Accessibility links

logo-print

რა საფუძველზე იყვნენ დაკავებულები საქართველოში როკის გვირაბით შემოსული მგზავრები, ისევ გაურკვეველია


როკის გვირაბით საქართველოში შემოყვანილი მგზავრები და მათი მძღოლები დაკავებულები აღარ არიან, თუმცა ცხინვალის რეგიონში, სოფელ კეხვთან,

შაბათ საღამოს დაწყებული ისტორია გრძელდება. კეხვთან დაკავებული ავტობუსების მძღოლები გორში მათ მიმართ წარმოებული დაკითხვის შემდეგ სამშაბათს დილით ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლეს. უშიშროების სამსახურში მძღოლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით. არადა, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” ვერ არკვევენ, რომელი ბრძანებით იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბით შემოსვლა.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” ვერც სამშაბათს მიაკვლიეს იმ სამართლებრივ აქტს, რომელიც როკის გვირაბით საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას კრძალავს. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურში კი შეკითხვას, არის თუ არა აკრძალვა, ასე უპასუხებენ:

[საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურის თანამშრომლის ხმა] “კეხვთან ჩვენები არ დგანან. ჩვენები დგანან იქ, სადაც გადის სახელმწიფო საზღვარი. სახელმწიფო საზღვარი მანდ ნამდვილად არ გადის. “

ამ განმარტების უკან სამართლებრივი აქტი თუ დგას,“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მიაჩნიათ, რომ შესაძლებელი უნდა იყოს მისი კანონიერების ეჭვქვეშ დაყენება:

[ზურაბ ბურდულის ხმა] “მისი კანონიერების ეჭვქვეშ დაყენება შეიძლება სხვა მოტივით. ფაქტია, რომ ხელისუფლება სწორად არ აღიარებს სამაჩაბლოს ტერიტორიას სხვა ქვეყნის ტერიტორიად და თუკი იქ გამშვები პუნქტის გაუქმება მოხდა, საინტერესოა, რა მოტივით და რა კანონმდებლობის საფუძველზე მოხდა გაუქმება. “

ეს იყო “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი ზურაბ ბურდული. ის და მისი კოლეგები როკის გვირაბით საქართველოში შემოსვლის აკრძალვის დამატასტურებელი დოკუმენტით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც სამართალდამცავებმა სოფელ კეხვთან 300-მდე მგზავრი დააკავეს და, იურისტების აზრით, სრულიად უკანონოდ 2 დღის მანძილზე საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება აუკრძალეს. დეპუტატი ვასილ მაღლაფერიძე ( მან სახალხო დამცველთან ერთად ორშაბათს მთელი დღე კეხვთან დაკავებულ მგზავრებთან ერთად გაატარა) ამბობს, რომ მგზავრები მძღოლებმა საქართველოში ზუსტად იმ გზით შემოიყვანეს, რა გზითაც საქართველოდან რუსეთში 22 ოქტომბერს უპრობლემოდ გავიდნენ.

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] “22 ოქტომბერს გაიარეს როკი. ბრძანება, როგორც მითხრეს, 22 რიცხვის მერეა გამოცემული და, როგორც ჩანს, ეს მძღოლებმა არ იცოდნენ. სიტყვიერია თუ წერილობითი ეს ბრძანება, არ ვიცი. მაგრამ მძღოლებმა ეს გზა 22 - ში უპრობლემოდ გაიარეს. “

როგორც მოვისმინეთ, ვასილ მაღლაფერიძემ არ იცის, ბრძანება სიტყვიერია თუ წერილობითი. ბრძანების შესახებ არ იცოდნენ მძღოლებმაც, თუმცა ეს არაფერს წყვეტს. მძღოლების მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაკითხვის შემდეგ ისინი ხელწერილების საფუძველეზე არიან გათავისუფლებულები. მძღოლებს ჩვენების მიცემა კიდვე მოუწევთ. მათ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას ედავებიან, ასეთი ბრალდების დადასტურება კი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თუკი კანონდარღვევას ადგილი მართლა ჰქონდა, მაშინ მძღოლების მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა ავტობუსების დაკავების მომენტიდან უნდა დაწყებულიყო, რაც არ მოხდა. ისევ ზურაბ ბურდულის თქმით:

[ზურაბ ბურდულის ხმა] “შემდეგ ხვდებიან ხოლმე, რომ არასწორად მოიქცნენ და იწყებენ ძველი რიცხვით რაღაცეების გაფორმებას. ეს თავიდან უნდა მომხდარიყო. 2-3 დღე ადამიანების გაჩერებას ამ მდგომარეობაში არც სისხლის სამართალი და არც ადმინისტრაციული სამართალი არ ცნობს. “

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აპირებს კეხვთან მომხდარის გასაჩივრებას, თუმცა მანამდე ელოდება, როგორ განვითარდება პროცესები დაკავებული და დროებით გათავისუფლებული მძღოლების წინააღმდეგ, სად იპოვიან ბრალის ნიშნებს.
XS
SM
MD
LG