Accessibility links

logo-print

მოსალოდნელია თუ არა გრიპის ეპიდემია საქართველოში


მოარული ხმების მიხედვით, საქართველოში გრიპის საშინელი ეპიდემიაა მოსალოდნელი, რომელიც, თითქოს, ნოემბრის ბოლოს უნდა დაიწყოს. ადამიანებს გრიპის

ვირუსისა და ნავარაუდევი ეპიდემიის წინასწარვე ეშინიათ. თუმცა, როგორც ირკვევა, იმავე სიმპტომებს კიდევ 200-მდე სხვა ვირუსი იწვევს. გვემუქრება თუ არა ეპიდემია, თავდაცვის რა ხერხები უნდა გამოვიყენოთ და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?.

(ისმის ხველა და ცემინება)

საქართველოში გრიპის ეპიდემიის უკვე ეშინიათ:

(2 ადამიანის ხმა) “ამ დროს ყოველთვის არის ეპიდემია მოსალოდნელი. ჩვენ თითქოს ცოტა მსუბუქად ვუყურებთ, მაგრამ ეს ძალიან ცუდი დაავადებაა... რა თქმა უნდა, მეშინია. ეპიდემია თუ გამძვინვარდა, ძალიან საშიშია.”

დაავადებათა კვლევის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე კი გვამშვიდებს, რომ ვითარება მთლად ასეთი სახიფათო არ იქნება:

(პაატა იმნაძის ხმა) “ჩვენ ველოდებით ნოემბრის ბოლოდან შემთხვევათა მატების დაწყებას, მაგრამ, ჩვენი პროგნოზით, დიდი ეპიდემია მოსალოდნელი არ არის.”

თუმცა ეპიდემია - დიდი იქნება ის, თუ მცირე - თავდაცვას საჭიროებს. რა ხერხებით აპირებენ ადამიანები გრიპთან შერკინებას?

(3 ადამიანის ხმა) “ცხვირზე სპეციალურ მაზებს წავისვამ. ვეცდები ხალხმრავალ ადგილებში არ მოვხვდე, მოვერიდო მეტროს და ასე შემდეგ.../ თუ გართულდა - ანტიბიოტიკებით, მანამდე კი - ბალახეულობით.../ ხშირად უნდა დაიბანონ ხელები, სისუფთავე დაიცვან. სამწუხაროდ, გრიპიანები დადიან სამსახურში, ქუჩაში და ავრცელებენ ვირუსებს. ამ დროს უნდა იზოლაცია ავადმყოფს, მოვლა უნდა. ჩვენ, მთელი ოჯახი, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ვიტარებთ .”

ამგვარი ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და, საშუალოდ, 15-20 ლარი ჯდება. ის აბსოლუტურად ეფექტიანი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პროგნოზირებული გრიპის ვირუსები შემოგვიტევს. მაგრამ არის შანსი, რომ დაუკითხავად აბობოქრდეს არაპროგნოზირებადი ვირუსები და ამ შემთხვევაში ვაქცინაციას არავითარი ეფექტი არ ექნება. პაატა იმნაძე კი თავდაცვის ერთ იაფ და, რაც მთავარია, უტყუარ გზას გვთავაზობს:

(პაატა იმნაძის ხმა) “ვისაც ეშინია გრიპის, უნდა იაროს ნიღბით ზამთრის პერიოდში. ისევე, როგორც მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში დადიოდა ხალხი ნიღბებით. განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალებს მე ძალიან ვურჩევდი, რომ გრიპის სეზონის პერიოდში იარონ ნიღბით.”

და მაინც, შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში, როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

(პაატა იმნაძის ხმა) “თუკი სიცხე - 38 გრადუსი, ბავშვის შემთხვევაში, ერთ დღეზე მეტხანს გრძელდება, ხოლო ზრდასრულებში - 3 დღეზე მეტხანს, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. ანდა, თუ აღინიშნება მოგუდვის, მოხრჩობის შეგრძნება, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.”

პაატა იმნაძე გვაფრთხილებს, რომ ანტიბიოტიკებით გრიპს ვერ მოვერევით, რადგანაც მედიკამენტების ეს ჯგუფი ვირუსებს ვერ ამარცხებს.
XS
SM
MD
LG