Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუგლის წარმატების საიდუმლო


ინტერნეტი რომ ინფორმაციის უკიდეგანო სამყაროა,

ეს კარგა ხანია კამათის საგანს აღარ წარმოადგენს. ახლა მთავარი ის არის, როგორ მოვახერხოთ ინფორმაციის გლობალურ ნაკადში ორიენტირება და ნავიგაცია. საქართველოში ამ თემაზე რამდენიმე ანეგდოტიც კი გაჩნდა. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ერთი კუთხის შვილების - ამჯერად თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან - ინტერნეტში დაკარგვის ამბავს აშარჟებს. ინტერნეტში ქართველთა დაკარგვა, - რა თქმა უნდა, არა რეალურად, არამედ ვირტუალურად, - მართლაც, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ბოლო დრომდე. ლაპარაკია იმაზე, რომ მსოფლიო ქსელში თითქმის შეუძლებელი იყო ქართულენოვანი ინფორმაციის მოძიება და ბევრი ინტერნეტში უშედეგო ხეტიალზე ხარჯავდა დროს.

როგორც წესი, ინტერნეტის მომხმარებლები ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად საძიებო სისტემებს იყენებენ - ისეთებს, როგორიცაა: იაჰუ, ალტავისტა, გუგლი და სხვა. თითქმის არც ერთ მათგანს არ ჰქონდა წარმოდგენაც კი ქართული რესურსების, ვებსაიტების შესახებ. უფრო სწორად, ქართულ ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას აღიქვამდნენ როგორც კომპიუტერული სიმბოლოების ერთობლიობას. ყველაზე პირველი ნაბიჯი ქართულის შესასწავლად გუგლმა გადადგა. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე გუგლის შექმნის ისტორიაზე, მუშაობის პრინციპებსა და წარმატების მიზეზებზე გიამბოთ.

[მუსიკა]

www.google.com - ამ მისამართზე შესვლისთანავე თქვენს თვალწინ ძალიან უბრალო ვებგვერდი ჩაიტვირთება, რომელიც სკოლის მოსწავლის ნამუშევარს უფრო წააგავს, ვიდრე გლობალურ საძიებო სისტემას. საკმარისია გუგლის პირველ გვერდზე არსებულ ტექსტურ ველში თქვენთვის საინტერესო სიტყვა ჩაწეროთ და საძიებელ ღილაკს მაუსი დაუწკაპუნოთ, რომ თქვენს თვალწინ ჩაიტვირთება ასობით ათასი და, ხშირ შემთხვევაში, მილიონობით ვებგვერდის ბმული, მოკლე, მაგრამ ინფორმაციული და ლოგიკური ანოტაციით.

გუგლის აქტიური მომხმარებელია რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი ჯიმშერ რეხვიაშვილი. მე მას ვკითხე, თუ რატომ მოსწონს გუგლი.

[ჯიმშერ რეხვიაშვილის ხმა] "გაცილებით ნაკლები რესურსია ქართულად, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა...
...შეიძლება მიჩვეულიცა ვარ, შეიძლება იმის ბრალია, რომ ვიკმაყოფილებ ყველა ჩემს მოთხოვნას."

ჯიმშერი გამონაკლისი არ არის. მასთან ერთად მილიონობით ადამიანს იზიდავს გუგლის უზარმაზარი მონაცემთა ბაზა, რომელიც ამ დროისათვის 4 მილიარდ 200 მილიონზე მეტ ვებგვერდს შეიცავს, ლოგიკური ძებნის მექანიზმი და მარტივი ინტერფეისი.

[მუსიკა]

[დევიდ კრეინის ხმა] "გუგლი, მართლაც, ინტერნეტში ძიების ნამდვილი ძრავია. მომხმარებელთა რიცხვის მიხედვით, ის ყველაზე პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ჩვენ მათ 104 სხვადასხვა ენაზე ძებნის საშუალებას ვთავაზობთ. ეს, მართლაც, გლობალური ქმნილებაა. ჩვენ ყოველდღიურად ასობით მილიონ საძიებო დავალებას ვასრულებთ.

გუგლში ინახება 4 მილიარდზე მეტი ვებგვერდი, 880 მილიონზე მეტი სურათი და გრაფიკული გამოსახულება, ასევე ინტერნეტდისკუსიების 845 მილინზე მეტი მესიჯი, სულ - 20 წლის არქივი. ეს ყველაფერი ნათელ სურათს ქმნის ინტერნეტის ისტორიისა და კულტურის შესახებ."

ასე თამამად აღწერს გუგლის პოპულარობას დევიდ კრეინი, გუგლის ერთ-ერთი მენეჯერი.

კრეინის მიერ ნახსენებ 104 ენათა შორის, როგორც უკვე გითხარით, არის ქართულიც. გუგლის გაქართულება ბესო გუგუშვილისა და ნოშრე ჩხაიძის დამსახურებაა, რა თქმა უნდა, გუგლის ლოკალიზაციის მენეჯერთან ერთად, რომელმაც კომპიუტერულ ქართულთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა მოაგვარა.

ნოშრეს თქმით, მრავალეროვნულობის გამოცაა, რომ ინტერნეტის ქართველ მომხმარებელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა გუგლს ანიჭებს უპირატესობას.

[ნოშრე ჩხაიძის ხმა] "პირველ რიგში, ძალიან მარტივი არის, სადად გაკეთებული სისტემაა...
...მე არ მინახავას ინტერნეტის ქართველი მომხმარებელი, რომელიც ამ სისტემას არ იყენებდეს."

[მუსიკა]

ახლა ცოტა რამ გუგლის ისტორიიდან: ეს უცნაური სახელი ერთი სასიამოვნო შეცდომის შედეგია. გუგლის დამაარსებლებს, სერგეი ბრინსა და ლარი პეიჯს, თავიანთი პირმშოსთვის "გუგოლის" შერქმევა უნდოდათ. ეს ტერმინი ასნულიანი ერთეულის სახელწოდებაა, თუმცა ბრინისა და პეიჯის პირველმა ინვესტორმა შეცდომა დაუშვა და 100 ათასი დოლარის საბანკო ჩეკის გამოწერისას საინვესტიციო პროექტს გუგლი უწოდა, ეს იყო 1998 წელს.

გუგლის შემქმნელები სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი კი ერთმანეთს 1995 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში შეხვდნენ, სადაც ისინი ასპირანტურაში სწავლობდნენ. ამ ორმა სტუდენტმა სწორედ სტენფორდის უნივერსიტეტში შექმნა საძიებო სისტემა, რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედო გუგლის პირველ ვერსიას.

ლარი პეიჯისგან განსხვავებით, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაბადებული და გაზრდილი, სერგეი ბრინი 1974 წელს მოსკოვში დაიბადა. იგი ოდნავ მოგვიანებით გადავიდა აშშ-ში მშობლებთან ერთად.

კითხვაზე, თუ რას ნახავენ გუგლის მომხმარებლები 5 წლის შემდეგ, როდესაც გუგლის გვერდს გახსნიან, სერგეი ბრინი უპასუხებს: იმ დროისთვის გუგლს ადამიანის ტვინთან ნეირონული კავშირი ექნებაო.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG