Accessibility links

logo-print

რას ნიშნავს ჯორჯ ბუშის გამარჯვება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით?


პრეზიდენტობის კანდიდატი ჯონ კერი შეერთებული შტატების ახლანდელ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში ერთპიროვნული მოქმედებისთვის აკრიტიკებდა.

ახლა ბევრი ევროპელი სვამს კითხვას, პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში მაინც თუ შეცვლის ჯორჯ ბუში პოზიციას და ახლა მაინც თუ მიმართავს უფრო მრავალმხრივ სტრატეგიას საგარეო პოლიტიკაში.

ევროპის არაერთი გაზეთი, და ხელისუფლების წარმომადგენლებიც, გამოთქვამდნენ იმედს, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლების შეცვლა შეასუსტებდა ტრანსატლანტიკურ დაძაბულობას, რომელიც ჯორჯ ბუშის მიერ გაეროს საგანგებო მანდატის გარეშე ერაყში შეჭრას უკავშირდება.

ლონდონის ევროპის რეფორმის ცენტრის ანალიტიკოსი სტივენ ევერტსი ამბობს, რომ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია იყო ერთგვარი რეფერენდუმი ბუშის საგარეო პოლიტიკის თაობაზე. გამარჯვების შედეგად, ევერტსის თქმით, ბუშის პოლიტიკა გამართლდა [ან “დაკანონდა” – ნ.გ.], ევროპელები კი იმედგაცრუებულნი დარჩნენ:

[ევერტსის ხმა] “მიმაჩნია, რომ ჩვენს წინაშეა საერთაშორისო საზოგადოებრიობა, რომელზე უპირატესობასაც ბუშის მეორე ადმინისტრაციაც შეინარჩუნებს. მას ზურგს არჩევნების შედეგი უმაგრებს. არა მგონია, ბუშის ადმინისტრაცია ახლა იმ ევროპელთა გადაბირებას შეუდგეს, რომლებიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას არაერთ ასპექტში უპირისპირდებოდნენ, ან მის მიმართ თავშეკავებული დამოკიდებულება ჰქონდათ. ვაშინგტონს მაინც ურჩევნია თქვას, რომ ბუშს ახლა ძალიან ძლიერი მანდატი აქვს იმ პოლიტიკის გასატარებლად, რომელსაც ბოლო ოთხი წლის მანძილზე მისდევდა.”

პოლიტოლოგ სტივენ ევერტსის აზრით, საფრანგეთი და გერმანია – ბუშის ყველაზე მკაცრი ოპონენტები ევროკავშირში – სავარაუდოდ, გააგრძელებენ იმის მოთხოვნას, რომ ერაყის გარდაქმნის პროცესში ვაშინგტონმა ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან, გაეროსთან.

ბევრი ანალიტიკოსი მოელის, რომ ამ დაპირისპირების გამო ერაყში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთელი სიმძიმე ვაშინგტონსა და მის უახლოეს ევროპელ მოკავშირეზე – ბრიტანეთზე გადავა. ამასთან, ეს ტვირთი კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც ევროპის პატარა ქვეყნები, რომელთა სამხედროები ახლა მრავალეროვნული ჯარის ნაწილს წარმოადგენენ, ერაყის არჩევნების შემდეგ, იანვარში გაიყვანენ ჯარებს ერაყიდან.

ერაყში არსებულ პრობლემებთან მარტო დარჩენა, სავარაუდოდ, აიძულებს ჯორჯ ბუშს კიდევ უფრო დააჩქაროს ერაყის უსაფრთხოების ძალების შექმნა.

ნილ პატრიკი ლონდონის ეკონომიკური დაზვერვის ჯგუფიდან, ამბობს, რომ ვაშინგტონის წარმატება-წარუმატებლობა ერაყის ჯარისა და იქ არჩევნების შედეგად მთავრობის შექმნის საქმეში განსაზღვრავს იმას, გაიყვანს თუ არა შეერთებული შტატები თავისი ჯარების დიდ ნაწილს ერაყიდან 2005 წლის ბოლომდე. ეს თარიღი გაეროს რეზოლუციით განისაზღვრა, როცა ეს გაერთიანება ერაყის სუვერენიტეტის აღდგენის დაწყებას მიესალმა. ნილ პატრიკი ამბობს, რომ, “გადამწყვეტ როლს ამ პროცესში ბუნებრივია, მომავალი წლის დასაწყისში ერაყში დაგეგმილი არჩევნები შეასრულებს”.

თუკი ვაშინგტონი ერაყის კრიზისის წინაშე ბრიტანეთისა და ევროპის მცირე ქვეყნების ამარა აღმოჩნდა, არის საკითხები, რომელთა გადაჭრის მცდელობამაც შეიძლება ახალ ტრანს-ატლანტიკურ თანამშრომლობას ჩაუყაროს საფუძველი. ერთ-ერთი მათგანი ირანის ბირთვულ პროგრამებზე მიმდინარე კამათი გახლავთ.

ბოლო თვეების მანძილზე ვაშინგტონი და ევროპის სამი წამყვანი ქვეყანა – ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია შეთანხმდნენ, რომ ირანი არ უნდა გახდეს ბირთვული იარაღის მწარმოებელი ქვეყანა. ევროპელებმა გადაწყვიტეს ბირთვულ პროგრამებზე უარის თქმის სანაცვლოდ თეირანს ტექნიკური დახმარება და სავაჭრო სფეროში წახალისება შესთავაზონ. ვაშინგტონი ინტერესით ადევნებს თვალს ამ ინიციატივას, მაგრამ ჯერჯერობით თავს იკავებს ღია მხარდაჭერისგან.

ბოლო ოთხი წლის მანძილზე ბუშის ადმინისტრაციას არაფრით გამოუხატავს თეირანის მიმართ შტატების პოლიტიკის შეცვლის განზრახვა, რაც იმ სანქციების მოხსნას გულისხმობს, რომელიც ირანს საერთაშორისო იზოლაციაში ამყოფებს. მეტიც, ვაშინგტონი აცხადებს, რომ თუკი ირანი არ ითანამშრომლებს გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ინსპექტორებთან, ირანის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს, რაც სავარაუდოდ, ირანის მიმართ სადამსჯელო სანქციების დაწესებას ნიშნავს.

ერაყისა და ირანის შემდეგ ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრობლემად ბუშის ადმინისტრაციისთვის შეიძლება სირია იქცეს.

ასევე ლონდონში მოღვაწე პოლიტოლოგი რაიმ ალაფი ამბობს, რომ თეთრ სახლს სურს აიძულოს სირია არ დაუშვას ერაყში მებრძოლებისა და იარაღის შესვლა, ხელი შეუშალოს პალესტინელი მეამბოხეების დახმარებას და გამოიყვანოს ჯარები ლიბანიდან:

[ალაფის ხმა] “ყველა ამ ფრონტზე – ვგულისხმობ პალესტინელებს, ერაყელებსა და ლიბანს, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ბუშის ადმინისტრაციას (რომელმაც უკვე მიიღო კანონი სირიის მიმართ დამატებითი სანქციების გატარების შესახებ) კიდევ მრავალი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. და მგონია, რომ სირიისადმი ყურადღება კიდევ უფრო გამახვილდება, განსაკუთრებით ერაყში ვითარების გართულების შემთხვევაში.”

მიმდინარე წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა აკრძალა ყველა სახის ექსპორტი სირიაში, სურსათისა და მედიკამენტების გარდა, აგრეთვე საჰაერო რეისები შტატებსა და სირიას შორის. ამ სანქციების მოტივი იყო ის, რომ სირია ხელს უწყობს ტერორიზმს და ხელს უშლის შტატების მოქმედებას ერაყში.
XS
SM
MD
LG