვის".

ჩვენი სატელეფონო საუბრის დასასრულს სორია ბლატმანს ვთხოვე ეთქვა თუ როგორ განმარტავს მისი ორგანიზაცია პრესის თავისუფლებას, რაზეც მან მითხრა, რომ მას არ გააჩნია პრესის თავისუფლების განმარტება და ორგანიზაციის მისია ასე ამიხსნა:

[ბლატმანის ხმა]
"ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ძალიან პრაგმატული რამ არის. ჩვენ ვემყარებით იმ ფაქტებსა და სტატისტიკას ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შესახებ, რასაც ჩვენი კორესპონდენტები მთელი წლის მანძილზე გვიგზავნიან. ეს არ არის პოზიტიური განსაზღვრა, ეს პრესის თავისუფლების ნეგატიური მხრიდან განსაზღვრაა. აი რას ვგულისხმობ: ჟურნალისტზე თავდასხმის, მის მიმართ მუქარის გამოხატვის, დაპატიმრების, გაუჩინარების, ან მისი სიცოცხლის ხელყოფის თითოეული შემთხვევას ჩვენ ვაფასებთ როგორც პრესის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას და ამ გზით ვაფასებთ ზოგად სურათს. და ეს სურათი ყოველთვის ნეგატიურია. ჩვენ არ ვადგენთ წინასწარ რა არის პრესის თავისუფლება. ის არ არსებობს ზოგადი სახით. პრესის თავისუფლების ხელყოფის შემთხვევა ყოველთვის მკაფიოდ არის გამოხატული და ჩვენ პროტესტს ვაცხადებთ ხოლმე მის მიმართ".
XS
SM
MD
LG