Accessibility links

logo-print

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრობლემები და პერსპექტივები


ერთი კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოულოდნელად თბილისის აეროპორტს ეწვია. მგზავრის თვალით დანახულმა თბილისის აეროპორტმა

საქართველოს ლიდერი აიძულა ადგილზევე მიეღო რამდენიმე გადაწყვეტილება. თუმცა, ქართველი მესაზღვრეების საბჭოური ფორმებისა და თვითმფრინავის ტრაპთან ე.წ. ვიპის, ანუ საპატიო სტუმრების, სტატუსით აღჭურვილი ქართველი მაღალჩინოსნების უკონტროლო გადაადგილების გარდა, თბილისის აეროპორტს და მგზავრთა მომსახურების არსებულ სისტემას მემკვიდრეობით მოჰყვება ბევრი მანკიერება, რომელთა აღმოფხვრის გარეშე მის საერთაშორისო სტატუსზე ლაპარაკი ნაადრევია.

[აეროპორტის დისპეტჩერის ხმა] “დონეცკის მოფრენის დრო არა გვაქვს? “

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ისევე როგორც აეროსადგურების უმრავლესობა, ქალაქგარეთ მდებარეობს და პირველი პრობლემა, რაც წლების განმავლობაში უმანქანო მგზავრებს ექმნებათ, აეროპორტამდე მისვლაა. თბილისიდან აეროპორტამდე მხოლოდ ერთადერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 37 ნომერი ავტობუსი, მოძრაობს, რომელიც რკინიგზის სადგურიდან გადის და აეროპორტამდე მანძილის დაფარვას თითქმის მთელ საათს ანდომებს. ალტერნატივა, ტაქსის სახით კი, გაცილებით ძვირად ფასობს.

[ერთ-ერთი მგზავრის ხმა] “ კი, ბატონო, ესე საათობით გვიწევს დგომა და ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება. და ქალაქიდან თუ წამოვალთ, ძალიან ძვირი ღირს ტაქსით და აქედან გადაადგილება კი 4 ლარი ღირს, სამგორის მეტროდან.”

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი გენერალური დირექტორი ნიკოლოზ მანჯგალაძე, რომელიც თანამდებობაზე სამი თვის წინ დანიშნეს, წლების განმავლობაში ნიუ-იორკში ცხოვრობდა და, როგორც თავად ამბობს, კენედის აეროპორტამდე მისასვლელად იგი ყველაზე ხშირად სწორედ ავტობუსით მგზავრობდა. შესაბამისად, აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნას იგი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად მიიჩნევს:

[ნიკოლოზ მანჯგალაძის ხმა] “ მე არაერთხელ ვთქვი და შევიტანთ კიდეც ოფიციალურ განაცხადს მერიაშიც და საკრებულოშიც, რომ რაღაცნაირად უნდა ამუშავდეს ტრანსპორტის საკითხი, რომ მოსახლეობისთვის აეროპორტში მოსასვლელად უფრო იაფი და უფრო ადვილი ტრანსპორტი იყოს, იმიტომ რომ ავიაცია ერთ მშვენიერ დღეს გახდება არა ფუფუნების საგანი, არამედ გადაადგილების.” (სტილი დაცულია)

მაგრამ დიდ მანძილზე გადაადგილებისათვის და მგზავრების მოსაზიდად ფუფუნება და კომფორტი აუცილებელი პირობაა. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ევროპაში ინტეგრირების მოსურნე საქართველოს შესაბამისი სტანდარტები უნდა ჰქონდეს საავიაციო მგზავრების მომსახურების სფეროში. მგზავრისთვის საქართველო თვითმფრინავის ბორტიდან და აეროპორტიდან იწყება. პირველი შთაბეჭდილება კი ზოგჯერ იმგვარი შეიძლება აღმოჩნდეს, როგორიც იზრაელიდან ერთ-ერთი ქართული ავიაკომპანიით ჩამოსულ ამ მგზავრს გაჰყვება:

[ერთ-ერთი მგზავრის ხმა] “აი, მაგალითად, ვეკითხები: გაქვთ შავი ღვინო? არა, არ გვაქს. ლუდი? არა. მაშ რა გაქვთ? ყველაფერი, მეუბნებიან... ამ დროს ყველა ავიაკომპანიას აქვს ღვინო, სადაც არ უნდა იფრინო. საქართველოს აქვს შესანიშნავი ღვინო. ეს არის ძალიან მომგებიანი, რომ, უბრალოდ, შენ აიტანო ქართული ღვინო და გააცნო.”

მგზავრებს შთაბეჭდილებას კიდევ უფრო მეტად უმძიმებს თბილისის აეროპორტში ნანახი სურათი საპასპორტო კონტროლის გავლის დროს:


[ერთ-ერთი მგზავრის ხმა] “ნაკლოვანება ის არის, რომ როცა ჩამოდიხარ და დაღლილი მგზავრი ხარ, შესაბამისად, დიდხანს გიწევს ხოლმე დგომა საპასპორტო კონტროლის მიღებაზე. “

ამას ემატება მოძველებული და არაკომფორტული ურიკები ჩანთების გადასატანად, რომლის მომსახურება ერთი ლარი ღირს, და სპეციალური ჰოლის არარსებობა სასაზღვრო პუნქტთან, რის გამოც სტუმრების დახვედრა ღია ცის ქვეშ მოგიწევთ. ძნელი სათქმელია, მოასწრო თუ არა ამ ხარვეზების შემჩნევა ერთი კვირის წინ აეროპორტში მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ხელმძღვანელი ამ პრობლემების არსებობას ადასტურებს და უკვე აქვს შემუშავებული მათი მოგვარების გეგმა:

[ნიკოლოზ მანჯგალაძის ხმა] “გადაწყვეტილი გვაქვს სადღაც ზამთარში ან გაზაფხულის დასაწყისში დავიწყოთ ახალი ტერმინალის მშენებლობა, ყველანაირი ევროსტანდარტის დაცვით. უსაფრთხოების კონტროლისათვის ერთ კვირაში დამონტაჟდება ახალი აპარატურა, რომელშიც საკმაოდ დიდი თანხა გადავიხადეთ. გარდა ამისა, ლაპარაკია ახალი კომპანიის შემოყვანაზე, რომელიც უშუალოდ აწარმოებს გადაზიდვებს. კიდევ რა? ვაპირებთ ასაფრენი ზოლის რემონტს, რომელიც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ რესურსები ჯერ კიდევ გვაქვს, და ასევე ლაპარაკია რამდენიმე რეისის დამატებაზე. “

ამ დროისათვის თბილისის აეროპორტში რამდენიმე ცვლილება მოხდა: საბაჟო კონტროლის პუნქტი პირველიდან მეორე სართულზე გადავიდა, რამაც მგზავრებისათვის გააადვილა რეგისტრაციის გავლა; მთავრდება ასფალტის საფრის გამოცვლა კახეთის გზატკეცილზე; აიკრძალა ე.წ. განსაკუთრებული სტუმრების უკონტროლო გადაადგილება საზღვარზე. თუმცა ეს მაინც ზღვაში წვეთია. მთავარი ცვლილებები, რამაც თბილისის აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა მიუახლოოს, ჯერ კიდევ წინ არის და იგი მხოლოდ ქვეყნის უმაღლესი პირის ერთი სტუმრობით არ მოგვარდება.
XS
SM
MD
LG