Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მემარჯვენე ოპოზიცია “ცხელ ხაზს” ხსნის და მოქმედ ხელისუფლებას “ვარდების რევოლუციამდე” ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სთხოვს


საქართველოს პარლამენტში დღეიდან მუშაობას იწყებს მემარჯვენე ოპოზიციის მიერ ამოქმედებული “ცხელი ხაზი”, რომლის ძირითადი ფუნქცია ადამიანის უფლებათა

დარღვევის ყოველ ცალკეულ ფაქტზე რეაგირებაა. “ცხელი ხაზის” ტელეფონი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დილის ათი საათიდან საღამოს 18 საათამდე იმუშავებს და ყოველდღიურად რამდენიმე დაზარალებული ადამიანის სატკივარს აღნუსხავს.პარლამენტის უფლებამოსილების მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, ცხელი ხაზისა და დეპუტატების მეშვეობით უფლებაშელახული ადამიანების მყისიერი დახმარება მოსალოდნელი არ არის. თუმცა, მეორე მხრივ, თითოეული ფაქტის გასახმაურებლად აქტიურად იქნება გამოყენებული საპარლამენტო ტრიბუნა და კომიტეტები.

საპარლამენტო ტრიბუნისა და კომიტეტების გარდა, საქართველოს პარლამენტის მემარჯვენე ოპოზიცია ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე რეაგირების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების ჩართვასაც გეგმავს. 92 24 15 - ცხელი ხაზის ტელეფონის ამ ნომერზე დარეკვა უფლებაშელახულ ადამიანებს დილის ათი საათიდან საღამოს 18 საათამდე შეეძლებათ. მართალია, სახალხო დამცველის ოფისში ტელეფონი გაცილებით გვიანობამდე წკრიალებს, მაგრამ სოზარ სუბარს მიაჩნია, რომ რაც უფრო მეტი პირი თუ ორგანიზაცია ჩაერთვება ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში, მით უკეთესი იქნება:

[სოზარ სუბარის ხმა]” რაც მეტი იქნება ასეთი “ცხელი ხაზი” და რაც მეტი კონტროლი ექნება სახელმწიფოს, მით უმეტეს, ისეთ სფეროში, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, სადაც უამრავი დარღვევაა... აი, დღესაც, მაგალითად, შემოვიდა ინფორმაცია და უკვე გავარდნენ ჩვენები. სამი ნაცემი ადამიანი აღმოაჩინეს გლდანში.”

24 საათიანი “ცხელი ხაზის” ამოქმედება სახალხო დამცველის ოფისში უახლოესი დროის პერსპექტივაა. პარლამენტმა, უფრო სწორად კი, მისმა ოპოზიციურმა ფრთამ, ამ მხრივ, ომბუდსმენსაც დაასწრო, რაზეც დეპუტატსა და ცნობილ უფლებათდამცავ ელენე თევდორაძეს თავისი სუბიექტური მოსაზრება აქვს:

[ელენე თევდორაძის ხმა] ”ეს არის, მაპატიეთ, მეტიჩრობა. მე არა მაქვს “ცხელი ხაზი”, მაგრამ ჩემთან რიგები დგას ყოველდღე და უამრავ ხალხს ვღებულობ. ერთ-ერთი ინიციატორი, დიახ, ჩემი მოადგილეა. როცა მასთან მოდიან, სხვათა შორის, და მოაქვთ თავისი განცხადებები, ის ჩემთან მოაქვს მერე და მე მთხოვს, რომ მოვახდინო რეაგირება. თვითონ კი არ აკეთებს, იმიტომ რომ მე მიცნობენ და მას არა.”


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გულისხმობს ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელს, დეპუტატ კოკა გუნცაძეს. მისი თქმით, მემარჯვენე ოპოზიციის “ცხელი ხაზის” შექმნის აუცილებლობა განპირობებული იყო, ერთი მხრივ, წინასაარჩევნო დაპირებების რეალიზების სურვილით, მეორე მხრივ კი, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების საგრძნობი ზრდით “ვარდების რევოლუციის” შემდეგ:

[კოკა გუნცაძის ხმა]”საკმაოდ შემაშფოთებელი ციფრებია. განსაკუთრებით აიწია ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში. საკმაოდ მძიმეა უფლებათდარღვევის ფაქტების რაოდენობა. აქ ლაპარაკია წამების ფაქტებზე - ეს არის აღმაშფოთებელი - წინასწარი დაკავების საკნებში, რაღაც უკანონო დაპატიმრებების ფაქტებზე, იარაღის, ნარკოტიკული საშუალებების ჩაგდების ფაქტებზე და სხვა.”

დეპუტატი გუნცაძე და, შესაბამისად, მემარჯვენე ოპოზიცია დღეიდან კიდევ ერთი საგულისხმო ინიციატივის ცხოვრებაში გატარების მიმართულებით იწყებს მუშაობას. ეს არის ქვეყნის სამართლებრივი მოწყობის ახალი მოდელი, რომელიც გულისხმობს წინასწარი პატიმრობის ვადის მნიშვნელოვნად შემცირებას, ღია სასამართლო სხდომაზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, პროკურატურის დეცენტრალიზაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაშლას, უბნის ინსპექტორების არჩევას და სხვა.

ეს პრინციპები თავმოყრილი იყო გაერთიანებული ოპოზიციის მანიფესტში - “ათი ნაბიჯი თავისუფლებისაკენ”, რომელსაც ახლებმა, ნაციონალურმა მოძრაობამ და ბურჯანაძე-დემოკრატებმა გასული წლის 15 ოქტომბერს მოაწერეს ხელი. საპარლამენტო ოპოზიცია მოქმედ ხელისუფლებას ამ ვალდებულებების შესრულებას სთხოვს და მიიჩნევს, რომ სამართლებრივი მოწყობის ეს მოდელი ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაჯანსაღებას უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG