Accessibility links

logo-print

საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა იმატა


წელს, 9 თვის განმავლობაში, საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირების 134 შემთხვევა გამოვლინდა. ეს მაშინ, როდესაც გასულ წელს, დროის იმავე მონაკვეთში,

ეს მაჩვენებელი 86-ს შეადგენდა. საერთო ანგარიშით, დღეისათვის საქართველოში 609 დაავადებულია რეგისტრირებული. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შიდსით დაავადებულთა რეალური რიცხვი დაახლოებით 2500 უნდა იყოს. საგანგაშოა თუ არა ხსენებული სტატისტიკა პატარა ქვეყნისთვის და, ძირითადად, რა გზით ვრცელდება საქართველოში ეს ვირუსი?

საქართველოში შიდსით დაავადებულთა რიცხვის შესამჩნევი მატების მიზეზებთან დაკავშირებით მოქალაქეებს განსხვავებული ვარაუდები აქვთ:

(მოქალაქეების ხმა) ”არ ვიცი, რატომ. ალბათ, ნარკომანიაა მეტი და იმიტომ...\ იმიტომ რომ თავს არ იცავს, ალბათ, არავინ და იმიტომ. მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, უფრო ნარკომანიის მხრივ.../ ნარკომანიიდან, ალბათ, უფრო ნაკლებად. ალბათ, უფრო სექსუალური გზით გადადის.” (სტილი დაცულია)

ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის პროფილაქტიკური განყოფილების ექიმის მაია ცინცაძის თქმით, საქართველოში ძირითად რისკ-ჯგუფს ნარკომანები წარმოადგენენ:

(მაია ცინცაძის ხმა) ”საქართველოში ძირითადი გადაცემის გზა არის ნარკოტიკების ინექციური, ინტრავენური მოხმარება. ჩვენთან რეგისტრირებული შემთხვევების 67 პროცენტი სწორედ ამ გზით დაინფიცირდა.” (სტილი დაცულია)

შიდსის ვირუსის გავრცელების გზების ჩამონათვალში 27-პროცენტიანი მაჩვენებლით მეორე ადგილზე დგას ჰეტეროსექსუალური კონტაქტი, ხოლო მესამეზე - ჰომო- და ბისექსუალური კონტაქტი, რომელზეც რეგისტრირებულ შემთხვევათა 3 პროცენტი მოდის.

რაც შეეხება ამ დაავადების სისხლის გადასხმის შედეგად გავრცელებას, მაია ცინცაძის თქმით, მას შემდეგ, რაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნით,საქართველოში ”უსაფრთხო სისხლის” პროგრამა ამოქმედდა, სურათი აბსოლუტურად შეიცვალა:

(მაია ცინცაძის ხმა) ”რაც ეს პროგრამა ამოქმედდა, ყოველ შემთხვევაში, გამოვლენილი შემთხვევა, რასაც მანამდე ჰქონდა ადგილი, აღარ ყოფილა.” (სტილი დაცულია)

ექსპერტი მიიჩნევს, რომ შიდსის შემთხვევები საქართველოში, ძირითადად, ”შემოტანილია”:

(მაია ცინცაძის ხმა) ”ჩვენთან რეგისტრირებული პაციენტები, ძირითადად, ინფიცირებული არიან სხვადასხვა ქვეყნებში, ძირითადად, უკრაინასა და რუსეთში, სადაც გარკვეული რისკ-ქცევები იყო. ჩვენდა საბედნიეროდ, ეს დაავადება, ძირითადად, შემოტანილია და შემდგომ არის მისი ლოკალური გავრცელებაც.” (სტილი დაცულია)

თუმცა აქვე ის ერთ დამაფიქრებელ გარემოებაზეც მოგვითხრობს:

(მაია ცინცაძის ხმა) ”რაც ყველაზე მეტად გვაშფოთებს, ეს არის ის, რომ ვირუსი საზოგადოების ფართო ფენებში გავრცელდა. კერძოდ, მეუღლეები მოდიან აქტიურად - აი, ვისი ქმრებიც არიან ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლები. სამწუხაროდ, აი, ამ კატეგორიაშიც გამოვლინდა შემთხვევები.” (სტილი დაცულია)

მოდით ვნახოთ, როგორია დაავადების გეოგრაფია საქართველოში:

(მაია ცინცაძის ხმა) ”ყველაზე მეტი შემთხვევა, როგორც ეს ეპიდემიისთვის არის დამახასიათებელი, თავმოყრილია დედაქალაქში და ზღვისპირა რეგიონებში. ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ - სამეგრელოში. განსაკუთრებით ზუგდიდი გამოირჩევა, ასე ვთქვათ, და შემდეგ - აჭარა.” (სტილი დაცულია)

შიდსის ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად თბილისში - 264, ხოლო მთელ საქართველოში 609 შემთხვევაა დარეგისტრირებული. თუმცა, ამის მიუხედავად, ექსპერტები ჩვენს ქვეყანაში შექმნილ სურათს საგანგაშოდ არ მიიჩნევენ. საქართველო, მსოფლიო სტატისტიკით, ამ მხრივაც ერთ-ერთ ბოლო ადგილზე დგას.
XS
SM
MD
LG