Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ფონდი მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს კომპიუტერსა და ინგლისურს შეასწავლის


პოპულარული მომღერალი თემურ წიკლაური ახალ ამპლუაში მოგვევლინა. ის სათავეში ჩაუდგა ფონდს, რომელიც ყოველწლიურად მზრუნველობას მოკლებულ 160 ბავშვს

კომპიუტერსა და ინგლისურს შეასწავლის. პროგრამა ითვალსწინებს როგორც სკოლა ინტერნატის აღსაზრდელთა, ასევე ხელმოკლე ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა სწავლებასაც. 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების პირველი ნაკადი თბილისის მასშტაბით შეირჩა. თავად ბავშვები კომპიუტერის ცოდნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

16 წლის თეონა გელდიაშვილი ინტერნატში, სახელად ”მომავლის სახლი”, უკვე 4 წელიწადია ცხოვრობს. ახმეტიდან თბილისში ის მას შემდეგ მოხვდა, რაც დედამ იქ სახლი გაყიდა და, ორ გოგონასთან ერთად, უკეთესი მომავლის საძებნელად დედაქალაქში გადმოსახლდა. ახალმა გარემომ ოჯახს არანაკლები პრობლემები შეუქმნა - დედამ მუშაობა ვერ დაიწყო და თეონაც, ბედის ანაბარად, ქუჩაში აღმოჩნდა:

(თეონა გელდიაშვილის ხმა) ”ვიყავი ქუჩაში. ქუჩაში არ მეძინა, მაგრამ სახლიდან ვიყავი წამოსული. ვყიდიდი რაღაცეებს, ”კევებს” და რაღაცეებს…ქუჩაში ყოფნა არ მინდოდა. მერე - გავიცანი ერთი ქალი, რომელმაც შევარდნაძის დაცვას სთხოვა და რომელი ბავშვთა სახლიც მომწონდა, ჩემი არჩევანით, იქ გადამიყვანეს. ეს იყო “მომავლის სახლი”.

ახლა ის უკვე ხარისხის მართვის უნივერსიტეტში სამედიცინო განხრით სწავლობს, მომავალზე დიდ იმედებს ამყარებს და ზუსტად იცის ისიც, რომ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად კომპიუტერის ცოდნაც აუცილებელია:

(თეონას ხმა) ”მე ვფიქრობ, რომ კომპიუტერი, მართლაც, აუცილებელია. დღესდღეობით თუ არ იცი კომპიუტერი, ისე ვერსად ვერ მოეწყობი და ვერ იმუშავებ. ამიტომ დიდ მადლობას ვუხდით ბატონ თემურ წიკლაურს, რომ ასეთი სასიკეთო საქმე გააკეთა და ბავშვებს გვაქვს საშუალება, რომ ვიაროთ აქ და ვისწავლოთ კომპიუტერი.”

დიახ, თეონა გელდიაშვილი იმ 80 მოზარდს შორისაა, რომლებიც, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დახმარების ფონდის ხელშეწყობით, კომპიუტერისა და ინგლისურის შესწავლას სულ მალე დაიწყებენ.

ამავე ნაკადში მოხვდა თეონას და, 17 წლის ნინო გელდიაშვილი, რომელიც ასევე “მომავლის სახლში” ცხოვრობს. კომპიუტერის მნიშვნელოვნებაში ეჭვი არც მას ეპარება:

(თეონას დის ხმა) ”რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, მე ვისწავლი და… რა ვიცი… რა პროფესიის ადამიანიც არ უნდა იყო, ინგლისური და კომპიუტერი მაინც საჭიროა.”

ფონდის ხელმძღვანელის თემურ წიკლაურის თქმით, 5-თვიანი სწავლება კვირაში 15-საათიან მეცადინეობას გულისხმობს. მოზარდებს ენისა და კომპიუტერის გაკვეთილები მონაცვლეობით ჩაუტარდებათ.

ფონდის დაფინანსება რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის სოსლან ხარებოვის სახელს უკავშირდება. მას თემურ წიკლაური ასე ახასიათებს:

(თემურ წიკლაურის ხმა) ”იგი საქართველოში დაბადებული, აქ გაზრდილი ”პლეხანოველი” ბიჭია. ამჟამად რუსეთშია. მას ქვეყანა უყვარს, ბავშვები უყვარს და ღვთისნიერია.”

როგორც ირკვევა, სოსლან ხარებოვს ბავშვებისთვის კიდევ ბევრი სიურპრიზი აქვს ჩაფიქრებული:

(თემურ წიკლაურის ხმა) ”მან თანხა გამოყო, რომ ბავშვებს ვაჭამოთ დღეში ერთხელ. ასევე გზის ფულს ვუხდით ბავშვებს, რომ აქამდე მოვიდნენ. ბავშვებს ამ პერიოდში დაბადების დღეც ექნებათ, მოდით, გული გავუხაროთ და დაბადების დღეც გადავუხადოთო. მოდით და ბავშვები ექსკურსიებზეც ვატაროთო…თეატრებში წავიყვანოთო… მოვიწვიოთ სხვადასხვა მასწავლებლები და პროფესორებიო.”

ერთი სიტყვით, სწავლის პროცესის დასაწყებად ყველაფერი მზად არის. ახალთახალი 80 კომპიუტერი ბავშვებს ელოდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG