Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებას შეუდგა


დავით პაიჭაძე, თბილისი 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტი შეუდგა რევოლუციის შემდგომი, ალბათ, მთავარი საკანონმდებლო აქტის - ახალი საგადასახადო კოდექსის - განხილვას.

კოდექსს წინ უძღოდა ხანგრძლივი მსჯელობა, რომელშიც ჩართული იყო საზოგადოება - ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აგრეთვე პოლიტიკური კლასის წარმომადგენლები. და აი, ხუთშაბათს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა კოდექსი პარლამენტს წარუდგინა.

ახალ საგადასახადო კოდექსზე მუშაობის დროს ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მრავალ გადასახადს საერთოდ აუქმებს. ახალი კოდექსის არსი საგადასახადო რეჟიმის გამარტივება და შემსუბუქება უნდა ყოფილიყო; ამასთან, უნდა გაეადვილებინა გადასახადების ადმინისტრირება. ფინანსთა მინისტრმა კოდექსის წარდგენისას დეპუტატებს შეახსენა, რომ არ ამცირებს საშემოსავლო გადასახადის განაკვეთს და აწესებს ერთიან პროპორციულ 12%-ან გადასახადს; ამცირებს სოციალურ გადასახადს; დამატებული ღირებულების გადასახადს განსაზღვრავს ისე, რომ ის მალე დაუბრუნდეს გადამხდელს. ნოღაიდელის თქმით, ექსპორტიორს დამატებული ღირებულების გადასახადი უნდა დაუბრუნდეს ერთ თვეში. შემსუბუქდება მოგების გადასახადი და ის ბევრად ნაკლები იქნება ინვესტორისთვის, რომელიც კაპიტალურ ინვესტიციას განახორციელებს. ახალი კოდექსით, შესააძლებელი ხდება ქველმოქმედების ინსტიტუციონალიზაცია - ქველმოქმედების მოსურნეს განესაზღვრება შემოსავლის პროცენტული ოდენობა, რომლის დახარჯვაც მას შეუძლია ხსენებული მიზნით.

ზურაბ ნოღაიდელი შეეხო სხვა სიახლეებსაც საგადასახადო კოდექსში, რაც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს არა მხოლოდ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, არამედ დემოკრატიულ ღირებულებათა განმტკიცების თვალსაზრისითაც:

[ნოღაიდელის ხმა] “ეს შეეხება შეღავათებს მედიის სფეროში. კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადით არ იბეგრება ჟურნალ-გაზეთების იმპორტი, მიწოდება, ბეჭდვისა და რეალიზაციის მომსახურება. გარდა ამისა, ახალი კოდექსით, არ დაიბეგრება ჟურნალ-გაზეთებისთვის საჭირო ქაღალდის იმპორტი, აგრეთვე, ჟურნალ-გაზეთებში რეკლამის განთავსება.”

საგადასახადო კოდექსი გადასახადებს არა მხოლოდ ამცირებს - ზოგიერთ მათგანს ზრდის კიდეც, მაგრამ ზრდის ისეთ გადასახადს, რომელსაც შეუძლებელია ქმედითი პროტესტი მოჰყვეს:

[ნოღაიდელის ხმა] “აქციზის განაკვეთები სერიოზულად იზრდება თამბაქოს ნაწარმზე, შედარებით ნაკლებად იზრდება ალკოჰოლურ სასმელებზე. ნავთობპროდუქტების შემთხვევაში აქციზი იზრდება მხოლოდ გარემოს დაბინძურების ოდენობიდან და დღგ-ის გადასახადის შემცირებით, ანუ, პრაქტიკულად, არაპირდაპირი გადასახადები იგივე რჩება.”

თუმცა სახელმწიფოს ამ ნაბიჯზე ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა რეაქცია ცნობილია: ისინი მიიჩნევენ, რომ გადასახადები ეზრდებათ და იანვრიდან ბენზინის ფასის 30-40%-ან ზრდას წინასწარმეტყველებენ.

პარლამენტში საგადასახადო კოდექსის განხილვა წარიმართა უფრო უმტკივნეულოდ და სიმწვავის გარეშე, ვიდრე ამას თავად დეპუტატები მოელოდნენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ეს მთავრობისა და პარლამენტის შეთანხმებული პოლიტიკითა და საგადასახადო კოდექსზე სამუშაოდ კვალიფიციური ექსპერტების მოწვევით ახსნა. ასე რომ, პირველი მოსმენით კოდექსის მიღებას წინ არაფერი უდგას.
XS
SM
MD
LG