Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში


კვირას უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, მისი ბედი ორ ძირითად კანდიდატს,

პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩსა და ოპოზიციის ლიდერს, ვიქტორ იუშჩენკოს შორის ბრძოლაში გადაწყდება.

ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკრაინის მთავრობის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, იანუკოვიჩი ლიდერობს. საპირისპირო აზრისაა ოპოზიცია. მისი ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ იუშჩენკო აცხადებს, რომ იანუკოვიჩი მოტყუებით ცდილობს წარმატების მიღწევას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ჯერჯერობით ხმების 94 პროცენტზე მეტია დათვლილი. იანუკოვიჩს, კომისიის თანახმად, 40 პროცენტზე მეტი აქვს, იუშჩენკო მას დაახლოებით ერთი პროცენტით ჩამორჩება.

იუშჩენკოს თქმით, მთავრობამ გააყალბა კენჭისყრის შედეგები, რასაც მოწმობს საარჩევნო უბნების დაახლოებით ერთ მესამედში ოპოზიციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლა "ეგზიტ პოლებზე" დაყრდნობით. იუშჩენკოს თქმით, პარალელურმა დათვლამ აჩვენა, რომ მან ხმების 54 პროცენტი დააგროვა, იანუკოვიჩმა კი - 27.

[იუშჩენკოს ხმა] "პირველ რიგში, ძვირფასო მეგობრებო, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მოხდა ის, რის მიღწევასაც ცდილობდა უკრაინის დემოკრატია ამდენი ხნის მანძილზე - უკრაინის დემოკრატიული ძალების ტრიუმფი."

იუშჩენკო მთავრობას ბრალს სდებს კენჭისყრის შედეგების მანიპულირებაში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილებში.

საერთაშორისო მეთვალყურეები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ აღრიცხულია დარღვევები. ეუთომ განაცხადა, რომ უკრაინაში გამართული არჩევნები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

მანამდე კანადის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა ჯონ მრზავმა თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში იყო იანუკოვიჩის სასარგებლოდ ძალადობის შემთხვევები საარჩევნო უბნების ხელმძღვანელებზე ზეწოლის მიზნით.

მაგრამ ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა ჰანე სევერინსენმა მაღალი შეფასება მისცა კვირას გამართულ კენჭისყრას და თქვა, მეორე ტურის გამართვის ალბათობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ საქმე დემოკრატიულ არჩევნებთან შეიძლება გვქონდესო.

კენჭისყრის შემდეგ ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც შინ იმყოფებოდა, კომენტარებისგან თავი შეიკავა. ჟურნალისტებთან მისი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს, სერჰი ტიჰიპკოს ჰქონდა ურთიერთობა:

[ტიჰიპკოს ხმა] "ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობისა და სიწყნარის შენარჩუნება. გულზე ხელი შემიძლია დავიდო და ვთქვა, რომ ამაზე ძალიან ვღელავდი. ყოველთვის მწამდა უკრაინელი ხალხის სიბრძნისა და ამიტომაც იქნება უკრაინა ძლიერი, ერთიანი და აყვავებული ქვეყანა."

პრეზიდენტობის ორი ძირითადი კანდიდატი ორ დიამეტრულად განსხვავებულ პოლიტიკურ კურსს განასახიერებს. ერთი რუსეთთან კავშირების გაძლიერების მომხრეა, მეორე კი - დასავლეთთან დაახლოებისა. ამ თემაზე ვესაუბრეთ ჩვენი რადიოს უკრაინული სამსახურის დირექტორს, ალექსანდრ ნაროდეცკის.

[ნაროდეცკის ხმა] "იანუკოვიჩის გამარჯვება, გასაგებია, რაც არის. ეს არის იმავე კურსის გაგრძელება, რაც იყო კუჩმას დროს. ეს არის რუსეთთან ძალზე მჭიდრო კავშირები, დაძაბული ურთიერთობები დასავლეთთან. იუშჩენკოს გამარჯვება, რა თქმა უნდა, სერიოზული გადატრიალებაა უკრაინისთვის. ეს არის უფრო მეტი ორიენტაცია დასავლეთზე. ეს არის მეტი ყურადღება ადამიანების ეროვნული თვითშეგნებისკენ. მეტი ყურადღება სახელმწიფოს, ნაციის, როგორც ასეთის, მშენებლობისკენ. ის, რაც ბოლო ხანებში არასაკმარისად მოიპოვებოდა და რაც, ბუნებრივია, იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში უფრო ნაკლებად იქნება გამოხატული, ვიდრე იუშჩენკოს წარმატების შემთხვევაში."

მაგრამ ჩვენთან საუბარში ნაროდეცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთს საბოლოო ჯამში არც იუშჩენკოსთან გაუჭირდება საერთო ენის გამონახვა.

ამასობაში უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 21 ნოემბერს გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მხოლოდ ორი ძირითადი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG