Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ავაშენოთ სახლი? - ახალგაზრდა ეკონომისტები მშენებლებს ბიუროკრატიული ბარიერის დაძლევაში ეხმარებიან


როგორ ავაშენოთ სახლი? - როგორც ირკვევა, ამ, ერთი შეხედვით, მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე იოლია. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრებმა დაადგინეს,

რომ თბილისში მშენებლობის ნებართვის მისაღებად თანხმობა - არც მეტი, არც ნაკლები - 14-მა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა გასცეს. ამავე ასოციაციის წევრებმა შეადგინეს სპეციალური გზამკვლევი, რომელიც მშენებლებს ბიუროკრატიულ ლაბირინთებში უკეთ ორიენტირების საშუალებას მისცემს. რა პრობლემები აწუხებთ თბილისელ მშენებლებს და მათი გადაწყვეტის რა გზებს სახავენ ახალგაზრდა ეკონომისტები?

თბილისში მშენებლობის დასაწყებად მარტო ფული, სურვილი და ცოდნა არ კმარა. თურმე მეწარმეს უნდა ჰქონდეს ასევე თავზესაყრელი დრო და მტკიცე ნერვები, რათა ყველა ის ინსტანცია და უწყება მოიაროს, რომელთა ნებართვის გარეშეც მშენებლობისთვის საჭირო ლიცენზიას ვერ მოიპოვებს. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის “ლიცენზირებისა და ნებართვების დანერგვის პროექტის” ექსპერტი ნიკო თევდორაშვილი ამბობს, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად დადებითი დასკვნა 14-მა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა გასცეს:

[ნიკო თევდორაშვილის ხმა] “დაახლოებით 14-მდე სახელმწიფო უწყებასთან უწევს თანამშრომლობა ნებართვის შინაარსის მატარებელი დოკუმენტის მისაღებად, რაც დროში და ფინანსურად საკმაოდ დიდ ენერგიას და ხარჯებს მოიცავს. დაახლოებით 7-9 თვე სჭირდება საშუალოდ, რომ პიროვნებამ დააკმაყოფილოს ყველა კანონიერი მოთხოვნა და გაიაროს ყველა პროცედურა.”

არადა, კანონით ნებართვის გასაცემად ერთთვიანი ვადაა დადგენილი. სწორედ იმის გამო, რომ ბიუროკრატიულ ლაბირინთში დაკარგულმა მეწარმემ მშენებლობის ნებართვა დროულად და ზედმეტი ხარჯის გარეშე მიიღოს, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის სპეციალური გზამკვლევი შეადგინა. ბროშურაში დეტალურად არის განმარტებული, თუ რომელი დაწესებულება, რა ვადებში და რა თანხის საფასურად, იძლევა დასკვნას. საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა გვენეტაძე, მშენებლობის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში შექმნილი ქაოსის ფონზე, გზამკვლევის შედგენას მეტად საშურ საქმედ მიიჩნევს:

[შოთა გვენეტაძის ხმა] “არ არსებობს ერთი კანონი მაინც ამ სფეროში, რომ მეორეს არ ეწინააღმდეგებოდეს, ისეთი დებულებებია და ყველა მოქმედია. მხოლოდ იურიდიული ნორმით, რომ ერთი მიღებულია უფრო გვიან, ვიდრე მეორე და, აი, ამით არჩიო, ძალიან რთულია.” (სტილი დაცულია)


მაგრამ, როგორც ირკვევა, მეწარმეებს შენებაში მარტო ცუდი კანონები და კორუმპირებული მოხელეები როდი უშლიან ხელს. უძრავი ქონების ასოციაციის წევრი გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქალაქის დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურს, ფაქტობრივად, ერთი პროექტიც კი არ დაუმტკიცებია:

[გურამ ფალავანდიშვილის ხმა] “ფაქტობრივად, არაფერი, არც ერთი პროექტი - არც კარგი, არც ცუდი - არ მტკიცდება, იმიტომ რომ ცუდი არ დამტკიცდეს და… მგონი, ჩიხში არიან, ისეთი სიტუაციაა. ეს იგივეა: დავუშვათ, კორუმპირებული იყო ღვინის ბიზნესი. რა, უნდა, საერთოდ, ავკრძალოთ და ავჩეხოთ ვაზი? აი, ხო უაზრობაა! აი, ასეთი უაზრობა ხდება აქაც, მაგრამ ვერ გრძნობს ვიღაცა. ფიქრობს, რომ თუ არ შენდება სახლები, ამით არაფერი შავდება.” (სტილი დაცულია)

მაგრამ ასე არ ფიქრობს თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც, გარდა იმისა, რომ მშენებლობის სფეროში წლების განმავლობაში შექმნილი ქაოსის შეჩერებას ცდილობს, მხარს ერთიანი სამშენებლო კოდექსისა და ახალი ნორმების მიღებას უჭერს. თუმცა ჭიაბერაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს დედაქალაქს, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო, ერთიანი გენერალური გეგმა არ ექნება:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “საუბარი რაღაც მითიურ დიდ გენერალურ გეგმაზე არ იქნება. იქნება ტერიტორიათა გამოყენების რუკები, რომლითაც გვეცოდინება, რომელი მიმართულებით ქალაქი რას აპირებს განავითაროს და, შესაბამისად, იქნება ფუნქციონალური ზონირების რუკები და დავისვენებთ. ეს იქნება ძალიან მოქნილი მექანიზმი იმისათვის, რომ ქალაქის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ჩვენ ამ ტერიტორიათა გამოყენებას და ფუნქციონალურ ზონირებას გადავხედოთ პერიოდულად. ეს საბჭოთა რაღაც, რომ 1934 წელს ხარკოველებმა გაგვიკეთეს პირველი გენგეგმა და ასეთი რაღაცები, მე მგონი, წარსულს უნდა ჩავაბაროთ.”
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG