Accessibility links

logo-print

იასირ არაფატი “სიკვდილსა და სიცოცხლეს შუა”


პარიზში, პერსის სამხედრო ჰოსპიტალთან წუხელ ათობით ადამიანი ფხიზლობდა: მათი ნაწილი ჟურნალისტები იყვნენ, ნაწილი კი იმ ადამიანის მომხრეები, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საერთაშორისო პოლიტიკის ნომერ პირველ თემად იქცა.

მსმენელი მიხვდებოდა, რომ ვგულისხმობთ პალესტინელების ლიდერს, იასირ არაფატს. გუშინ არაფატის გარდაცვალების შესახებაც კი იუწყებოდნენ, მაგრამ მალე ეს ცნობა უარყვეს: აღმოჩნდა, რომ არაფატი ცოცხალია, მაგრამ კომაში, და რომ მისი ტვინი მკვდარია. ამასობაში კი ეს ცნობაც უარყვეს: პარიზში არაფატის წარმომადგენელი ლეილა შაჰდი ირწმუნება, რომ არაფატის ტვინი მკვდარი არ არის - საქმე ეხება კომის ისეთ ფორმას, რომლის განკურვნაც შესაძლებელია.

როგორც უნდა იყოს, ერთ რამეში ეჭვი ალბათ აღარავის ეპარება: 75 წლის მძიმედ ავადმყოფი იასირ არაფატი ვეღარასოდეს დაბრუნდება პალესტინელების ხელისუფლების სათავეში. ის კი პალესტინელებისათვის მეტია, ვიდრე მათი ლიდერი, პრეზიდენტი...

იასირ არაფატი პალესტინური ნაციონალიზმის სიმბოლოა, ფიგურა, რომელიც დამოუკიდელობისა და სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლას განასახიერებს. [არაფატის ხმა] “მე პალესტინელი ჯარისკაცი ვარ. იარაღს გამოვიყენებ არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ყოველი პალესტინელი ბავშვის, მამაკაცის, ქალის დასაცავად, პალესტინელთა არსებობის დასაცავად”. ეს სიტყვები არაფატმა შარშან, საინფორმაციო სააგენტო “რეიტერსთან” ინტერვიუში წარმოთქვა, იარაღით ხელში ბრძოლა კი გაცილებით უფრო ადრე დაიწყო: მან 1959 წელს დააარსა მოძრობა “ფატაჰი” ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად, 1969-ში კი სათავეში ჩაუდგა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას, რომელსაც აგერ, თითქმის 40 წელი ხელმძღვანელობდა.

პოლიტიკური სარბიელიდან ასეთი ფიგურის წასვლის შემდეგ მისი ადგილის შევსება, ცხადია, ადვილი არ არის - მითუმეტეს, თავად არაფატს არასოდეს დაუსახელებია მემკვიდრის კანდიდატურა. შედეგი შესაძლოა პალესტინელების დაჯგუფებებს შორის ძალაუფლებისათვის ბრძოლა გახდეს. პრემიერ-მინისტრი აჰმედ ყურეი, რომელმაც არაფატის ძალაუფლების ნაწილი ჩაიბარა, დღეს ხვდება პალესტინელების რამდენიმე ორგანიზაციის ლიდერებს, მათ შორის გასამხედროებულ ჯგუფ “ჰამასის” წარმომადგენელს.

მოძრაობა ფატაჰის წევრი ჯამალ ტირავი კი ყველა მხარეს ერთსულოვნებისაკენ მოუწოდებს: [ტირავის ხმა] “გვინდა, ვუთხრათ პალესტინელებს, რომელთაც თავ-თავიანთი, სპეციფიკური პოლიტიკური მიზნები აქვთ - ეს არ არის თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შანსი. იასირ არაფატმა სახელმწიფო ინსტიტუციები ააგო დემოკრატიის პრინციპებზე ... არაფატმა შექმნა მთავარი ინსტიტუცია, რომელიც საერთოა ყველა პალესტინელისათვის, რომელიც არის პალესტინელთა მომავლის გარანტი”.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არაფატის მძიმე ავადმყოფობას უკავშირდება: სად დაკრძალავან პალესტინელების მეთაურს - იერუსალიმის ცენტრში, როგორც თავად არაფატს სურს, თუ ღაზის სექტორში, რასაც ისრაელი ემხრობა? ისრაელივე კატეგორიულ უარს ამბობს არაფატის იერუსალიმში დაკრძალვაზე, ვინაიდან ვარაუდობს, რომ მასზე ასიათასობით პალესტინელი შეიკრიბება და დიდი იქნება ძალადობის, დესტაბილიზაციის საფრთხე...

დაბოლოს: არაფატის დაკრძალვის ადგილზე ისრაელსა და პალესტინელბს შორის დავის გამო გაჩნდა ვარაუდი, რომ არაფატი, შესაძლოა ცოცხალი აღარც იყოს, მაგრამ ამ ცნობას არ ამხელდნენ, ვიდრე არ შეთანხმდებიან, სად იქნება მისი საფლავი.
XS
SM
MD
LG