Accessibility links

თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავრობის ანგარიში მოიწონა


თბილისის მთავრობამ საკრებულოს წევრებს შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარუდგინა. გზების მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება,

ახალი საგზაო ნიშნების დამონტაჟება, გარეგანათების მოწესრიგება, ავარიული მაღლივი კორპუსების შეკეთება, დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსებული საპატრულო პოლიციის ჩამოყალიბება - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საქმეებისა, რომელიც მერიის საქალაქო სამსახურებმა საანგარიშო პერიოდში შეასრულეს და რომლითაც საკრებულოს წევრთა წინაშე წარმდგარი პრემიერი თავს იწონებდა. თუმცა ბიძინა ბრეგაძის მიერ მოტანილი მონაცემები საკრებულოს ყველა წევრისათვის ერთნაირად მისაღები როდი აღმოჩნდა. ლეიბორისტები, მაგალითად, ანგარიშის მოსმენის შემდეგაც მერიის ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. რატომ?

[ისმის ხმაური, საკრებულოს წევრები ხმამაღლა კამათობენ.]

აი, ასეთი ხმაური მოჰყვა თბილისის პრემიერის ნახევარსაათიან გამოსვლას, რომლის დროსაც ბიძინა ბრეგაძემ მერიის საქალაქო სამსახურების მიერ გასულ 9 თვეში გაწეული სამუშაოს შედეგები შეაჯამა. პრემიერის თქმით, იმ მძიმე მემკვიდრეობის გათვალისწინებით, რაც მერიის მოქმედ ხელმძღვანელობას ძველი მთავრობისაგან ერგო, ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება მოხერხდა, თუმცა კიდევ უფრო მეტი გასაკეთებელი რჩება:

[ბიძინა ბრეგაძის ხმა] “ამავე პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება განათების სარეკონსტრუქციო სამუშაოები ბარათაშვილის ხიდსა და აღმართზე, აეროპორტის ჩასასვლელზე, ქეთევან წამებულის, შავი ზღვისა და მელაანის ქუჩებზე, რაც მომავალი წლიდან დაახლოებით 250 მლნ ლარის ეკონომიის გაკეთების საშუალებას მოგვცემს…”

ბრეგაძე საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციების - განსაკუთრებით კი ლეიბორისტული პარტიის წევრების - დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მივიდა. ლეიბორისტები, ფრაქციის თავმჯდომარის გიორგი გუგავას განმარტებით, უკმაყოფილონი არიან როგორც მერის, ასევე პრემიერის საქმიანობით:

[გიორგი გუგავას ხმა] “იმდენი პრობლემა დაგროვდა მათი საქმიანობის შედეგად, რომ კიდევ უფრო გაუარესდა ქალაქში მდგომარეობა და კიდევ უფრო სავალალო ყოფაში აღმოვჩნდით. აქ შეიძლება საუბარი იმავე ბერმუდის სამკუთხედზე, ურთიერთდაპირისპირებაზე, ურთიერთქიშპზე; აქ საუბარია საბიუჯეტო სახსრების არაკანონიერად ხარჯვაზე; აქ საუბარია იმ ცნობილ სკანდალზე, რომელიც მთავრობაში მოხდა, როცა ექვსი ნარკომანი აღმოჩნდა, და სხვა უამრავ პრობლემაზე, რომელიც ქალაქში დაგროვდა. - ყოველივე ამის გათვალისწინებით, დავაყენებთ მათი პასუხისმგებლობის საკითხს.”

ლეიბორისტებმა მერიის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი, მართლაც, დააყენეს, მაგრამ ისინი, როგორც მოსალოდნელი იყო, აბსოლუტურ უმცირესობაში აღმოჩნდნენ. თბილისის მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კი რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ოპონენტთა ბრალდებებს ასე უპასუხა:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “ლეიბორისტების საუბარი ამასთან დაკავშირებით ცოტა უხერხულია - იმ ადამიანებისა, რომლებსაც საზოგადოებაში საკმაოდ ირონიულად უყურებენ… ამ ბრალდებებსაც, მინდა გითხრათ, რომ ირონიულად ვუყურებ რაღაცა დონემდე, მაგრამ თუ ისინი შეეცდებიან ყალბი ფაქტებით ილაპარაკონ ჩემ წინააღმდეგ, ამისათვის არის სასამართლო.”

მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტები აშკარა უმცირესობაში იყვნენ, ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ საკრებულოში მისული ბრეგაძის თანამდებობიდან გადადგომას, რაზეც საკრებულოს უმრავლესობა საკმაოდ აგრესიულად რეაგირებდა. საბოლოო ჯამში, სხდომა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრემიერის ანგარიშის მოწონებით დასრულდა. თუმცა ლეიბორისტები თავისას არ იშლიან და, ბიძინა ბრეგაძის იმპიჩმენტის მოთხოვნით, საკრებულოს წევრთა ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.
XS
SM
MD
LG