Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში საქართველო შეერთებული შტატების სამხედრო დახმარებაში დარწმუნებულია


ვიდრე შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყებოდა, საქართველოში მყოფმა ამერიკის მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანი ორი კვირით ადრე ინტერნეტის

საშუალებით გააკეთეს. ხმის მიცემის დისტანციურ პროცესში მონაწილეობა მიიღეს ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა, რომლებიც უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ. ნიშანდობლივია, რომ ახალი ამერიკული სამხედრო დახმარების პროგრამის ამოქმედებაზე საქართველოში სწორედ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღით ალაპარაკდნენ. საქართველოს სამხედრო უწყებაში დარწმუნებულნი არიან, რომ რა შედეგითაც უნდა დასრულდეს არჩევნები, ქართულ-ამერიკული სამხედრო ურთიერთობა კვლავაც ნაყოფიერი იქნება. ამ იმედით ფრთაშესხმული საქართველოს ხელისუფლება უკვე იქით აპირებს დახმარება აღმოუჩინოს ნატოს ქვეყნებს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია შეერთებული შტატების მხრიდან ახალი სამხედრო დახმარების შესახებ. ინფორმაციებში ნათქვამია, რომ პენტაგონი აპირებს ქართველი ოფიცრების მოსამზადებლად განახორციელოს ახალი ქართულ-ამერიკული პროგრამა, რომელიც დაახლოებით 35-40 მილიონი დოლარი ეღირება. სააგენტო “კავკაზ-პრესი”, თავდაცვის სამინისტროს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, აზუსტებს, რომ პროგრამით მომზადებას გაივლის ქუთაისში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების 21-ე ბრიგადის სატანკო ბატალიონი. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად მე დავუკავშირდი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დავით სიხარულიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ სამხედრო დახმარება განხილვის პროცესშია, რის გამოც ძალზე ნაადრევი და დიპლომატიურად არაეთიკურიც არის ლაპარაკი ახალი პროგრამის ღირებულებასა და მის ვადებზე. თუმცა ერთ რამეში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ღრმად არის დარწმუნებული:

[დავით სიხარულიძის ხმა] “ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა გაღრმავდება, იმისდა მიუხედავად, თუ როგორი შედეგით დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში.”


ასეთ მოსაზრებას, ოღონდ, როგორც თავად ამბობს, “ფრთხილი ოპტიმიზმით” იზიარებს ექსპერტი სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში დავით დარჩიაშვილი. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამერიკის მხრიდან სამხედრო დახმარების გაგრძელება დამოკიდებული იქნება თავად საქართველოს ხელისუფლების შემდგომ ნაბიჯებზე:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] “თანამშრომლობა გაგრძელდება, მაგრამ, ვფიქრობ, იქნება ძალიან საქმიანი ურთიერთობა და, თუ ვასრულებთ საქმეს, როგორც პარტნიორები, ხომ კარგი, თუ არადა, შეიძლება გვქონდეს პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად გაიზარდა ინტერესი და შეიძლება თვისობრივად გაიზარდოს დახმარება რევოლუციის გამო. მაგრამ რევოლუციურ მთავრობას მოეთხოვება არა რევოლუციური, არამედ დამჯდარი, ყოველდღიური, პროცედურულად გაწერილი, ნათელი და სტაბილური მუშაობა.”

თუმცა ოპტიმიზმის დოზა ბევრად ჭარბობს სამხედრო უწყებაში - განსაკუთრებით ნატოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტის ფონზე. იააპ დე ჰოოფ სხეფერი საქართველოს ხუთშაბათს ესტუმრება. ოქტომბრის ბოლოს კი ნატოში დაამტკიცეს საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაში ქვეყანას რეალური შანსი უჩნდება დაიწყოს ფიქრი ალიანსში გაწევრიანებაზე. რადიო “თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში თავდაცვის სამინისტროს ნატოსთან ურთიერობის დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გაგვიმხილა:

[ნიკოლოზ ლალიაშვილის ხმა] “ახლახან იყვნენ საქართველოში ნატოს ექსპერტები, რომლებმაც დაათვალიერეს სხვადასხვა სამხედრო ობიექტები და უკვე ლაპარაკი არის სერიოზულ მხარდაჭერაზე, რომელსაც საქართველო აღმოუჩენს ნატოს ქვეყნებს “აი-სა-ფის” ოპერაციებში მონაწილეობით. მე მხედველობაში მაქვს ავღანეთში წარმოებული ოპერაციები, რომლებიც ნატოს ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.”

ნატოსთან ამგვარი მჭიდრო ურთიერთობის მიღწევას კი წინ უძღოდა ქართულ-ამერიკული “ვერტმფრენთა” და “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა, რომლის განხორციელებაზე შეერთებულმა შტატებმა 80 მილიონ დოლარზე მეტი თანხა დახარჯეს. საქართველოს კი დარჩა მაღალპროფესიული ქვედანაყოფები, რომლებიც ალიანსთან ერთად საბრძოლო ამოცანებს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში ასრულებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG