Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბჭოთა დისიდენტების “შავი წელიწადი”


1974 წელს ამერიკული ჟურნალი “სათადეი რევიუ” სთხოვს

ანდრეი სახაროვს იწინასწარმეტყველოს სამყაროს განვითარება და აღწეროს, როგორი იქნება ჩვენი პლანეტა 2004 წელს. სახაროვი წერს საერთო ინფორმაციულ ქსელზე (დღევანდელი ინტერნეტი) და გაეროზე, რომელიც “მსოფლიოს მთავრობა” იქნება. სოლჟენიცინმა მიწასთან გაასწორა სახაროვის ეს სტატია. “სახაროვის მსოფლიო – ესააა მსოფლიო წარსულის გარეშე, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი წარსულის გარეშე,” – წერდა სოლჟენიცინი. ამავე 1974 წელს თავის მიმართვაში, სახელწოდებით “წერილი საბჭოთა ბელადებს”, სოლჟენიცინი ხელისუფლებას სთხოვს შეამციროს კოსმოსური კვლევისთვის განკუთვნილი თანხა და გამოიყენოს ეს ფული რუსული სოფლების - კერძოდ, ჩრდილოეთის სოფლების - აღდგენისთვის.
მოსკოველი დისიდენტების სულიერი მდგომარეობა სიმბოლურად აისახა 1973 წლის მიწურულს ილია გაბაის თვითმკვლელობაში.

30 წლის წინ კაგებემ მაინც მოახერხა და შუაზე გახლიჩა საბჭოთა დისიდენტური მოძრაობა – “ზაპადნიკებად” და ‘სლავიანოფილებად” დაყო. ეს იყო ნაცადი ხერხი, რომლითაც კრემლმა ადამიანის უფლებათა მებრძოლები დაასუსტა. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” გავიხსენებთ 1974 წელს მოსკოვში მომხდარ ზოგიერთ მოვლენას, რომელიც საბჭოთა დისიდენტებმა “შავი წლის მოვლენებად” შეაფასეს.


1972 წლის სექტემბერში საბჭოთა კავშირის ადამიანის უფლებათა კომიტეტი დატოვა მისმა ერთ-ერთმა დამაარსებელმა ვალერი ჭალიძემ. იგი თბილისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო, სპეციალობით ფიზიკოსი. სწორედ ვალერი ჭალიძე გახდა პირველი მსხვერპლი კრემლის ახალი პოლიტიკისა. დისიდენტებს საზღვარგარეთ წასვლის საშუალებას აძლევდნენ, მერე კი საბჭოთა მოქალაქეობას ართმევდნენ და სამშობლოში აღარ უშვებდნენ. ასე წაართვეს მას მოქალაქეობა. ჭალიძემ ნიუ-იორკში “ადამიანის უფლებათა დაცვის ქრონიკის” გამოცემა დაიწყო. კაგებეს აგენტები ჟურნალის გამომცემლებს ნიუ-იორკშიც ემუქრებოდნენ. დისიდენტების ასეთი მოშორება “ანტისაბჭოთა ელემენტებთან ბრძოლის კამპანიისთვის” ეფექტური აღმოჩნდა. 1972 წლის მიწურულს ქვეყნიდან გააძევეს იოსიფ ბროდსკი და ანდრეი სინიავსკი, 1973 წელს – ვლადიმირ მაქსიმოვი. ამის შემდეგ კომიტეტი, ფაქტობრივად, დაიშალა, ხოლო ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა ციხეებიდან, ბანაკებიდან, ფსიქიატრიული კლინიკებიდან დაიწყო. 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, პოლიტბანაკებში პატიმრებმა შიმშილი დაიწყეს. მორდოვისა და პერმის ბანაკის პოლიტმატიმრების ინიციატივით, 30 სექტემბერი საბჭოთა პოლიტპატიმრის დაცვის დღედ გამოცხადდა. დაარსდა საერთაშორისო ამნისტიის საბჭოთა განყოფილება. ხელისუფლება მიხვდა, რომ დისიდენტები ციხეშიც კი არ ისვენებდნენ, რომ მათი დამორჩილება ერთჯერადი აქციებით, დატუქსვით, დაშინებით თუ საზოგადოებრივი აზრის შექმნით შეუძლებელი ხდებოდა.

73-74 წლებში მწერალთა კავშირიდან გარიცხეს ლევ კოპელევი, ალექსანდრ გალიჩი, ლიდია ჩუკოვსკაია, ვლადიმირ ვოინოვიჩი. ხელისუფლება ამას დასჯად მიიჩნევდა, რადგან მწერალთა კავშირიდან გარიცხულს აღარ ჰქონდა უფლება დაებეჭდა თავისი ნაწარმოებები. მაგრამ ქვეყანა მაინც სხვა ეპოქაში ცხოვრობდა – დასავლეთში ხელნაწერების გაგზავნა და იქ გამოქვეყნება პრობლემა აღარ იყო. აი, რას წერდა ხელისუფლების ახალი ტაქტიკის შესახებ ლიდია ჩუკოვსკაია:

“ახლა რაღას გავაკეთებთ, მწერალთა კავშირიდან გარიცხულები? წიგნებს დავწერთ. თქვენ ხელს ვერ შეგვიშლით – რუსული ლიტერატურა ისევ ცოცხალი იქნება.”

ხელისუფლებამ ვერაფერი მოუხერხა მწერლებს, მხატვრებს. 1974 წელს გააქტიურდნენ მხატვარი-ნონკონფორმისტები, რომლებმაც რუსეთის ქალაქებში რამდენიმე ექსპოზიცია მოაწყვეს. სექტემბერში მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით, პროფკავშირების ქუჩაზე, მხატვრებმა გამოფენა ზედ გაზონებზე მოაწყვეს. ამ უჩვეულო ვერნისაჟს უამრავი ხალხი დაესწრო, მაგრამ მილიციამ, გარემოს დაცვის მოტივით, გამოფენის ორგანიზატორები დაშალა, ნამუშევრებს ბულდოზერებით გადაუარა. 5 მხატვარი ხულიგნობის ბრალდებით დააპატიმრეს. მაგრამ მხატვრები ვერ ისვენებდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ასეთივე ექსპოზიცია მოეწყო იზმაილოვოში. ვერნისაჟს 15 000 ადამიანი დაესწრო.

ხალხის დამორჩილების მიზნით კრემლმა სპეციალური დამსჯელი ოპერაციის გეგმა შეიმუშავა. ამ ოპერაციის პირველი მსხვერპლი ალექსანდრ სოლჟენიცინი გახდა. ნობელის პრემიის მინიჭება 1970 წელს კრემლს სოლჟენიცინის წინააღმდეგ ახალი კამპანიის აგორების საბაბს აძლევს. 1973 წლის სექტემბერში კაგებე ახერხებს “არქიპელაგი გულაგის” ხელნაწერის ხელში ჩაგდებას: კაგებეს აგენტებმა დაკითხეს 70 წლის მოხუცი ელიზავეტა ვორონიანსკაია, რომელმაც წამებას ვერ გაუძლო და კაგებეს უთხრა, თუ სად ინახებოდა ხელნაწერი. “გულაგის” კონფისკაციის შემდეგ ვორონიანსკაიამ თავი მოიკლა. სოლჟენიცინი აღიარებს, რომ პარიზში ამ ნაწარმოების დაბეჭდვას აპირებენ. სექტემბერში დასავლეთში გამოდის “გულაგის” პირველი ტომი. 1974 წლის 7 იანვარს ეწყობა პოლიტბიურის სპეციალური სხდომა, რომლის სტენოგრამა ახლახან გამოქვეყნდა რუსულ პრესაში.

ბრეჟნევი:
“იგი ხულიგანია. სულ აიშვა. ანგარიშს არავის უწევს, რა ვუყოთ?”

კოსიგინი:
“ამხანაგი ანდროპოვი ქვეყნიდან მის გაძევებას გვთავაზობს.”

პოდგორნი:
“და რომელი ქვეყანა მოინდომებს მის მიღებას მისი სურვილის გარეშე?”

ბრეჟნევი
“იქნებ სოციალისტურ ქვეყანაში გავასახლოთ?”

ანდროპოვი:
“არ გამოვა, ასეთი “საჩუქარი” როგორ ვაკადროთ? ლეონიდ ილიჩ, იქნებ ერაყს ვთხოვოთ ან შვეიცარიას. საზღვარგარეთ უზრუნველად იცხოვრებს – 8 მილიონი მანეთი აქვს ბანკში.”

კაპიტონოვი:
“მაგრამ ხალხი როგორ აღიქვამს ამას – როგორც ჩვენს სისუტეს თუ როგორც ძლიერებას? “

გრიშინი:
“ამხანაგ ანდროპოვს მოუხდება მიაგნოს ასეთ ქვეყანას.”

კოსიგინი:
“სოლჟენიცინი უნდა გასამართლდეს. ხალხმა უნდა გაიგოს, ვინაა იგი. მერე კი ვერხოიანსკში გავგზავნოთ. უცხოელი კორესპონდენტები იქ ვერ წავლენ, ვერხოიანსკში ცივა ძალიან.”

1974 წლის 2 თებერვალს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ვილი ბრანტი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა თავშესაფარი მისცეს სოლჟენიცინს. 13 თებერვალს სოლჟენიცინს აპატიმრებენ. იგი სპეციალურ თვითმფრინავში ჩასვეს და ფრანკფურტში ჩაიყვანეს. აეროპორტიდან მწერალი პირდაპირ ჰაინრიხ ბიოლთან გაემართა.

ასე დაიწყო “შავი წელიწადი” – შესაძლებელია, ყველაზე მძიმე ხანა საბჭოთა დისიდენტებისთვის. სოლჟენიცინის გადასახლების შემდეგ მოსკოვში მოეწყო პირველი დემონსტრაცია ეგრეთ წოდებული “ საბჭოთა გერმანელებისა”, რომლებიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ემიგრაციის უფლებას ითხოვდნენ. 1974 წელს ქვეყნის დატოვება მოუხდათ მწერალ ვიქტორ ნეკრასოვსა და ალექსანდრ გალიჩს. გალიჩის სიმღერები მაშინვე აიკრძალა:

[ხმა. გალიჩი]

“შავი წელი” მოსკოვში არამარტო ადამიანთა გადასახლებით აღინიშნა. 1974 წელს ყველასათვის მოულოდნელად თვითმკვლელობით ამთავრებს ცხოვრებას რუსი 60-იანელების კერპი, დრამატურგი გენადი შპალიკოვი. ამავე წელს გარდაიცვალა ვასილი შუკშინიც, რომლის ფილმი “წითელი ძახველი” – “შავი წლის” საბჭოთა კინოგაქირავების ლიდერი გახდა. სწორედ ამ ფილმში გამოიხატა ყველაზე უკეთ ის განწყობილება, რომლითაც ხალხი 30 წლის წინ ცხოვრობდა. შუკშინის “წითელი ძახველის” შესახებ ზუსტად ერთი კვირის შემდეგ გიამბობთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG