Accessibility links

ანსელმო პერის ექსპოზიცია “ცისფერ გალერეაში”


3 ნოემბერს სურათების ეროვნულ გალერეაში დაიხურა იტალიელი მხატვრისა და კათოლიკე ბერის, ანსელმო პერის, ნამუშევრების გამოფენა, რომელსაც აზრთა სხვადასხვაობა

მოჰყვა დედაქალაქის მხატვართა წრეებში. ის ხალხი, ვინც მეტ-ნაკლებად კარგად იცნობს იტალიურ კულტურას, ექსპოზიციით აღფრთოვანებულები დარჩნენ. ისინი, ვისაც ექსპოზიცია არ მოეწონა, შეგვახსენებენ, რომ თბილისის სამხატვრო დარბაზები 20 დღეს გამოფენისთვის არც ერთ მხატვარს არ დაუთმობენ... და რომ ყოფილი კომუნისტის, ახლა კი იეზუიტთა ორდენის წარმომადგენლის, სურათების გამოფენა – “პროპაგანდაა” და მეტი არაფერი. რისი პროპაგანდა შეიძლება იყოს ანსელმო პერის გამოფენა?

ოპონენტების წუხილი გასაგებია: ანსელმო პერის გამოფენა 13 ოქტომბერს გაიხსნა და 3 ნოემბერს დაიხურა. ეს მაშინ, როცა უამრავ ქართველ მხატვარს არა აქვს არენდის ფული, რომელსაც მას სამხატვრო დარბაზების მესვეურები გამოფენისთვის სთხოვენ ხოლმე. თუმცა სურათების ეროვნული გალერეა არ არის “კერძო” სამხატვრო სივრცე, რომლის მესვეურებისთვის, როგორც წესი, სულ ერთია, ვის მოუწყობენ გამოფენას, მთავარია, ფული გადაიხადონ... და რომ არ არის, იმიტომაც ჩნდება პრეტენზიები ამ ექსპოზიციის მომწყობთა მიმართ, პრეტენზიები იტალიის საელჩოს მიმართ, რომელმაც თავისი ქვეყნის ბრწყინვალე კულტურაში ქართველებისთვის რატომღაც ჩვენთვის უცნობი ბერის შემოქმედება აირჩია... უცნობი ბერის და უცნობი მხატვრის, რომელიც ფერწერის ენით ცდილობს კათოლიკურ სულიერებასთან ჩვენს ზიარებას... თუმცა ყოფილი კომუნისტი არც ლეონარდოა და რენატო გუტუზოც არ არის... ფერწერა ძალიან ერთფეროვანია, შესრულების მანერა - ბანალური... პალიტრის სიმძიმე, როგორც წესი, არ შეესაბამება მაღალფარდოვან თემას და ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის შთაბეჭდილებას ტოვებს.

გასულ წელს, ე.ი. “ვარდების რევოლუციამდე”, რადიო “თავისუფლებამ” გიამბოთ ამავე დარბაზში გამართულ ქართველ თვითნასწავლ მხატვართა გამოფენაზე, რომელზედაც მართლმადიდებლური თემატიკა ჭარბობდა (თუკი, საერთოდ, შეიძლება ასეთი რამ თანამედროვე ფერწერაში არსებობდეს). პროფესიონალი მხატვრები აღნიშნავდნენ, რომ რელიგიური სტერეოტიპების დამკვიდრება ხელს შეუშლის ეროვნული ფერწერის, უფრო სწორად, მხატვრული ფორმის შემდგომ განვითარებას... და აი, რევოლუციის წლისთავზე ამავე დარბაზში ქრისტიანულ-კათოლიკური სახეებით სავსე ფერწერა ვიხილეთ. ისევ მძიმე, შეზღუდული კოლორიტი, ისევ ყოველგვარ ხასიათს მოკლებული პორტრეტები და შესრულების ტლანქი მანერა... ოღონდ ამ შემთხვევაში არა “მართლმადიდებლური”, არამედ “კათოლიკური თემატიკა”... და კიდევ... ამ შემთხვევაში იტალიელ მხატვარ-ბერს დარბაზი უფრო დიდი დროით დაუთმეს – პრინციპით: რაც ევროპულია, ყველაფერი კარგია.
XS
SM
MD
LG