Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოს ისევ აკრიტიკებენ


დავით პაიჭაძე, თბილისი სასამართლო სისტემა მკვდარია, მოსამართლეები გადაიქცნენ ნოტარიუსებად, რომლებიც აკმაყოფილებენ და ამტკიცებენ ხელისუფლების ნებისმიერ მოთხოვნას,

სასამართლო მთლიანად დამოკიდებულია პროკურატურასა და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე - ესაა კრიტიკული შეფასებები, რომელსაც ხშირად გაიგებთ საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. 2 ნოემბერს სასამართლო კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს, ამჯერად ადამიანის უფლებადამცავებმა თავისუფლების ინსტიტუტიდან. თუმცა ამავე დღეს გაირკვა, რომ სასამართლოში დიდი რეორგანიზაცია იწყება და მისი პირველი ნიშნებიც დადასტურდა.

ბევრს ახსოვს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან მომხდარი ინციდენტი, როცა იქ შეკრებილ მოქალაქეთა ჯგუფი უდიერად მოექცა ეკონომიკის მინისტრს. კახა ბენდუქიძის მანქანის დაზიანებისა და შეფურთხებისათვის მაშინ პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა, მთაწმინდა-კრწანისის სასამართლომ კი მათ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა: ერთს პირობითი სასჯელი ერგო, ხოლო ორი - ერთი წლითა და წელიწად-ნახევრით გაამწესეს ციხეში. თავისუფლების ინსტიტუტის წევრი აკაკი მინაშვილი მოსამართლე მებონიას ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდის:

“ამ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა არასამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც არ არის ჩადენილი დანაშაულის პროპორციული. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ასეთი დანაშაულის დროს მხოლოდ ჯარიმაზე შეიძლება ლაპარაკი. მებონიას ამ გადაწყვეტილებამ კვლავ დაგვანახვა სასამართლო სისტემის დღევანდელი სისუსტეები. დიდ ეჭვს იწვევს ამ მოსამართლის კვალიფიკაცია და აქტუალური ხდება საკითხი, რომ საჭიროა სასამართლო რეფორმა.”

რეფორმა არა, მაგრამ რეორგანიზაცია სასამართლოში ნამდვილად მოსალოდნელია. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესის ცნობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 36 მოსამართლე, შესაძლოა, უახლოეს ხანში დაითხოვონ და უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტონ. ეს გათვალისწინებულია პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით “უზენაესი სასამართლოს შესახებ”, რომლის განხილვაც მოელის პარლამენტს. პროექტის მიხედვით, შტატში მყოფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა საერთო რაოდენობა 25 მოსამართლემდე შემცირდება. 40%-ით დაიკლებს უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომელთა რიცხვი. უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში დაგვიდასტურეს, რომ დიდი რეორგანიზაცია, მართლაც, იგეგმება და კოტე კემულარიას თბილისში დაბრუნების შემდეგ მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

მანამდე კი ერთი დეტალი, რომელიც იმავე უზენაესი სასამართლოს უკვე არა რეორგანიზაციას, არამედ კეთილმოწყობას ეხება. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით (ნომერი 906), საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენისა და სამუშაო ოთახის კეთილმოწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან უზენაეს სასამართლოს 180 ათას ლარს გამოუყოფს. მე დავუკავშირდი უზენაესი სასამართლოს საფინანსო განყოფილების უფროსს ტატო ადამიას, რომელმაც ასე დაადასტურა თანხის ოდენობა:

[ადამიას ხმა] “მაგი მთლიანად მანქანის ფული არ არის. ავეჯიცაა, რემონტიც და ყველაფერი. ჯერ განაწილებული მაგი არ არის, თავმჯდომარის პრეროგატივაა. მე არ ვიცი, მანქანას კი ეძებენ, მარა… როგორს და რანაირს, მაგას შესყიდვებზე ვინც მუშაობს, ის იმასშვრება”… (სტილი დაცულია)

შესყიდვებზე მომუშავე სახელმწიფო მოხელეს, თემურ უშვერიძეს, ჩვენ ჯერ ვერ მივაგენით, რათა გვეკითხა: თუ კოტე კემულარიასთვის მანქანა ჯერ არ უპოვიათ, რა იციან, რომ, ოთახის რემონტსა და ავეჯთან ერთად, 180 ათასი ლარი ეღირება?
XS
SM
MD
LG