Accessibility links

logo-print

”თბილავიამშენი” პირდაპირი წესით გაიყიდება


3 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე “თბილავიამშენის” პირდაპირი წესით გაყიდვის საკითხი განიხილეს და მოიწონეს კიდეც. პრეზიდენტის

სპეციალური განკარგულების შემდეგ კი ხსენებულ საწარმოს 67 მილიონ დოლარად შპს ”თბილავიამშენი” იყიდის. ობიექტის ამ წესით გაყიდვას ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გაჩეჩილაძე კორუფციულს უწოდებს და იმდენად ეწინააღმდეგება, რომ ამ თემას მასა და ეკონომიკური განვითარების მინისტრს კახა ბენდუქიძეს შორის ახლო წარსულში პირდაპირ ეთერში უწმაწური სიტყვებით დაპირისპირებაც კი მოჰყვა. ახლა კი ბენდუქიძე კორუფციის თემას აშარჟებს და აცხადებს, რომ ”თბილავიამშენის” მფარველობისთვის მან ქრთამი აიღო.

ყოფილი 31-ე საავიაციო ქარხნის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ამჟამად ”თბილავიამშენის” სახელით ცნობილ საწარმოს მისივე კოლექტივი პირდაპირი წესით იყიდის. ობიექტის 67 მილიონ დოლარად გაყიდვის იდეა, რომელმაც მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერა უკვე მოიპოვა, ახლა პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებას ელოდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს მოლოდინი ქარხნის კოლექტივის იმედებს არ გააცრუებს.

”თბილავიამშენის” ამ წესით პრივატიზებას პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გაჩეჩილაძე კორუფციულსა და დამღუპველს უწოდებს. მან, პროტესტის ნიშნად, 2 ნოემბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაც კი დატოვა:

(ლევან გაჩეჩილაძის ხმა) ”საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისთვის აბსოლუტურად დამღუპველია, აბსოლუტურად კორუფციული ფორმაა: იქ იმდენი ხარვეზია, აუდიტი არ არის გაკეთებული, შეფასება არასწორია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.”

”თბილავიამშენის” პრივატიზებასთან დაკავშირებულ კორუფციის თემას ეკონომიკური განვითარების მინისტრი კახა ბენდუქიძე მხიარულად აღიქვამს:

(კახა ბენდუქიძის ხმა) ”ქრთამი უკვე ავიღე, როგორც ცნობილია, და ამიტომ არ შემიძლია არ გავაკეთო ეს. მთელი 67 მილიონი ავიღე ქრთამად, ორჯერ უფრო ძვირი დაუჯდა პანტიკო თოდრიას: 67 მილიონი - ბიუჯეტში, 67 მილიონი - მე”. (სტილი დაცულია)

გაჩეჩილაძე კი, როგორც თავად ამბობს, ამ საკითხის წინააღმდეგ უკვე კარგა ხანია უშედეგოდ იბრძვის:

(ლევან გაჩეჩილაძის ხმა) ”პარლამენტში მე ეს საკითხი ბიუჯეტის მიღების დროს დავაყენე, რომ ბიუჯეტში ნუ ჩაწერთ-თქო. იმიტომ რომ, არ შეიძლება ნაჩქარევად და გაუმჭვირვალედ გაყიდვა-თქო. ბიუჯეტში მაინც ჩაწერეს და პასუხისმგებლობა დავაკისრე, მაგრამ, ამის მიუხედავად, მე უკვე დღეს ვდავობ ფორმაზე, რომ არასწორი ფორმით ყიდიან.” (სტილი დაცულია)

დეპუტატი 3 ნოემბრის მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ ამით არც საქართველოს პრეზიდენტს ექცევიან სამართლიანად:

(ლევან გაჩეჩილაძის ხმა) ”პრეზიდენტს დააკისრეს, რა, პასუხისმგებლობა, რა, და ისა... ეგეც, ნუ, აბსოლუტურად არასწორად მიმაჩნია, რა...”. (სტილი დაცულია)

”თბილავიამშენის” პირდაპირი წესით გასხვისების გასაპროტესტებლად ლევან გაჩეჩილაძე ერთადერთ გზას ხედავს, თუმცა მისი პროგნოზი ამთავითვე პესიმისტურად ჟღერს:

(ლევან გაჩეჩილაძის ხმა) ”რა უნდა გავაკეთო... რაც ბერკეტი მაქვს, მიკროფონებში ვყვირივარ, მაგრამ არაფერი არ გამოდის და რა გავაკეთო... რომ გაყიდიან, მერე, ავდგები და, შეიძლება დავაყენო საკითხი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტში. მაინც არ დამიჭერენ მხარს და... მე მეჩვენება, რომ პარლამენტი შეშინებულია და არავის არაფერზე ხმის ამოღება არ უნდა, მაგრამ ასეთ ცუდ რაღაცეებზე თვალის დახუჭვა არაფრით არ შეიძლება, რა...” (სტილი დაცულია)

ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა კი აცხადებს, რომ საკითხი სადავო არ არის, რადგანაც თუ არა შპს ”თბილავიამშენი”, საწარმოს მყიდველი ძალიან ძნელი მოსაძებნი იქნებოდა:

(ნათია თურნავას ხმა) ”უახლოესი თვეების მანძილზე, მგონი, საკმარისად გავეცით პასუხი შენიშვნებს და მთელი ამ ხნის მანძილზე ეს საკითხი თეორიული მსჯელობის ფარგლებს არ გასცდენია. იმიტომ რომ, პრაქტიკულად არც არავინ გამოჩნდა მსურველი, რომ გადაეხადა 67 მილიონზე მეტი. განვმარტავ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საწარმო აუქციონის წესით გაიყიდებოდა, აქ საუბარი იქნებოდა, რომ უნდა გადაეხადათ არა მხოლოდ 67 მილიონი დოლარი, არამედ პლუს ის განხორციელებული ინვესტიცია, რისი დაბრუნებაც ჩვენ მოგვიწევდა დღეს მოქმედი სამენეჯმენტო ჯგუფისათვის, ანუ 120 მილიონ დოლარზე მეტი. აცნობიერებდნენ რა ამას პოტენციური მყიდველები, თუკი ასეთები არსებობდნენ, არავინ არ გამოჩნდა.”(სტილი დაცულია)

ერთი სიტყვით, საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. საწარმოს მფლობელებმა 67 მილიონი დოლარის დიდი ნაწილი წლის ბოლომდე უნდა გადაიხადონ. ამავე დროს, ინვესტორი ვალდებულია შეინარჩუნოს საწარმოს პროფილი და სახელმწიფო დაკვეთების შესრულება პრიორიტეტად მიიჩნიოს.
XS
SM
MD
LG