Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სერგო ფარაჯანოვის მუზეუმი უნდა აშენდეს


დედაქალაქში ოქტომბრის თვეში გამართულ კულტურულ ღონისძიებებზე წელს საკმაოდ ხშირად ახსენებდნენ სერგო ფარაჯანოვის სახელს. ფარაჯანოვის ფილმები, ჯერ იყო და,

საერთაშორისო კინოფესტივალის, “ოქროს პრომეთეს”, პროგრამაში ჩართეს, დიდი კინორეჟისორის სახელობის პრიზი დააწესეს, ფარაჯანოვის კოლაჟების გამოფენა მოაწყვეს, მერე კი, ოქტომბრის მიწურულს, სერგო ფარაჯანოვი “თბილისობაზე” ახსენეს... სწორედ “თბილისობაზე” დაიწყო საუბარი საქართველოს დედაქალაქში სერგო ფარაჯანოვის მუზეუმის გახსნის პერსპექტივებზე. რადიო “თავისუფლება” ესაუბრა ფარაჯანოვის ფონდის თავმჯდომარეს, ხელოვნებათმცოდნე მანანა ჭყონიას. რამდენად რეალურია ამ პროექტის განხორციელება?

სერგო ფარაჯანოვის 8 წლის წინ დაარსებული ფონდის მნიშვნელობა ქართულმა საზოგადოებამ მხოლოდ დღეს დააფასა, როცა ქვეყანაში ეგრეთ წოდებულ “მულტიკულტურულ პოლიტიკაზე” დაიწყო საუბარი. სერგო ფარაჯანოვის შემოქმედება თბილისში მაშინ გაიხსენეს, როცა გაირკვა – ერევანში სომხებს ფარაჯანოვის შესანიშნავი მუზეუმი გაუხსნიათ, მუზეუმს უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. არა და, თბილისში დაბადებულ და გაზრდილ რეჟისორს ერევანში, ფაქტობრივად, არც არასდროს უცხოვრია.

8 წლის წინ, როცა ქართველმა ხელოვნებათმცოდნემ, ფარაჯანოვის უმცროსმა მეგობარმა მანანა ჭყონიამ ფარაჯანოვის ფონდი დააარსა, დიდი რეჟისორის სახელის უკვდავსაყოფად არავის ეცალა:

[მანანა ჭყონიას ხმა] “თითქმის ყველას შევატყობინე, რომ ფარაჯანოვის ფონდი დავაარსე. თუ ვინმეს დახმარება უნდოდა, ყველას შეეძლო... მაგრამ, პირიქით, დაცინვის, გულგრილობისა და მასხარად აგდების მეტი, ჯერჯერობით არაფერი არ ყოფილა, თუმცა ახლა დიდი იმედი მომეცა, მეტი სტიმული მაქვს.”

მანანა ჭყონიას იმედი მაშინ გაუჩნდა, როცა ოქტომბრის დასაწყისში თბილისში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე ახალგაზრდებთან ერთად ხელახლა ნახა სერგო ფარაჯანოვის ფილმები:

[მანანა ჭყონიას ხმა] “ვერ წარმოიდგენთ, ეს თაობა როგორაა დაინტერესებული ამით. ეამაყებათ ბავშვებს, მართლა თბილისის სიყვარულიდან გამომდინარე. ამ ბავშვებს უნდათ, რომ მათ ქალაქთან ასეთი, მსოფლიო მნიშვნელობის, ხელოვანის სახელი იყოს დაკავშირებული და ყველაფერს გააკეთებენ, ოღონდ ჩვენი თანადგომა სჭირდებათ.”

ფარაჯანოვის ფონდის თავმჯდომარის თქმით, საერთაშორისო კინოფესტივალზე მოწვეულმა სომეხმა კინემატოგრაფისტებმა უკვე გამოთქვეს თანხმობა დაეხმარონ ქართველ კოლეგებს დიდი რეჟისორის მუზეუმის გახსნაში:

[მანანა ჭყონიას ხმა] “გულახდილად რომ გითხრათ, სომხებისგან – მატერიალურზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მორალური მხარდაჭერა არა მხოლოდ თბილისელი სომხებისგან, იქაური სომხებისგანაც ძალიან დიდი გვაქვს, გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ქართველებისგან.”

მაშ, ქართველებს რაღა სჭირთ? თბილისში დიდი კინორეჟისორის მეგობრობას ხომ უამრავი ხელოვანი “იბრალებს”... ან იმათ რაღა მოუვიდათ, ვინც ფარაჯანოვთან თანამშრომლობდა, მის გვერდით იდგა მაშინ, როცა დიდ რეჟისორს ძალიან უჭირდა?


[მანანა ჭყონიას ხმა]“მე მგონი, მაინც გულგრილობის მომენტია – თავის გადარჩენის ინსტინქტი მოქმედებს დღეს საქართველოში ყველაზე ძლიერ...არ სცალიათ, მაღალ მატერიებზე ვეღარ ფიქრობენ... როცა იცლიან, ახსენდებათ ფარაჯანოვიც... ის, რომ ფარაჯანოვის სახელი ისევ ჩვენს ქალაქს და ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ამაზე დაფიქრებისთვის არ სცალიათ.”

ასეა თუ ისე, დღეს უკვე არსებობს ხელისუფლების ნება – გაიხსნას თბილისში სერგო ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმი.... გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფარაჯანოვის პირადი ნივთები, მისი კოლაჟების, ნახატების უმრავლესობა საქართველოდან უკვე გატანილია, მაგრამ, ფარაჯანოვის ფონდის თავმჯდომარის თქმით, მაინც არის შესაძლებელი შეგროვდეს უნიკალური მასალა ასეთი მუზეუმის შესაქმნელად. ოღონდ შეუძლებელია მუზეუმის გახსნა კოტე მესხის ქუჩაზე, იმ სახლში, სადაც სერგო ფარაჯანოვი ცხოვრობდა:


[მანანა ჭყონიას ხმა] “სახლი აღარ არსებობს – მიაშენეს, მოაშენეს და, საერთოდ, არაფერი. – ეზოში “ბასეინი” ჰქონდა გაკეთებული, ისიც მოუსპიათ. თვითონაც არ ესმოდათ, რას აკეთებდნენ. გადაკეთებულია ახალ კორპუსად. ერთადერთი, ქუჩის მხრიდან მემორიალური დაფაა, რომელიც თავის დროზე ტანია ბუხბინდერმა გააკეთა. ეს მიგვანიშნებს, რომ ოდესღაც აქ ცხოვრობდა ფარაჯანოვი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ყველაფერი ორი საუკუნის წინ იყო.”

ოდესღაც თბილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სერგო ფარაჯანოვი... “არა ორი საუკუნის”... არამედ სულ რაღაც 15, 20 წლის წინათ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG