Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ურთულესი პრობლემების წინაშე


საქართველოს ხელისუფლებაში განხორციელებული რევოლუციური ცვლილებებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე ქვეყანაში, უდავოდ, ბევრი რამ შეიცვალა,

თუმცა ამ პროცესს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში ძვრები არ მოჰყოლია. ცხინვალის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების გააქტიურების შემდეგ რეგიონში ვითარება ხელახლა დაიძაბა; აფხაზებთან მოლაპარაკების პროცესი გაიყინა და ვერც ის გამოიკვეთა, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის ზონებში რუსეთის ნეგატიური როლის განეიტრალებას. აქტივობა კვლავ ცხინვალის მიმართულებით შეიმჩნევა. სოხუმის მიმართულებით პოლიტიკის გამოკვეთას კი საქართველოს ხელისუფლება არ ჩქარობს, ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ არ გაირკვევა, იქ ვინ ჩაიბარებს დე ფაქტო ხელისუფლებას.

სამშვიდობო მოლაპარაკებები, ქვეყნის სამხედრო ძლიერების დემონსტრირებით, - ძალიან მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემისადმი. ცხინვალის რეგიონში აგორებულმა ბოლოდროინდელმა სამხედრო დაპირისპირებამ მის წარმომადგენლებს ცხადზე ცხადად უჩვენა, რამდენად მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტის ზონებში ცეცხლის განახლებას. მომხდარის შემდეგ ძალაზე დამყარებული იმედები გაქარწყლდა. საქართველოს ხელისუფლებაში კიდევ უფრო ღრმად დარწმუნდნენ სამშვიდობო პროცესის უალტერნატივობაში, თუმცა იქ სისტემატურად აღნიშნავენ, რომ თუ ცხინვალის რეგიონში ოსური მხარე ქართველებზე იერიშს მიიტანს, საქართველოს მხარე საკუთარ მოქალაქეებს დაიცავს.

ე.წ. სამხერთ ოსეთში ქართული სოფლების მიმართულებით მუდმივად ისვრიან, საქართველოს ხელისუფლებაში კი ღმერთს მადლობას სწირავენ, რომ ამას მსხვერპლი არ ახლავს. სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა აღიარებს, რომ ცხინვალის მიმართულებით გატარებული კურსით მაინცდამაინც კმაყოფილი არ არის და იქვე აღნიშნავს: კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სეპარატისტულ წრეებში გარკვეული დეზინტეგრაცია შეიტანაო. ეს წარუმატებელი ოპერაციის წარმატებად სახელდება. სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში გატარებული ოპერაციის შემდეგ კოკოითის რეჟიმს ფინანსური და, შესაბამისად, პოლიტიკური პრობლემები შეექმნა:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] “მიუხევად იმისა, რომ მაინცდამაინც არ ვარ კმაყოფილი სამხრეთ ოსეთში გატარებული კურსით, იქ დაიწყო რღვევის პროცესი და ამას ველოდებოდით კიდეც. ამის შემდეგ მთავარია ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა ცხინვალში, რა შედეგს ველოდებით იქ. “


რისი მიღწევა გვინდა ცხინვალის მიმართულებით? ამ შეკითხვაზე გასაცემ პასუხზე საქართველოს ხელისუფლებაში აქტიურად მუშაობენ, მით უფრო, რომ არსებობს კოკოითის პოლიტიკურ დიალოგზე დაყოლიების ამოცანა. ამ ამოცანას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისახავს. მისი და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის შეხვედრა, როგორც ცნობილია, რუსეთში, კერძოდ, ქალაქ სოჭში, ნოემბრის პირველ დღეებში დაიგეგმა. საყურადღებოა, რომ არსებობს შეხვედრის ბულგარეთში გამართვის იდეაც და ამ იდეის მომხრედ ევროკავშირი გვევლინება. ამ ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჰაიკი ტალვიტიემ 27 ოქტომბერს, საქართველოში ხანმოკლე ვიზიტისას, ცხინვალის რეგიონში ჩასვლა მოასწრო და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოსაგვარებლად ცეცხლის შეწყვეტა და ხალხებს შორის ნდობის აღდგენაა საჭირო. ნდობის აღსადგენად კონფლიქტის ზონაში ეკონომიკური და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო ფინანსურ დახმარებას საქართველოს ხელისუფლება ისევ ევროკავშირისგან ელის. თუმცა, რადგან ნდობის აღდგენამდე ცეცხლი უნდა შეწყდეს, ის განიარაღების შუალედური წინადადებით გამოდის. “ ოსების ცალმხრივი განიარაღება არ გამოვა, არადა, სხვადასხვა შეთანხმებებით, მათ არ უნდა ჰყავდეთ არანაირი ძალისმიერი სტრუქტურა, გარდა მილიციისა,” - აღნიშნა ახლახან გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე გიორგი ხაინდრავამ და ნათქვამს დასძინა:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] “ჩვენ გვინდა შევთავაზოთ ისეთი შუალედური ვარიანტი (ეს ორივე მხარეს ეხება), როდესაც რეგიონიდან გაყვანილი იქნება ყველა ძალა, გარდა სამშვიდობოებისა და პოლიციის, მილიციისა, რომელთა სახელები, გვარები და რაოდენობა იქნება ცნობილი ყველასთვის. “

ამ და სხვა წინადადებებს შესთავაზებენ ნოემბრის დასაწყისში ედუარდ კოკოითს. მანამდე ის წინადადებებს მოსკოვში იღებს. მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ ოსი ლიდერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ალბათ, მაინც რუსეთის ტერიტორიაზე შეხვდება და ექნება თუ არა შედეგები ამ შეხვედრას, ის მაინც წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის პირდაპირი კონტაქტი დამყარდება. ამ მხრივ ჯერჯერობით არავითარი ძვრა არ არის აფხაზებთან მიმართებაში. მართალია, აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ხელახლა დაითვალეს და დაადგინეს, რომ ბაღაფშმა ხაჯიმბაზე მეტი ხმა მიიღო, ვინ იბარებს დე ფაქტო ხელისუფლებას მაინც გაურკვევლია.

[დავით ცანავას ხმა] “სანამ არ დავრწმუნებით, ვინ მოვიდა ხელისუფლებაში, ამ საქმიანობას აზრი არა აქვს. რაც არეულობა დაიწყო, აფხაზებიც შეშინებულები არიან და გადიან იქიდან. ჩვენთან მოსაუბრე კი სწორედ ის ხალხია, ვინც გადის. “

ეს იყო აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ცანავა. ცნობისათვის: ქართულ- აფხაზური მხარეები ერთმანეთს ივლისის შემდეგ აღარ შეხვედრიან.
XS
SM
MD
LG