Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე ამახვილებენ ყურადღებას საქართველოს ჟურნალ-გაზეთები?


დავით პაიჭაძე, თბილისი საზოგადოების საწუხარი, პოლიტიკური მოვლენები, საკანონმდებლო სიახლეები, ცალკეული პოლიტიკური ფიგურები – გასული კვირის ქართულ პრესას

ამ კონტექსტში მიმოვიხილავთ. “საქართველოში 10 ათასზე მეტი ინვალიდი ბავშვია”, წერს 29 ოქტომბრის გაზეთი “რეზონანსი”. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში თვითონ ინვალიდები არ მონაწილეობენ. სახელმწიფო არ ზრუნავს, რომ ინვალიდებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ეს ამცირებს შესაძლებლობას, ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ, – წაიკითხავთ გაზეთში. “რეზონანსი” იმოწმებს უნარშეზღუდულ პირთა კოალიციის ხელმძღვანელს კობა ნადირაძეს, რომლის თანახმად, სმენადაქვეითებულ პირთათვის სასმენი აპარატის შესაძენად გამოყოფილი თანხები შემცირდა, ხოლო საქართველოში შემოტანილი ინვალიდის ეტლები აქტიური ცხოვრებისათვის გამოუსადეგარია.

ცხინვალში კადიროვის რაზმი გამოჩნდა – აუწყებს მკითხველს გაზეთი “ახალი ვერსია”. ცხინვალში უკვე იმყოფება ტერაქტისას დაღუპული ჩეჩნეთის პრეზიდენტის ახმად კადიროვის ვაჟის, რამზან კადიროვის, დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ფორმირებები. რაზმების სრული საბრძოლო აღჭურვილობით გადმოსროლას, როკის გვირაბის გავლით, რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებდნენ და 26 ოქტომბერს დაასრულეს. თავად რამზან კადიროვი ჯერჯერობით ცხინვალს არ სწვევია. “ახალი ვერსია” ეყრდნობა იჩქერიის წარმომადგენელს საქართველოში ხიზრი ალდამოვს, რომლის განცხადებით, კადიროვის რაზმი, ძირითადად, კრიმინალებითა და ნარკომანებით არის დაკომპლექტებული და კრემლის დაკვეთას ასრულებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის თვითმარქვია პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის, შესაძლო შეხვედრაზე პრემიერი წარმოადგენს კონფლიქტის მოგვარების სრულ და რეალისტურ გეგმას – წერს გაზეთი “24 საათი”. ქართული მხარის სამოქმედო პროგრამა მოიცავს სამ პუნქტს – დემილიტარიზაციას, სოციალურ რეაბილიტაციასა და პოლიტიკურ მოწესრიგებას. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ კონფლიქტის ზონაში მოქმედი მთელი იარაღი თავმოყრილ იქნეს რუსეთის სამშვიდობო ბატალიონის ბაზაზე, რომელსაც გააკონტროლებს ეუთოს მონიტორინგის მისია. როკის გვირაბი უნდა გაკონტროლდეს შერეული სამხედრო ძალებისა და ეუთოს მისიის მიერ. ქართული მხარის გადაწყვეტილებით, როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ოსეთს უნდა მიეცეს საქართველოს გზებითა და პორტებით შეღავათიანი სარგებლობის პრივილეგია.

გაზეთ “ახალ თაობას” მოჰყავს თავისუფლების ინსტიტუტის დამფუძნებლის ლევან რამიშვილის სიტყვები: “ამნისტიის კი არა, ამნეზიის შესახებ კანონს ვღებულობთ”, რაც ეხება კანონპროექტს არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ. ფინანსური ამნისტიით კორუფციის ლეგალიზება ხდება – წერს გაზეთი. იმავე მოვლენას გაზეთი “24 საათი” აღწერს სიტყვებით: “რევოლუცია სრულდება. რევოლუცია იწყება – ეკონომიკაში.” ვინაიდან საზოგადოებაში ნდობის ფაქტორი არც ისე მაღალია, ხელისუფლება ბიზნესმენებს კანონით განმტკიცებულ გარანტიებს სთავაზობს: მეწარმეებმა თავი მშვიდად და დაცულად რომ იგრძნონ, 2004 წლამდე არსებული ყველა საგადასახადო დოკუმენტაცია განადგურდება. ხელისუფლება აცხადებს, რომ ამნისტია მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკის გამოცოცხლებასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებში არაპირდაპირი მინიშნებით იგრძნობა, რომ ამნისტიის გამოცხადება სწორედ ამ ეტაპზე პრაგმატული მოსაზრებითაც აიხსნება, ანუ ვინც დასაჭერი იყო, უკვე დაიჭირეს, ვინც მოსაწველი იყო, უკვე მოწველეს...…

გაზეთ “რეზონანსში” კი ამოიკითხავთ, რომ ფინანსური ამნისტია ყოფილი მთავრობის კორუმპირებულ წევრებს არ უნდა შეეხოთ. გაზეთს ისევ მოჰყავს ლევან რამიშვილის სიტყვები, რომ ფინანსური ამნისტიის კანონპროექტის ამ სახით მიღება აზრს დაუკარგავს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და რეკეტის შესახებ. არ შეიძლება ამნისტია გავრცელდეს მსხვილ კორუფციაზე, რადგან ამ კანონის ძირითადი მიზანი ინვესტიციების მოზიდვაა, ხოლო ინვესტიციებს არავინ ჩადებს სახელმწიფოში, სადაც მთავრობა არ ებრძვის კორუფციას.

ახალ რუხ კარდინალს უწოდებს გაზეთი “ახალი ვერსია” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ირაკლი ჩუბინიშვილს. ის ეკონომიკურ პროცესებსაც აკონტროლებს და პოლიტიკური თამაშის წესებსაც ადგენს. ძნელი სათქმელია, როგორ მოიპოვა ჩუბინიშვილმა ხელისუფლების სრული ნდობა, მაგრამ, როგორც ამბობენ, მას მხარდაჭერა ნაკლებად სჭირდება, რადგან მისი გავლენა ხელისუფლების ვერტიკალსა და ბიზნესის სფეროში უსაზღვროა. გაზეთის მტკიცებით, ირაკლი ჩუბინიშვილმა დიდწილად განსაზღვრა თავის დროზე საქართველოდან ამერიკული კომპანია ეი-ი-ეს-ის წასვლა და “ბრიტიშ ეარვეიზისათვის” საქართველოში ფრენის აკრძალვა. საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი გია ხუხაშვილი კი გაზეთის ფურცლებზე იხსენებს, რომ ყოველთვის, როცა რკინიგზაში რაიმე პრობლემა გაჩნდებოდა, დავით ონოფრიშვილი მის მოსაგვარებლად ჩუბინიშვილს ურეკავდა და ამას არც მალავდა.

აფხაზეთისთვის ერთმანეთს პატრუშევი და ბერეზოვსკი
ებრძვიან, – წერს გაზეთი “ხვალიდენლი დღე”. ისინი აქ სერიოზულ კაპიტალს ფლობენ და, ბუნებრივია, სეპარატისტული ხელისუფლების სათავეში საკუთარი კანდიდატის გაყვანა სურთ. ერთი ვერსიით, ბაღაფშის გამარჯვება სწორედ ბერეზოვსკის დამსახურებაა. გამარჯვების შემთხვევაში, ბაღაფში არა თბილისის ან კრემლის, არამედ ბერეზოვსკის ინტერესების გამტარებელი იქნება, – ამტკიცებს “ხვალინდელი დღე”.

სერგეი ბაღაფშს თითქმის მთელი აფხაზეთი უჭერს მხარს, მაგრამ კრემლი მას გამარჯვებას ჰპარავს, – წერს “24 საათი”. საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე გაზეთის ფურცლებიდან ამბობს, რომ არ ეთანხმება მითს სერგეი ბაღაფშის პროქართული ორიენტაციის შესახებ. ის მკაფიოდ პრორუსული ორიენტაციის კაცია. როცა ბაღაფში რუსეთში ე.წ. აფხაზეთის წარმომადგენლად დანიშნეს, მას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სოლიდური ფართი გამოუყვეს და სასათბურე პირობებში ჰყავდათ. ბაღაფშს ძალიან კარგად იცნობენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, უშიშროების საბჭოში, პუტინის ადმინისტრაციაში. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ აფხაზების მენტალიტეტიო. იქ ყველა სასამართლოზე მაღლა დგას უხუცესთა საბჭოს, ხალხის აზრი. ბაღაფშმა ხალხის მხარდაჭერა მოიპოვა. ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, ისევ ის გაიმარჯვებს. რუსეთი, საბოლოო ჯამში, არაფერს კარგავს. იგი მიხვდა თავის უწყებრივ შეცდომას – ბაღაფში და ხაჯიმბა მისთვის ტყუპისცალებია.

აფხაზეთში ჩვენთვის ხელსაყრელი სიტუაციაა, – წაიკითხავთ გაზეთ “ახალ თაობაში”. რეალობაა, რომ რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთის მოსახლეობაში ერთმნიშვნელოვნად აღარ ჰყავს დასაყრდენი. Eეს არ ნიშნავს, რომ აფხაზეთის საზოგადოება მთლიანად საქართველოსკენ მობრუნდა, მაგრამ არის ჩვენთვის სიმპტომატური სიგნალები. აფხაზეთში განვითარებული მოვლენები ამტკიცებს, რომ რუსეთი ვერ ნიშნავს “პრეზიდენტს” აფხაზეთში და იძულებულია პროცესები დეკემბრისთვის გადაიტანოს, – წერს გაზეთი “ახალი თაობა”.
XS
SM
MD
LG