Accessibility links

logo-print

ენის სახელმწიფო პალატა ლიკვიდირებულია


დავით პაიჭაძე, თბილისი 4 ნოემბერს საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარე ლევან ღვინჯილია საჯაროდ გამოეთხოვა საჯარო მოხელის სტატუსს. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა,

ყოფილი პალატა და ყოფილი თავმჯდომარე, რადგან, როგორც გაირკვა, ამ უწყების ნაცვლად იქმნება სტრუქტურული ერთეული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. რას მოასწავებს ეს?

[ღვინჯილიას ხმა] “ენის სახელმწიფო პალატა იყო მაკონტროლებელი ორგანო. მისი უფლებამოსილება ვრცელდებოდა ყველა იურიდიულ პირზე - სახელმწიფოსა და არასახელმწიფოზე და ის აკონტროლებდა ყველა უწყებაში სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას, თვალყურს ადევნებდა სალიტერატური ენის ნორმათა დამკვიდრებას და იცავდა სხვაენოვან მოქალაქეთა ენობრივ ინტერესებს არსებული კანონმდებლობის ფარგლებში.”

ლევან ღვინჯილიას ეს სიტყვები არასრულად გადმოსცემს ენის სახელმწიფო პალატის ფუნქციებს. ენის სახელმწიფო პალატა, თბილისისა და რეგიონული სამსახურების გათვალისწინებით, აქამდე 220 თანამშრომელს ითვლიდა. დღეს ეს 220 სახელმწიფო მოხელე სამსახურის გარეშე რჩება. ენის სახელმწიფო პალატის ნაცვლად, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი იყო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იქმნება სახელმწიფო ენის პალატა. განათლების სამინისტრო ერთ-ერთ პრიორიტეტად სახავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლებას. ლევან ღვინჯილია იხსენებს, რომ ენის სახელმწიფო პალატასაც შეუტანია წვლილი შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ქართული ენის მასწავლებელთა დაფინანსებაში.

მე ვკითხე ლევან ღვინჯილიას, რა არგუმენტები აქვს საიმისოდ, რომ განათლების სამინისტროს სისტემაში მოქცეული ერთეული უარესად შეასრულებს ფუნქციებს, რომლებიც აქამდე ენის სახელმწიფო პალატას ეკისრა:

[ღვინჯილიას ხმა] “ერთი რომელიმე უწყების სფეროში მოქცეული ასეთი სამსახურის უფლებამოსილება ვერ გავრცელდება სხვა უწყებებზე, ანუ განათლების მინისტრი ამ სამსახურს ვერასოდეს ვერ მიანიჭებს ისეთ უფლებას, რომლითაც ის ზემოქმედებას მოახდენს სხვა უწყებებზე. ამიერიდან ეს სამსახური სამინისტროს ჩვეულებრივი განყოფილებაა, რომლის საქმიანობა მთლიანად იქნება დამოკიდებული მინისტრის ნება-სურვილზე. პირდაპირ წერენ, რომ ეს არის არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლების პროგრამები, ანუ საგანმანათლებლო ფუნქციის მქონე დაწესებულებაა. ენის სახელმწიფო პალატა, უკაცრავად, მაგრამ არ არის საგანმანათლებლო დაწესებულება. ფიგურალურად რომ ვთქვათ, ეს მოაზრებული იყო ენის პოლიციად.”

მოკლედ, ასევე ფიგურალურად რომ ვთქვათ, ენის მთავარ პოლიცმაისტერის პოსტთან გამოთხოვება ლევან ღვინჯილიას ენანება და უჭირს. ის ეჭვობს, რომ ახალი სამსახური თავს გაართმევს ენის პალატის ოდინდელ მოვალეობათა შესრულებას:

[ღვინჯილიას ხმა] “რამდენადაც ამგვარი საქმიანობის, რასაც ენის სახელმწიფო პალატის ფუნქციები გულისხმობს, გამოცდილება საქართველოში მანამდე არ არსებობდა, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სფეროში გამოცდილება შეიძინა, როგორც სახელმწიფო მოხელემ, აქ მუშაობს.”

საქმე კი ის გახლავთ, რომ, როგორც ჩანს, სახელმწიფო უარს ამბობს ენის პოლიციის ყოლაზე. ახლა ამას ვერ განსჯი - მხოლოდ მომავალი გამოაჩენს, ეს მიდგომა მცდარია თუ სწორი.
XS
SM
MD
LG