Accessibility links

logo-print

როგორ უყურებენ საქართველოში არჩევნებს ამერიკის შეერთებულ შტატებში


საპრეზიდენტო არჩევნებს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოდანაც დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს და ამაში გასაკვირი არაფერია. ვინ გახდება საქართველოს

მეგობარი ზესახელმწიფოს პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სულერთი არ არის - მათ ხომ რუსეთის უარყოფითი ფაქტორის გამანეიტრალებელ რეალურ ძალად სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები ეგულებათ. და მაინც, საქართველოში ფიქრობენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნების შედეგები ( როგორიც უნდა იყოს ის) ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობაში ცვლილებებს არ შეიტანს. როგორ უყურებენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს?

ვინ გახდება ამერიკელების რჩეული - რესპუბლიკელი ბუში თუ დემოკრატი კერი, ამის გარკვევას საქართველოში ინტერესით ელიან, თუმცა აქ ფიქრობენ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეობა უკვე შემდგარია და ცვლილებები თეთრი სახლის ადმინისტრაციაში ორი ქვეყნის ურთიერთობაზე არ აისახება. ასეთი მოლოდინის მიუხედავად, პოლიტიკისგან შორს მყოფ, მაგრამ პოლიტიკით აქტიურად დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის უკეთესი ამერიკის პრეზიდენტად ჯორჯ ბუშის დარჩენა იქნება. ამ მოსაზრებას შემდეგნაირად ხსნიან:

[ერთ-ერთი მოქალაქის ხმა] “ ეს, ასე თუ ისე, ვიცით, რა არის და ვინ არის და ახალი არ ვიცით, ვინ არის. “
[მეორე მოქალაქის ხმა] “ჩვენ მაგას არავინ გვეკითხება, მაგრამ თუ ყველაფერი ძველებურად დარჩება, უკეთესი იქნება. გარკვეულია მაინც ხაზი. ბუში გაიმარჯვებს, მაგას რად უნდა ლაპარაკი. “

დაახლოებით ასეთსავე აზრს ავითარებს ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილიც. “ბუშის გამარჯვებით ჩვენ კიდევ 4 წელიწადი გარანტირებული ვართ იმით, რომ მსოფლიო იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო, გაგრძელდება ბევრად უფრო აქტიური ბრძოლა ტერორიზმთან, ამ ყველაფერში კი უკვე განსაზღვრულია საქართველოს როლი და მნიშვნელობა,” - აცხადებს “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძეც ჯორჯ ბუშის გამარჯვებას მიიჩნევს საქართველოსთვის მომგებიანად:

[მაია ნადირაძის ხმა] “ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემთხვევაში იწყება ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება. იმდენად, რამდენადაც საქართველოს მდგომარეობა ითხოვს სწრაფ მოქმედებებს, ჩემი ვარაუდით, ჩვენთვის უკეთესი რესპუბლიკელების გამარჯვება იქნება. “

ასეთ შემთხვევაში, ამერიკელების აზრის გათვალისწინებით, ჯორჯ ბუშს აუცილებლად მოუწევს ადმინისტრაციის რიგი წარმომადგენლების გაწირვა, - ფიქრობს პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი. მისი აზრით, გარკვეული გადაადგილებები აუცილებლად მოხდება. მაგალითად, დონალდ რამსფელდი წავა, კოლინ პაუელის ადგილს კი დაიკავებს კონდოლიზა რაისი, რომელიც რუსეთთან გაწონასწორებული ურთიერთობების მომხრეა. “ არსებითად ამით დიდი არაფერი შეიცვლება, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება და, ალბათ, შეერთებული შტატები ოდნავ მაინც გაამკაცრებს პოლიტიკას რუსეთის მიმართ, რადგან რუსეთი ამ ბოლო დროს შორს წავიდა,” - ამბობს ალექსანდრე რონდელი და დასძენს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში კერი ბუშზე გაცილებით თავისუფალი იქნებოდა:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] “ გარდა ამისა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ იქნება საგარეო პოლიტიკის გამტარებელი. კერის შემთხვევში ვინც უნდა მოსულიყვნენ საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელად, ისინი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების მიმართ უფრო კეთილგანწყობილები არიან. ჩვენს რეგიონს ისინი ჩვენთვის უფრო მომგებიანად ხედავენ. “ (სტილი დაცულია)

არჩევანი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ეკუთვნით. საქართველოში მცხოვრები ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები თავიანთ ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებს სასტუმრო შერატონ-მეტეხში სპეციალურ მონიტორზე ადევნებდნენ თვალს. ისინი ახლა უკვე არჩევნების შედეგების გამოცხადებას ელიან.
XS
SM
MD
LG