Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟვანია-კოკოითის შეხვედრის წინა დღე - კონფლიქტის ზონიდან ქართველ მოქალაქეს იტაცებენ


4 ოქტომბრის დილიდან ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში კეხვის მოსახლეობამ ცხინვალი-ჯავის ავტომაგისტრალის მონაკვეთი გადაკეტა.

სოფელმა პროტესტის ამ ფორმას 22 წლის გიორგი კახნიაშვილის გაუჩინარების გამო მიმართა. დაუდგენელმა პირებმა იგი ოსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია ქართველი ახალგაზრდის გატაცების მთავარი მოტივი. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ოსური ბანდფორმირებების წევრებმა ტყეში შეშის მოსაგროვებლად გასული გიორგი კახნიაშვილიც მზვერავად მიიჩნიეს. ამ ვერსიას ამყარებს ქართული სოფლებიდან უკანასკნელ ხანს გატაცებულთა სტატისტიკა, რომელიც, სულ ცოტა, 20 შემთხვევას მაინც ითვლის. გიორგი კახნიაშვილის გატაცების ფაქტი დღეს ცხინვალის მთავრობის მსჯელობის საგანიც გახდა. ჟვანია-კოკოითის შეხვედრის წინ ამ ფაქტმა სეპარატისტებისათვის არასასურველი ფონი შექმნა.

ის, რაც 5 ნოემბერს სოჭში განვითარდება, ამ დროისათვის მხოლოდ ვარაუდების საგანი შეიძლება იყოს, თუმცა რეგიონის დემილიტარიზაციის მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ზურაბ ჟვანია შეხვედრაზე დააყენებს, უშუალოდ უკავშირდება კონფლიქტის ზონის მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხს. გიორგი კახნიაშვილის გატაცების შემდეგ, მაგალითად, სპონტანური მობილიზების აუცილებლობა მოსაზღვრე ქართული და ოსური სოფლების მშვიდობიან მცხოვრებლებს ერთდროულად დაუდგათ. კეხვში ქართველებმა ცხინვალი-ვლადიკავკაზის ავტომაგისტრალი გადაკეტეს, დამპალეთში კი ოსებმა - თამარაშენი-ცხინვალის გზის მონაკვეთი. ამ კონტრაქციის მოწყობის საბაბი ოსებს ქართველებმა მისცეს -შურისძიებით აღვსილი კეხველები მძევლების აყვანით იმუქრებოდნენ. თავის მხრივ, სრულიად დაუცველნი არიან ქართველებიც, რასაც ჩვენი გორელი კორესპონდენტის გოგა აფციაურის შემდეგი ინფორმაციაც ცხადყოფს:

[გოგა აფციაურის ხმა]” სულ, აი, მთელი პერიმეტრი, გზის პერიმეტრი, ქართული სოფლების პერიმეტრი მთებზე პოზიციებად აქვთ დაკავებული ოსების ბანდფორმირებებს. ჰოდა, როგორც კი დაინახავენ ვინმეს, ჰგონიათ მზვერავია, რა. მე არ მახსოვს, რომ ქუჩიდან, ან ტრასიდან მოეტაცოთ ვინმე, ან სახლიდან. ყველას იტაცებენ ან ეკლესიასთან ახლოს მისულს, ან ტყეში გასულს და ასეთი.” (სტილი დაცულია)

3 ნოემბერს გიორგი კახნიაშვილი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტყეში შეშის მოსაგროვებლად იყო გასული.გატაცების შემდეგ ცხინვალში, კოკოითის კარზე, მას და მის ოჯახს გულწრფელი გულშემატკივარი გამოუჩნდათ. თუმცა გიორგის მყისიერად გათავისუფლება მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა.

[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა]” ჩემი ნათესავია, კაცო, ჩემი ახლობელი. ნათესაური კავშირი მაქვს. ბაბუაჩემის და იყო მაგათი ბებია. ჰოდა, ესეც რომ არა, კაცო, მე ყველა შემთხვევაში მაგათ გვერდში ვდგავარ.”

ეს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში ედუარდ კოკოითის პირადი წარმომადგენელი ვაჟა ხაჭაპურიძე იყო. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტი პრეზიდენტი უკვე ორი დღეა სოჭში იმყოფება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე სოჭში ჩადის რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშინინი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი ამ ზღვისპირა ქალაქს 5 ნოემბერს დილით ესტუმრება. ჟვანია-კოკოითის პირისპირ დიალოგს ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული მხარე კატეგორიულად დასვამს როკის გვირაბის ერთობლივად გაკონტროლების საკითხს. ამის სანაცვლოდ კი, თანახმა იქნება ფოთის ტერმინალში ტვირთების განთავსებასა და გადაზიდვებში ოს ბიზნესმენებთან ითანამშრომლოს. დღის წესრიგის თაობაზე განმარტება საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას ვთხოვეთ.

[გიორგი ხაინდრავას ხმა]”დემილიტარიზაცია რეგიონის, სრული; მეორე არის ეკონომიკური რეაბილიტაცია და არსებული ეკონომიკური პროექტების განხორციელების დაწყება და მესამე არის პოლიტიკური დიალოგის დასაწყისი, ოღონდ დასაწყისი. კარგად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს.”

ჩაიწერება თუ არა 5 ნოემბრის ქართულ-ოსური შეხვედრა სოჭში პოლიტიკური დიალოგის დასაწყისად, ჯერ ისეთივე ბუნდოვანია, როგორც ის, კიდევ რამდენ ხანს მოეჩვენებათ მზვერავებად ერთმანეთი დაპირისპირებულ ქართველებსა და ოსებს.
XS
SM
MD
LG