Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს ყურადღებით აკვირდება


დეკემბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საკითხს საგანგებო სხდომას მიუძღვნის. მანამდე კი ევროპელ პარლამენტართა 23 კაციანი ჯგუფი

ვითარებას ადგილზე ეცნობა. საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა 25 და 26 ოქტომბერს უამრავი ოფიციალური შეხვედრა გამართეს და საკუთარი თვალით იხილეს, თუ რას წარმოადგენს საქართველოს პენიტენციური სისტემა, სადაც ყოფილი ხელისუფლების ბევრი მაღალი ჩინის მოხელე იხდის სასჯელს. ქართველმა უფლებათდამცველებმა ევროპელ პარლამენტართა ვიზიტი წარმატებით გამოიყენეს იმისათვის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე გაემახვილებინათ ყურადღება.

ყოფილი ხელისუფლების დროს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველო კინაღამ ევროსაბჭოდან გარიცხეს. საქართველოს პარლამენტის წევრის ელენე თევდორაძის თქმით, შარშანდელმა ე.წ. “ხავერდოვანმა რევოლუციამ” ქვეყანას ევროსაბჭოში არსებობის ვადა გაუხანგრძლივა, თუმცა ვალდებულებები დარჩა. ელენე თევდორაძის თქმით, ესაა ეროვნული უმცირესობების, ე.წ. “თურქი მესხების”, პრობლემა, პენიტენციური სისტემის რეფორმირება და ადამიანის უფლებების დაცვა.

[ელენე თევდორაძის ხმა] “აქედან გამომდინარე, დაიწყო ახალი მოხსენების მომზადება. ამის გამო ისინი, ჩვენი მომხსენებლები, არაერთხელ იყვნენ ჩამოსულნი საქართველოში. და, რა თქმა უნდა, პარალელურად მათ აინტერესებთ, თუ რა ძვრები ხდება საქართველოში კონკრეტულად ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.”

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე, საფრანგეთის სენატის წევრი ჟოზეტ დიურიე წინასწარ დასკვნებს თავს არიდებს, რადგან საქართველოს საკითხს წინ საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა ელოდება, მაგრამ აღნიშნავს, რომ ევროპელი პარლამენტარები გულდასმით აკვირდებიან ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას და ვითარებას პენიტენციურ სისტემაში. საქართველოში ყოფნის დროს ჟოზეტ დიურიეს ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ შეხვედროდა პატიმრობაში მყოფ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კობა ნარჩემაშვილსა და კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან მოლაშვილს:


[ჟოზეტ დიურიეს ხმა] “ჩვენ მოვინახულეთ მოლაშვილი, რომელიც დაახლოებით ექვსი თვეა, რაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, მე ვერ ვიტყოდი, რომ ის ძალიან კარგ მდგომარეობაშია. გარკვეული პრობლემები მას, მართლაც, აქვს. ჩვენ გენერალურ პროკურორს დავუსვით შეკითხვა იმ პირობების შესახებ, რომელშიც მოლაშვილი იმყოფება, რადგან მას გაუხანგრძლივდა დაკავების ვადა და ვიცოდით, რომ საპატიმროებში დაფიქსირებულია წამების ფაქტები, რაც ევროსაბჭოს განსაკუთრებით აინტერესებს. “


გამოძიების პროცესში საპატიმრო ადგილებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე მონიტორინგის ჯგუფთან შეხვედრაზე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ლაპარაკობდნენ. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა რადიო “თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინის, მართლა ჰქონდა თუ არა სულხან მოლაშვილის წამების ფაქტს ადგილი საპატიმროში:

[გიორგი პაპუაშვილის ხმა] “ამას გამოძიება იკვლევს. თუმცა საკმაოდ ბუნდოვანი საქმეა, თუ როდის მოხდა, ვის მიერ მოხდა და რა გარემოებაში. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ სიმართლე გაირკვევა, რაც ჩვენს ინტერესებში შედის.”

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფს აღმასრულებელი ხელისუფლება და უფლებათდამცველი ორგანიზაციები თავ-თავიანთი ნივთმტკიცებულებებით შეხვდნენ. გენერალურმა პროკურორმა ევროპარლამენტის წევრებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კობა ნარჩემაშვილის კუთვნილი სახლების ფოტოები გადასცა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციამ “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებების დაცვისათვის” ფარული კამერით გადაღებული იმ კადრების პრეზენტაცია მოაწყო, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ ხდება ნარკოტიკების ჩადება პოლიციის მიერ მოსყიდული აგენტების მიერ.
დაბოლოს, საქართველოს საკითხი ევროსაბჭოს საგანგებო ასამბლეაზე 15 დეკემბრისთვის გავა. 2005 წელს შეიქმნება უფრო სრულყოფილი მოხსენება, რომელშიც აღწერილი იქნება საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მდგომარეობა. ამას მოჰყვება პოსტ-მონიტორინგის პერიოდი, რომლის შემდეგაც უნდა გაირკვეს, გახდება თუ არა საქართველო ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრი.
XS
SM
MD
LG