Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბაჟომ პრეზიდენტის დირექტივა გადაჭარბებით შეასრულა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საბაჟო დეპარტამენტის მიერ გასული თვის გეგმის გადაჭარბებით შესრულებამ ამ უწყების ხელმძღვანელის მიმართ პრეზიდენტის მიერ საჯაროდ გამოთქმული კრიტიკა

დროებით გაანეიტრალა. ოქტომბრის საგეგმო მაჩვენებლის 35 მილიონი ლარით გადაჭარბება შეიძლება საქართველოში საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების სპეციფიკურ „ქართულ მეთოდადაც“ მივიჩნიოთ, რომელსაც სათავე რამდენიმე კვირის წინ სააკაშვილის მთავრობის სხდომაზე გამოსვლამ დაუდო. რაში მდგომარეობს საბაჟო ადმინისტრირების „ქართული სპეციფიკა“?

საბაჟო დეპარტამენტმა გასული თვის გეგმას 35 მილიონი ლარით გადააჭარბა. საინტერესოა, რომ ამ უწყებისათვის ეს მაღალი მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში სარეკორდოა. საბაჟოს მიერ გეგმის გადაჭარბებას დამატებით დრამატიზმს სძენს ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი სააკაშვილი საბაჟოს შეფს გიორგი გოდაბრელიძეს გადაყენებით დაემუქრა და მისი თანამდებობაზე დარჩენის ერთ-ერთ პირობად გეგმაზე 30 მილიონით მეტი თანხის მობილიზება დაასახელა. საბოლოოდ, გოდაბრელიძემ პრეზიდენტის მიერ პირობად დადებულ თანხას კიდევ 5 მილიონი წაუმატა, რითაც დროებით პოსტის შენარჩუნება მოახერხა.

საბაჟოს მიერ გეგმის უპრეცედენტო გადაჭარბება შეიძლება საგადასახადო ადმინისტრირების ახალ ქართულ მეთოდად შევაფასოთ. გეგმის გადაჭარბებაში ცუდი არაფერია, უფრო პირიქით, მაგრამ ექსპერტებს ამ შემთხვევაში ის ტენდენცია აშფოთებთ, რომ ეს „მონაგარი“ არა ობიექტური რეალობით, არამედ, ძირითადად, ხელისუფლების უმაღლესი პირების პირდაპირი დირექტივებით არის განპირობებული. ექსპერტი გიორგი ჯანდიერი ამაში სასიხარულოს ვერაფერს ხედავს:

[გიორგი ჯანდიერის ხმა] „ჩვენს ქვეყანაში ბიუჯეტის საგადასახადო გეგმის გადაჭარბება ყოველთვის აღიქმება, რომ ძალიან კარგია, მაგრამ მე პრინციპში ამაში ვერ ვხედავ დიდ სიკეთეს. ვიტყოდი, რომ წლევანდელი გადაჭარბება ბიუჯეტში მომდინარეობს არა იმისგან, რომ მართლაც ჯანსაღი ძვრები მიმდინარეობს ამ ქვეყანაში, არამედ იმისგან, რომ პერსონალურად პრეზიდენტისა და მთავრობის ზედა ეშელონებში არის ძალიან დიდი მონდომება ამ საქმეში და საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციაც ცდილობს, რომ ეს მონდომება შეასრულოს.“(სტილი დაცულია)

ადმინისტრირების ახალ ქართულ მეთოდთან დაკავშირებით თბილისში მორიგი ხუმრობაც გავრცელდა: როგორც ჩანს, პრეზიდენტის დავალება მაგიურად მოქმედებს სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელებზე. ამ შემთხვევაში გული მხოლოდ იმაზე შეიძლება დაგვწყდეს, რომ სააკაშვილს გოდაბრელიძისათვის უფრო მეტი თანხის მობილიზება შეეძლო მოეთხოვა. რაც შეეხება რეალურ ეკონომიკას, იქ სასიკეთო ძვრები ჯერჯერობით ნაკლებად შეინიშნება.

[გიორგი ჯანდიერის ] „რაც შეეხება საერთოდ ეკონომიკას, მე პრინციპში ვერ ვხედავ რაიმე სერიოზულ ძვრებს იმისათვის, რომ რაიმე გვიხაროდეს, რაც ხდება. მე ერთ რამეს გავუსვამდი ხაზს, რომ სასურველი იქნება, თუ შემოსავლების ზრდას დაემთხვევა მთავრობის ეფექტიანი საქმიანობის ზრდა, ხარჯების გამჭვირვალობის ზრდა და ა.შ. “(სტილი დაცულია)

მოკლედ, ის, რომ საბაჟომ გეგმა დიდი გადაჭარბებით შეასრულა, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, მაგრამ გაცილებით უკეთესი იქნება, თუ ეს ზრდა ობიექტურად ეკონომიკური პროცესებიდან იქნება გამომდინარე და მხოლოდ პრეზიდენტის დირექტივაზე არ იქნება დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG