Accessibility links

logo-print

ფინანსური ამნისტია – ”ყველა დასაჭერია ” თუ ”მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი”?


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს პრეზიდენტი თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაზე გადადის. ახალი საგადასახადო კოდექსი, ფინანსური და საგადასახადო ამნისტია და

გასული კვირის მთავარი ეკონომიკური და, ალბათ, პოლიტიკური თემაც პრეზიდენტის მიერ მთავრობის სხდომაზე გაცხადებული ფინანსური და საგადასახადო ამნისტიის შესახებ კანონის პროექტის ძირითადი პრინციპები იყო. ამნისტია, რომლის შესახებ ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტმა რევოლუციის წლისთავამდე უმოკლეს ვადებში უნდა დააკანონოს. ერთი შეხედვით, დოკუმენტს, რომელზეც თითქოსდა საზოგადოებრივი კონსენსუსი უკვე შემდგარი იყო, მაინცდამაინც დიდი ვნებათაღელვა არ უნდა გამოეწვია, მაგრამ კანონპროექტს ხმაურიანი დისკუსია მოჰყვა, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული და, როგორც ჩანს, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ პროექტს სერიოზული კორექტირება მოუწევს. ექსპერტებსაც და პოლიტიკოსებსაც ნაკლები პრეტენზია აქვთ საგადასახადო ამნისტიის მიმართ, რომელიც 2004 წლის 1 იანვრამდე არსებული დაფარული გადასახადების ანულირებას ითვალისწინებს; მათი ძირითადი პრეტენზიები ფინანსური ამნისტიის ნაწილს ეხება. თუმცა იგივე საგადასახადო „შეწყალებაც“ არ გამოიყურება მაინცდამაინც იდეალურად, რადგან ის ყველაზე მეტად ხელს აძლევს იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში თავიანთ ლეგალურ შემოსავალს მალავდნენ. მათ მშვიდად შეუძლიათ „მოიკლან წარსულ დროებზე დარდი“ და ამიერიდან პატიოსნად დაიწყონ გადასახადების გადახდა, ხოლო მათ, ვისაც დავალიანებები აქვს სახელმწიფოს მიმართ და ეს დავალიანებები აღიარებული აქვს, შეღავათიან რეჟიმში, მაგრამ მაინც მოუწევთ ამ თანხების ბიუჯეტისთვის გადახდა, ანუ უთანასწორობა ამ დოკუმენტს ამ ნაწილშიც ახლავს თან. თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ფინანსური ამნისტიის ოპონენტები ხელისუფლებას უსაყვედურებენ.

საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში მთავრობას ოპონირებას უწევს ყველა და, განსაკუთრებით, საზოგადოების ის ფრთა, რომლისგანაც პრეტენზიები ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. ფინანსური ამნისტია ითვალისწინებს იმ ადამიანების მიმართ სისხლის სამართლის დევნის არგანხორციელებას, რომლებიც მოახდენენ თავიანთი ქონების დეკლარირებას და ამის შემდეგ დაიწყებენ ქონების გადასახადის (ქონების 1%) გადახდას. აქვე არის დათქმა, რომ ამნისტია არ შეეხებათ მათ, ვისაც ქონება მოპოვებული აქვს იარაღით ვაჭრობით, ნარკოტიკებით და საერთაშორისო სამართლით აკრძალული მეთოდებით, ასევე მათ, ვისზეც ამნისტიის მიღებამდე უკვე ხორციელდება პროცესუალური ნორმები. კანონპროექტის სწორედ ეს ნაწილი, ანუ ის, თუ ვისზე უნდა გავრცელდეს, ან, პირიქით, არ უნდა გავცელდეს ამნისტია, იწვევს აზრთა შორის დიამეტრულ განსხვავებას.

საპარლამენტო ოპოზიცია, კერძოდ კი, „მემარჯვენეები“ მოითხოვენ ამნისტია ფართო სპექტრს შეეხოს. მათი ლიდერი დავით გამყრელიძე ფიქრობს, რომ არ იქნება სამართლიანი გაგრძელდეს სისხლის სამართლის დევნა იმ ადამიანებისა, ვისზეც ამ ეტაპზე არსებობს ადეკვატური საქმეები:

[დავით გამყრელიძის ხმა] "ის, რომ ის არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, იმ ორგანიზაციებზე, რომლებზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე - ესე გაყოფა არ შეიძლება. თუ ვამბობთ, რომ ვაცხადებთ ამნისტიას, კი შეიძლება იმათზე, ვისზეც საპროცესო შეთანხმება შედგა, ვისთანაც რაღაც გარიგება შედგა, იმათზე აღარ გავრცელდეს და თანხა დასაბრუნებელი არ იყოს, მაგრამ იმათზე, ვისზეც საქმე არის აღძრული, ამნისტია მათ უნდა შეეხოთ. ეს არის ერთი ძირითადი პრინციპი, რომელიც ჩვენ გვაქვს." (სტილი დაცულია)

ამ მოსაზრებას პრინციპულად არ ეთანხმება არასამთავრობოების აქტიური ნაწილი, მაგალითად, იურისტ დავით უსუფაშვილს, პროექტის იურიდიულ გაუმართაობასთან ერთად აშფოთებს ის მიდგომა, რომლის მიხედვითაც მათ, ვისთვისაც სამართალდამცავებმა აქამდე „ვერ მოიცალეს“, დანაშაული შერჩებათ.

[დავით უსუფაშვილის ხმა] "გასული ათწლეულის განმავლობაში ძალიან ბევრმა ჩინოვნიკმა იშოვა ძალიან ბევრი ფული სწორედ ამ მაქინაციების შედეგად - ეს იქნებოდა პრივატიზაცია, გადასახადების დამალვა თუ სხვადასხვა საკითხები. ცხადია, ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ყველას ყველაფერს მოვკითხავთ, მაგრამ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მკაფიო პოლიტიკა, რათა სამართლიანობის პრინციპი არ დაირღვეს. მე ფინანსურ, საგადასახადო ამნისტიას მივესალმები, მაგრამ არა იმ ფორმით, როდესაც ნებისმიერ ქურდს შერჩება ყველაფერი, რაც 2004 წლის 1 იანვრამდე მოუპარავს."

ყველაზე რადიკალურ ოპონირებას ფინანსური ამნისტიის წარმოდგენილი ფორმით განხორციელებაში ხელისუფლებას „თავისუფლების ინსტიტუტი“ უწევს, რომელიც აქამდე პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დაყენებაში არ ყოფილა შემჩნეული. „თავისუფლების ინსტიტუტი“ პრინციპულად ეწინააღმდეგება ამნისტიის ჩინოვნიკებზე გავრცელებას და არ აპირებს აპატიოს ძველი რეჟიმის წარმომადგენლებს ის კორუფციული გარიგებები, რომელშიც სახელისუფლებო სტრუქტურებისა და საზოგადოების დიდი ნაწილი იყო ჩართული. „ჩვენი სახელმწიფო სიმკაცრეს იჩენს იქ, სადაც ლმობიერებაა საჭირო და ლმობიერია მაშინ, როდესაც შეუბრალებელი უნდა იყოს. დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და ყველა სამართალდარღვევას კვალიფიკაცია უნდა მიეცეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამ ადამიანების შეწყალება,“ – მიაჩნია „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელს ლევან რამიშვილს:

[ლევან რამიშვილის ხმა] "ფინანსური ამნისტიის კანონის მიღების ერთ-ერთი მიზანი არის ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, სადაც მთავრობა არ ებრძვის კორუფციას, ინვესტიციები არ იდება. თუკი ჩვენ ამ კანონს მივიღებთ, მაშინ არანაირი სამართლებრივი მექანიზმი კორუფციასთან ბრძოლის აღარ იარსებებს."

ანუ შექმნილია არაორდინარული სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტის და მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი არ მოსწონს არავის. ამასთან, სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი გაერთიანებები პროექტის მიმართ სრულიად დიამეტრულად განსხვავებულ პრეტენზიებს გამოთქვამენ. ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ამ ტიპის დოკუმენტი ვერ იქნება იდეალური და ასეთი, საერთოდ, ბუნებაშიც არ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ დღეს სწორედ ამგვარი აქტია საჭირო, რათა ქვეყანა რევულუციური მეთოდებით მართვიდან აღმშენებლობით პროცესებზე გადავიდეს და ბიზნესს და კაპიტალს უსაფრთხოების გარანტია შეექმნას. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ ეს კანონპროექტი, ახალ საგადასახადო კოდექსთან ერთად, კომპლექსში, სწორედ ამგვარი წინაპირობის მომზადების ნოყიერ ნიადაგს ქმნის:

[რომან გოცირიძის ხმა] "ამნისტიის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მიიღება ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგადასახადო კოდექსი ჩვენს რეგიონში, დაიწყება ეკონომიკური სტიმულის მიმცემი ახალი ერა ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი."

ფინანსური ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტშია შეტანილი და, პრეზიდენტის თხოვნით, ის კანონმდებლებმა ფორსირებული ტემპით უნდა მიიღონ. ამ თემასთან დაკავშირებით არსებული აზრთა სხვადასხვაობა მომავალ კვირასაც, ალბათ, საზოგადოების ყურადღების ცენტრში იქნება. თუ როგორ სახეს მიიღებს საბოლოოდ დოკუმენტი და რა კონსენსუსია შესაძლებელი, ეს, სავარაუდოდ, სწორედ მომავალ კვირას გაირკვევა.
XS
SM
MD
LG