Accessibility links

logo-print

როგორ ფასდება სამშობლოსათვის თავდადება თანამედროვე საქართველოში


ბოლო დრომდე საქართველოსთვის თავდადება სიმბოლური პენსიითა და სხვადასხვა ტიპის ორდენებითა თუ მედლებით ფასდებოდა. “ვარდების რევოლუციის” შემდგომმა ხელისუფლებამ

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მეომრებს მემორიალი დაუდგა და საჯარო გამოსვლებითა თუ სამხედრო აღლუმებით საზოგადოებაში სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ცდილობს. რამდენადაა ხელისუფლება მზად არამარტო სიტყვებით დააფასოს საქართველოს მოქალაქეთა მზადყოფნა თავი შესწირონ ქვეყნის ინტერესებს, ეს ყველაზე კარგად ჩანს ხელისუფლების სოციალური პოლიტიკიდან. როგორ ეხმარება მთავრობა აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახებს?

[ისმის ტირილის ხმა]

ასეთი გლოვისა და ტირილის ხმა ორიოდე თვის წინ სოფელ ერედვთან მოკლული ჯარისკაცის რევაზ ვეფხვაძის სახლიდან ისმოდა. ოჯახისა და ნათესავებისთვის უსაზღვროდ ძვირფასი რეზოს თავდადება საქართველოს ხელისუფლებამ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტად დააფასა და მის ოჯახს სხვადასხვა სახის კომპენსაცია გადაუხადა.

[ვეფხვაძის დედის ხმა] "ხელისუფლებამ, მერიამაც ყურადღება გამოიჩინა, საფლავზეც დაგვეხმარა ქვემო ქართლი, ქვა გაუკეთეს საცოდავ ჩემს შვილს. 10 წლის ხელფასი მოიტანეს, 38 ლარობაზე ყოფილა. ჩვენ ხომ არ ვიცოდით, სოროსი უხდიდა იმ ხელფასს. გარდაცვალების შემდეგ სოროსი პენსიას და 10 წლის ხელფასს არ გადაიხდიდა, ამიტომ მხოლოდ 38 ლარზე გაანგარიშებული 10 წლის ხელფასი მოიტანეს. 1000 ლარი მოგვიტანა მერიამ, 4000 დოლარი ოჯახს დახმარება მისცა პარლამენტმა..."

ეს ქალბატონი რეზო ვეფხვაძის დედაა. მისი თქმით, კანონის მიხედვით გათვალისწინებული პენსია, რომელიც დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრებს ეკუთვნით, ჯერ არ დაუნიშნავთ, თუმცა ტექნიკური პრობლემების მოგვარების შემდეგ ესეც იქნებაო.

პენსია და კომპენსაცია ვერაფერი ნუგეშია ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცის მშობლებისა თუ ცოლ-შვილისთვის. თუმცა ერთადერთი მარჩენალის გარდაცვალების შემდეგ ძალაუნებურად ყველა იძულებული ხდება მატერიალური კომპენსაცია მოითხოვოს იმ ქვეყნის ხელისუფლებისგან, რომლის დასაცავად შვილი, მეუღლე თუ მამამ დაკარგა.

[ნიკო ცანკაშვილის ხმა] "შვილი მყავს დაღუპული აფხაზეთში, ეკუთვნის იმას ერთჯერადი დახმარება - 10 წლის მინიმალური ხელფასი. ვიჩივლე. უარი მითხრა ვაკე-საბურთალოს სასამართლომ. ახლა უნდა გავასაჩივრო უზენაეს სასამართლოში. იმას დავრჩით: მე - მამა, დედა, ცოლი და ორი ქალიშვილი... ვეძებ სამართალს..."

ეს ბატონი, რომელიც ცრემლებს ვეღარ იკავებს, ნიკოლოზ ცანკაშვილია, აფხაზეთში დაღუპული ლევან ცანკაშვილის მამა. მან თავისი გასაჭირი ორიოდე კვირის წინ პენსიონერთა საპროტესტო აქციაზე გამიზიარა.

ლევან ცანკაშვილის მეუღლე, ორი შვილის დედა, ყოველთვიურად, პენსიის სახით, 92 ლარს იღებს, ხოლო ლევანის მშობლები - 46 ლარს. ეს საარსებო მინიმუმზე გაცილებით ნაკლები თანხა ოდნავადაც ვერ აკმაყოფილებს ცანკაშვილების 5 სულიან ოჯახს.

გამოსავლის ძიებაში ნიკოლოზ ცანკაშვილმა აღმოაჩინა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წელს მიღებული კანონის მიხედვით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სტატუსს განსაზღვრავს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ჯარისკაცს 10 წლის ხელფასის ოდენობის კომპენსაცია ეკუთვნის. ლევან ცანკაშვილი კი აფხაზეთის ომის დროს თავდაცვის სამინისტროს სატანკო ნაწილში ოფიციალურად მსახურობდა.

[არსენ ჩუთლაშვილი] "აი, სად წერია, რომ არ უნდა მიეცეს. ამოქმედდა 1999 წლიდან. აი, კანონი, მოქმედებს ომის ყველა მონაწილეზე, ამოქმედდა 1996 წელს და ეხება ყველას. მაგათი ლოგიკით, ეს მე არ უნდა შემხებოდა."

ეს არის არსენა ჩუთლაშვილი, რომელიც ნიკოლოზ ცანკაშვილს სასამართლო პროცესებში ეხმარება, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. მე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს ბესო აბაშიძეს დავუკავშირდი იმის გასარკვევად, თუ რამდენად პერსპექტიულია აფხაზეთში დაღუპული ცანკაშვილის მშობლების მცდელობა საქართველოს სასამართლო სისტემაში სიმართლე იპოვონ.

[ბესო აბაშიძის ხმა] "ამ კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს. რადგან ეს სპეციალური მითითება მასში არ არის, ამიტომ ის არ ეხება ძველ ურთიერთობებს."

თუ როდის შეძლებს საქართველოს ხელისუფლება იმ უთანასწორობის გასწორებას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამშობლოსათვის დაღუპული ჯარისკაცების სოციალური დაცვის სისტემაშია ჩადებული, ჯერჯერობით არავინ იცის.
XS
SM
MD
LG