Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტი მძღოლების უსაფრთხოებაზე ზრუნავს


სულ მალე საქართველოში მსუბუქი ავტომანქანის მძღოლებისათვის უსაფრთხოების ღვედებით სარგებლობა სავალდებულო გახდება. ამასთან დაკავშირებით,

პარლამენტმა "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" კანონში ცვლილება პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ამავე კანონში შეტანილი ცვლილებით, მოძრაობის დროს მძღოლებს მობილური ტელეფონებით სარგებლობა აეკრძალებათ. რას ფიქრობენ ყოველივე ამის შესახებ მძღოლები, ანუ ის ადამიანები, რომელთა ყოფაზეც კანონში შეტანილი ცვლილებები უშუალოდ აისახება?

კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს ეკუთვნის. მისი განცხადებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით კანონში შესული ორივე ცვლილება პრინციპული ხასიათისაა. ექსპერტების აზრით, უსაფრთხოების ღვედებით სარგებლობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ავტო-საგზაო შემთხვევების დროს როგორც დაღუპულთა, ასევე დასახიჩრებულთა რაოდენობას.

[თამაზ ღვინაძის ხმა] “ზოგან 40 პროცენტით შველის, ზოგან 50-ით სახის დასახიჩრებას, მკერდის დაზიანებას შველის დაახლოებით 80 პროცენტით. სხვადასხვა კიდურებს უსაფრთხოების ღვედები იცავს სხვადასხვა ალბათობით.”


ეს ყოფილი საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი, ვიცე-პოლკოვნიკი თამაზ ღვინაძე იყო. მისი თქმით, უსაფრთხოების პირველი ღვედები ევროპის ქვეყნებში ჯერ კიდევ გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ბოლოს გამოჩნდა. საქართველოში კი ღვედებით სარგებლობა 1975 წლიდან დაკანონდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ “თავისუფლების მოყვარე” ქართველი მძღოლების უმეტესობა უსაფრთხოების ღვედებისგანაც გათავისუფლდა, თუმცა, როგორც გაირკვა, არა სამუდამოდ: პარლამენტის მიერ საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. საინტერესოა, რას ფიქრობენ სიახლის თაობაზე თბილისელი მძღოლები:

[მამაკაცის ხმა] “კი, კი, საჭიროა აუცილებლად. რა თქმა უნდა, სირთულეს ქმნის, რადგან ხშირად გიწევს შეკვრა და შეხსნა, მაგრამ, ვფიქრობ, აუცილებელია, იმიტომ რომ მე მქონდა ასეთი შემთხვევა ერთი წლის წინ და მიშველა უსაფრთხოების ღვედმა.”

[მამაკაცის ხმა] “ქალაქში არა აქვს მნიშვნელობა, ტრასაზეა მთავარი. ქალაქში ისედაც საცობებია და მცირე სიჩქარით დადიხარ და დიდი მნიშვნელობა არა აქვს ღვედით მოძრაობას.”

მაგრამ არიან ისეთი მძღოლები, რომლებსაც უსაფრთხოების ღვედების გაგონებაც არ სურთ. მათ შორის ყველაზე მეტად ტაქსის მძღოლები აქტიურობენ.

[მამაკაცის ხმა] “არ გაამართლა ჩვენთან, რა… მით უმეტეს, ტაქსზე ღვედი რომ გაუკეთო, უფრო საშიშია. ათასი ყაჩაღობა და რამე ხდება. ტაქსის მძღოლს ნაღდად არ უნდა, რა. ჩემი ხელით გადავიჭირო ეს ღვედი და უკნიდან ვინმემ წამიჭიროს. აღარც დანა უნდა და აღარც იარაღი. მე თვითონ ვამზადებ ჩემს თავს თოკის ქვეშ, რა…”

[მამაკაცის ხმა] “ახრჩობდნენ ხოლმე ტაქსის მძღოლებს მაგ ღვედებით. ასე მოქაჩავდნენ პირდაპირ ყელში და მორჩა… ერთია, როცა გაქვს, მეორე, როცა სავალდებულოა. მე პირადად მოხსნილი მაქვს. თუ გინდათ, გაჩვენებთ..”


უნდა ითქვას, რომ ჩემი რესპონდენტი ერთადერთი არ არის, ვინც საკუთარ მანქანას უსაფრთხოების ღვედები დახსნა. არაოფიციალური მონაცემებით, დღესდღეობით საქართველოში 300 ათასამდე ღვედებდახსნილი მანქანა დადის. მათი მფლობელები, თუკი თადარიგს არ დაიჭერენ, 2005 წლის 1 იანვრიდან, სავარაუდოდ, 20 ლარიანი ჯარიმით დაისჯებიან. არადა, ღვედების ფასმა, როგორც ჩანს, უკვე მოიმატა.

[თამაზ ღვინაძის ხმა] “ძაან ბევრს აქვს დახსნილი. ზოგმა ბუქსირებისთვის გამოიყენა, ზოგმა რად… ახლა, როგორც კი გამოცხადდა, რომ პირველი იანვრიდანო, სად ავარდება ღვედების ფასი, კაცმა არ იცის. მაგალითად, “ნივისთვის” რომ დამჭირდა მე, 60 ლარი მომთხოვეს. ვინ გადაიხდის?”

გაცილებით მარტივად არის საქმე საჭესთან მობილური ტელეფონით სარგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. კანონში შეტანილი ეს ცვლილება მძღოლებისგან დამატებითი ხარჯების გაწევას არ ითხოვს. ალბათ, ამის გამო, ამ შეზღუდვას თავგამოდებით არც არავინ აპროტესტებს.
XS
SM
MD
LG