Accessibility links

logo-print

აფხაზეთში არსებული დაძაბულობა, ცხინვალის სეპარატისტთა მეთაურის უკმაყოფილება ევროპის წარმომადგენელთა ვიზიტის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი აფხაზეთში არსებული დაძაბულობა, ცხინვალის სეპარატისტთა მეთაურის უკმაყოფილება ევროპის წარმომადგენელთა ვიზიტის გამო, ვლადიმირ ჟირინოვსკის

თვალსაზრისი საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ - აი, ის საკითხები, რომელთა გარშემოც გესაუბრებით რუსეთის ბოლოდროინდელი პრესის პუბლიკაციების მიხედვით.

2 ნოემბრის გაზეთი “კომერსანტი” წერს, რომ “აფხაზეთში გრძელდება დაპირისპირება პრეზიდენტობის ორი კანდიდატის - ექს-პრემიერ რაულ ხაჯიმბასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამარჯვებულად აღიარებული სერგეი ბაღაფშის - მომხრეებს შორის.”
გაზეთის ცნობით:

“ყოფილი პრემიერის თანამებრძოლებმა ჩახერგეს პარლამენტისა და მთავრობის შენობების შესასვლელები და ხელისუფლების მუშაობის პარალიზება გამოიწვიეს.
ადგილობრივი ტელეკომპანიის მკვებავ ელექტროქვესადგურზე ღამით მომხდარი აფეთქების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ გასცა ბრძანება აფხაზეთის ტელევიზიის მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ. თავად კანდიდატები კი გუშინ მოსკოვს გაემგზავრნენ რუსეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან საკონსულტაციოდ.”
“კომერსანტის” ინფორმაციით:

“აფეთქებას წინ უძღოდა ასევე იდუმალებით მოცული მოვლენები აფხაზეთის ტელევიზიაზე. ადგილობრივი დროით დაახლობით ღამის პირველ საათზე, როცა რუსეთის პირველ არხზე მთავრდებოდა ფილმის - “მოკალი ბილის” ჩვენება, ეთერი მოულოდნელად გაწყდა და ეკრანზე, უმა ტურმანის ნაცვლად, გამოჩნდნენ რაულ ხაჯიმბა და ჟურნალისტი ემა ხაჯავა. როგორც ადგილობრივმა ჟურნალისტებმა თქვეს, რუსეთის ტელეარხების ეთერში შეჭრა ბიჭვინთის ტელეანძის საშუალებით შეიძლება. როგორც ჩანს, ეს მოხდა კიდეც, მაგრამ არცთუ წარმატებულად, რადგან კანდიდატმა ხაჯიმბამ ეთერში ოცდაათ წამზე მეტი ვერ დაყო და ამ ხნის განმავლობაში არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.”

30 ოქტომბრის სააგენტო “რეგნუმის” ცნობით, “29 ოქტომბერს ცხინვალში ჩავიდა საერთაშორისო ექსპერტების სოლიდური დელეგაცია, რომელიც სხვადასხვა ევროპული ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგებოდა. მათ შორის იყვნენ: შვეციის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი, საბერძნეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გეორგიუს პაპანდრეუ, ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელი, საფრანგეთის პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე პიერ ლელუში და სხვები.”
“დელეგაციის წარმომადგენლებს აინტერესებდათ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების მკვეთრი გამწვავების მიზეზი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და სამხრეთ ოსეთის აზრი მოწესრიგების პერსპექტივაზე.”
“რეგნუმი” წერს:

“... ედუარდ კოკოითი უკმაყოფილო დარჩა შეხვედრის შედეგებით. მან, კერძოდ, დაადანაშაულა საქართველოს მხარე კონფლიქტის ზონაში სამხედრო ყოფნის გაძლიერებასა და ადრე მიღწეული შეთანხმებების დარღვევაში, მაგრამ საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ ამ პოზიციას. დელეგაციის წევრმა პიერ ლელუშმა მიუთითა ცხინვალის ლიდერს იმ ფაქტზე, რომ “სამხრეთი ოსეთი არაღიარებული რესპუბლიკაა”. მისივე განცხადებით, დროა, სამხრეთი ოსეთი მოელაპარაკოს საქართველოს, რადგან “საერთაშორისო საზოგადოებრიობის მოთმინების ფიალა ავსებულია.”

29 ოქტომბრის გაზეთი “ტრუდი” ბეჭდავს ინტერვიუს ვლადიმირ ჟირინოვსკისთან ტერორიზმთან ბრძოლის თემაზე. საუბარი საქართველოსთან ურთიერთობასაც შეეხო. ჟირინოვსკი ამბობს:

“ყველაზე ქმედითი ხერხი- ეკონომიკურია. გადაუხადეთ, გეთაყვა, რუსეთს მსოფლიო ფასების მიხედვით. საჭიროა მკაცრი საბაჟო და ძლიერი საზღვარი. საერთოდ, თუ ზეწოლას მოვახდენთ, მაშინ კრემლთან, ბოროვოცკის ჭიშკართან, სააკაშვილის კორტეჟი გამოჩნდება. ის ჩვენს პრეზიდენტთან შეხვედრას მოიწადინებს და, დამიჯერეთ, მისი ბრაზიანი გამომეტყველებისგან არაფერი დარჩება...”
XS
SM
MD
LG